Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დევნილთა უმთავრესი პრობლემა უმუშევრობაა


წეროვნის დევნილთა დასახლება
წეროვნის დევნილთა დასახლება
20 ივნისს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაეროს) ინიციატივით, ლტოლვილთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატისა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტოს მიერ დაგეგმილი ღონისძიებები საქართველოში, ლტოლვილებთან ერთად, დევნილებსაც ეძღვნებათ. რა პრობლემები აქვთ საქართველოს ტერიტორიაზე იძულებით ადგილნაცვალ პირებს და როგორ აისახა ეს პრომლემები გაეროს გენერალური მდივნის ბან კი მუნის ანგარიშში?

გაეროს გენერალური მდივნის მიერ 22 მაისს გამოქვეყნებული ანგარიში, რომელიც გაეროს გენერალურ ასამბლეას განსახილველად გადაეცა, აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან იძულებით ადგილნაცვალ პირებს შეეხებათ. ძირითადი აქცენტი ანგარიშში დევნილთა დაბრუნების პროცესზე კეთდება. ამ თვალსაზრისით საანგარიშო პერიოდში, ანუ გასული წლის 11 აპრილიდან მიმდინარე წლის 30 მარტამდე, არსებითი ცვლილებები არ მომხდარა. მართალია, ანგარიშში ნათქვამია, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის განმავლობაში იძულებით ადგილნაცვალი 100 ათასი ადამიანი საკუთარ საცხოვრებელ სახლებს დაუბრუნდა, მაგრამ, იმავე ანგარიშის მიხედვით, ადმინისტრაციული საზღვრის სიახლოვეს დაბრუნებული 34 ათასი ადამიანი კვლავ თითქმის დევნილის მდგომარეობაში რჩება და დაცვის საგანგებო ზომებს საჭიროებს. ანგარიშში საუბარია გალის რაიონში დაბრუნებულ დევნილებზეც და ნათქვამია, რომ 45 ათასი დევნილი სტიქიურად დაბრუნდა გალის რაიონში, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება მათ კვლავ დევნილებად მიიჩნევს.

ბან კი მუნის ანგარიშის კომენტირებისას, ზურაბ ბენდიანიშვილი, აღმასრულებელი დირექტორი ორგანიზაციისა ”კოალიცია დევნილთა უფლებებისთვის”, ამბობს, რომ გაეროს გენერალური მდივნის ანგარიში ძალზე პოზიტიურად გამოიყურება, დევნილთა რეალურ ვითარებასთან შედარებით, და მასში ყურადღება ძირითადად დევნილთა დაბრუნების პროცესზეა გამახვილებული:

”რატომღაც დევნილთა დაბრუნების შესახებ საუბრისას მოიხსენია 3-4 დღით დევნილი გორის რაიონის მოსახლეობა და ამით შეიქმნა ის რიცხვი, 100 ათასი, რომელიც ომის შემდეგ დაბრუნდა თავის საცხოვრებელ ადგილას. იგივე გალის რაიონში არანაირი დაბრუნების ტენდენცია არ ჩანს. იქ, პირიქით, ის მოსახლეობა, რომელიც არის, მათგანაც ზოგი მოდის, იმიტომ რომ იქ მკვლელობა, ტერორი და ათასი რაღაც ხდება და არ უმჯობესდება სიტუაცია.”
კი, ბატონო, ავარიული სახლებიდან გამოიყვანეს და შედარებით ნორმალური საცხოვრებელი პირობები შეუქმნეს, მაგრამ ამის შედეგად მათ დაკარგეს სამსახური, ზოგმა მიწის ნაკვეთი, ზოგმა ყოველდღიური შემოსავალი. ზოგი ბაზრობაზე ვაჭრობდა, ზოგს მუდმივი სამსახური ჰქონდა...
ზურაბ ბენდიანიშვილი

ზურაბ ბენდიანიშვილი ქვეყნის ტერიტორიაზე იძულებით ადგილნაცვალ პირთა უმთავრეს პრობლემებს შორის დასაქმებისა და ეკონომიკურ საკითხებს ჩამოთვლის. მისი სიტყვებით, კომპაქტური ჩასახლების ადილებიდან იძულებით გამოსახლებულ დევნილებს ჯერ კიდევ მწვავედ უდგათ ახალი ჩასახლების ადგილებში უმუშევრობის პრობლემა.

”კი, ბატონო, ავარიული სახლებიდან გამოიყვანეს და შედარებით ნორმალური საცხოვრებელი პირობები შეუქმნეს, მაგრამ ამის შედეგად მათ დაკარგეს სამსახური, ზოგმა მიწის ნაკვეთი, ზოგმა ყოველდღიური შემოსავალი. ზოგი ბაზრობაზე ვაჭრობდა, ზოგს მუდმივი სამსახური ჰქონდა. ვთქვათ, ზუგდიდიდან ფოთში გადაიყვანეს და ხალხი სააარსებო რესურსის გარეშე დარჩა. თან მათ არ ჰკითხეს უნდოდათ თუ არა ამის გაკეთება და ასეთი ფაქტები ბევრია”, - ამბობს ზურაბ ბენდიანიშვილი, აღმასრულებელი დირექტორი ორგანიზაციისა ”კოალიცია დევნილთა უფლებებისთვის”.

თავის მხრივ, დასაქმების პრობლემის მოგვარების თვალსაზრისით გადადგმულ ნაბიჯებზე საუბრისას, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტოს დევნილთა საკითხების სოციალური სამმართველოს უფროსი ლევან სიგუა ამბობს, რომ რეგიონებში ჩასახლებული დევნილების დასაქმებაზე სამინისტრო შეძლებისდაგვარად ზრუნავს:

”ჩვენი სამინისტრო და ადგილობრივი სამსახურები მაქსიმალურად ვეხმარებით იმაში, რომ დასაქმდნენ ადამიანები მშენებლობებზე. ასევე გადამზადების კურსებიდან დაწყებული, ყველაფრით, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ეს ადამიანები დასაქმდნენ.”

სახალხო დამცველის ოფისის მართლმსაჯულების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე სოფო ბენაშვილი ამბობს, რომ დევნილთა პრობლემებზე საუბრისას ძნელია გამოკვეთო რომელიმე უფრო მწვავე ან უფრო მსუბუქი თემა. სოფო ბენაშვილის სიტყვით, სახელმწიფომ უნდა შეძლოს დევნილთა დასაქმების საკითხის მოგვარება:
სოფო ბენაშვილი
სოფო ბენაშვილი

”სანამ სახელმწიფოს მხრიდან არ იქნება მიღებული ისეთი ღონისძიებები, რომელიც თვითმყოფადს გახდის თითოეულ დევნილს და მათ მატერიალურად გარკვეულწილად არ ექნებათ იმის საშუალება, რომ დამოუკიდებლები გახდნენ, მანამ ეს პრობლემები ბოლომდე ვერ გადაიჭრება და დევნილი სახელმწიფოზე დამოკიდებული იქნება და სახელმწიფოს მოსთხოვს მატერიალურ დახმარებას.”

საქართველოში 260 ათასზე მეტი ადამიანი დევნილის სტატუსით არის დარეგისტრირებული. ამ დროისთვის 30 ათასი ოჯახი საცხოვრებელი ფართითაა დაკმაყოფილებული. დანარჩენი ოჯახების საცხოვრისით უზრუნელყოფის საკითხი დევნილებთან მიმართებით არსებული სახელმწიფო სტრატეგიის მთავარი ამოცანაა, აცხადებენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG