Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო იწყებს აფრიკაში მშვიდობისდამცველთა შესაძლო დანაშაულების „დეტალურ გამოიძიებას“


საქართველოს ხელისუფლება მიმართავს ყველა ზომას, რათა დადგინდეს, მართლაც იყვნენ თუ არა საქართველოს წარმომადგენლები გაეროს სამშვიდობო ძალების იმ წევრებს შორის, რომლებსაც ბრალად ედებათ ბავშვებზე სექსუალური ძალადობა აფრიკაში სამშვიდობო მისიის შესრულებისას. ეს პირობა დადო საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მას შემდეგ, რაც გავრცელდა გაეროს განცხადება, რომ შესაძლოა ქართველი, ფრანგი და სხვა ქვეყნების წარმომადგენლებიც მიეკუთვნებოდნენ მშვიდობისდამცველებს, რომლებიც ბავშვებზე ძალადობდნენ 2014 წელს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. კაპანაძის თქმით, საქართველოში „ყურადღებით და შეშფოთებით“ გაეცნენ გაეროს ამ განცხადებას: „ჩვენი პოზიციაა, როგორც შეიარაღებული ძალების, ასევე მთავრობის, ასევე თავდაცვის სამინისტროს, რომ მსგავსი ქმედება, ვინც კი არ უნდა ჩაიდინოს ის, არის დასასჯელი და ის პირი - არა აქვს მნიშვნელობა არც მის ქვეყანას, არც მის წარმომავლობას, არც სამხედრო წოდებას - აკეთებს უღირს საქციელს. ჩვენი მიზანია განვახორციელოთ დეტალური გამოძიება“, განაცხადა გენერალ-მაიორმა კაპანაძემ. მანამდე ადამიანის უფლებების საკითხებში გაეროს უმაღლესმა კომისარმა, ზეიდ რაად ალ-ჰუსეინმა განაცხადა, რომ საქმე ეხება „უაღრესად სერიოზულ ბრალდებებს“ და საჭიროა მათი "გულდასმით და სასწრაფოდ" გამოძიება. გაეროს ინფორმაციით, ბრალდებები ეხება დანაშაულებს, მათ შორის გაუპატიურების შემთხვევებს, რომლებიც უმეტესწილად 2014 წელს იქნა ჩადენილი და რომელთა შესახებ ინფორმაციაც ბოლო კვირებში გამოვლინდა.

XS
SM
MD
LG