Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილი: ”საქართველო დარჩება ღია საზოგადოებად”


გაეროს გენერალური ასამბლეის 67-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, 25 სექტემბერს, საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გასულ კვირაში, საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში პატიმართა სასტიკი წამების კადრების გავრცელების შემდეგ, ქვეყანა დემოკრატიის გამოცდის წინაშე დადგა. საქართველოს დემოკრატიული კურსი, ამ კურსის შესაცვლელად გამიზნული შიდა და გარე საფრთხეები, რუსეთი და საპარლამენტო არჩევნები ის ძირითადი საკითხები იყო, რომლებზეც საქართველოს პრეზიდენტმა გაეროს ტრიბუნიდან ისაუბრა.

თავისუფალი საზოგადოება პრობლემების გარეშე არ არსებობს და იგი ადგილია, სადაც ცვლილებები ხშირად ხმაურიანი, მტკივნეული და ქაოტური პროცესებით მიიღწევა - ეს იყო ერთგვარი არგუმენტი, რითაც გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან საქართველოს პრეზიდენტმა ციხის სკანდალზე გაამახვილა ყურადღება. მესიჯი კი, რომელიც, შესაბამისად, მსოფლიოს ლიდერებმა მიხეილ სააკაშვილისგან მოისმინეს, არის ის, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ დემოკრატიული სტანდარტების სრული დაცვით იმოქმედა და პრობლემას სწრაფი რეაგირებით უპასუხა:

” ფაქტები ამაზრზენი იყო, ხოლო ჩვენი პასუხისმგებლობა - ნათელი. ჩვენი რეაქცია იყო სწრაფი და გავაკეთეთ ის, რაც დემოკრატიულ სახელმწიფოს უნდა გაეკეთებინა: გამოვავლინეთ და დავაკავეთ ყველა პასუხისმგებელი პირი, ორი მინისტრი თანამდებობიდან გადადგა და სასჯელაღსრულების სისტემის ხელმძღვანელად ამ სისტემის უმწვავესი კრიტიკოსი, ადამიანის უფლებების დამცველი, საქართველოს ომბუდსმენი დავნიშნეთ. სწორედ ასე სწავლობენ დემოკრატიული სახელმწიფოები.”
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ახლახან განაცხადა, რომ ოკუპირებული ტერიტორიის შიგნით მყოფი რუსული ძალები სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე სამხედრო ძალების ფართომასშტაბიან უკანონო ზრდას ახორციელებენ ...
მიხეილ სააკაშვილი

”მე მოვედი აქ, რათა გითხრათ, რომ საქართველო დარჩება ღია საზოგადოებად”, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა. ქვეყნის დემოკრატიული განვითარების შეუქცევადობის აუცილებლობაზე მსჯელობისას კი ილაპარაკა ისეთ თემებზე, როგორიცაა საშინაო და საგარეო საფრთხეები, საქართველოს დემოკრატიული რეფორმების მნიშვნელობა პოსტსაბჭოთა სივრცეში და სხვა.
”თუ საქართველო გადარჩება და წინ წავა, მთელი პოსტსაბჭოთა სივრცე წავა წინ”, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა და დასძინა, რომ საქართველოს დემოკრატია მხოლოდ იმ შემთხვევაში იზეიმებს, თუ იგი ”ქართულ პროცესად” დარჩება და გარე საფრთხეებიდან დაცული იქნება.

”ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ახლახან განაცხადა, რომ ოკუპირებული ტერიტორიის შიგნით მყოფი რუსული ძალები სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე სამხედრო ძალების ფართომასშტაბიან უკანონო ზრდას ახორციელებენ. ახლა, როდესაც ჩვენ აქ ვსაუბრობთ, მათ თავდასხმითი შეიარაღება და ძალები შემოჰყავთ ჩვენი საზღვრების შიგნით.”

რუსულ სამხედრო საფრთხეზე საუბრისას საქართველოს პრეზიდენტმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე შეკრებილ ლიდერებს მოუწოდა სიფხიზლე და ჩართულობა გამოიჩინონ იმისათვის, რომ დაიცვან საქართველო რუსეთის აგრესიისა და იმ მოვლენების განმეორებისგან, რასაც 1921 წელსა და 2008 წელს ჰქონდა ადგილი. აქვე მან ყურადღება გაამახვილა რუსეთის სამხედრო წვრთნებზე”, „კავკაზ 2012”-ზე, და ამ წვრთნების გამართვაზე მაშინ, როდესაც საქართველოში საპარლამენტო არჩევნებია დანიშნული:

საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა გაეროში
please wait

No media source currently available

0:00 0:02:05 0:00
გადმოწერა

”შეუძლებელია წარმოიდგინო უფრო პროვოკაციული და უპასუხისმგებლო მიდგომა, ვიდრე სამხედრო ძალების მობილიზებაა ნებისმიერი ერის დემოკრატიული ცხოვრების გადამწყვეტ მომენტში”, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა, უშუალოდ 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე საუბრისას კი აღნიშნა, რომ, მიუხედავად სამხედრო მუქარისა და ”ბინძური ფულისა ჩრდილოეთიდან”, საქართველო წარსულში აღარ დაბრუნდება:

” 1 ოქტომბერს, მიუხედავად იმ მნიშვნელოვანი ძალისხმევისა, რომ ძირი გამოუთხარონ დინამიკას, ქართველი ხალხი მიიღებს თავის გადაწყვეტილებას და დარწმუნებული ვარ, რომ ქართული დემოკრატია გაიმარჯვებს და უარს ეტყვის მათ, ვინც ცდილობს, რომ საქართველოს კარები დახუროს.”
საერთაშორისო თანამეგობრობამ ყურადღება არ უნდა მოადუნოს იმაზე, თუ რა ხდება, რა ემუქრება დემოკრატიას, რა ნაბიჯებია გადასადგმელი. ეს ყურადღება არსებობს და კიდევ ერთხელ ფიქსირდება ის ...
დავით დარჩიაშვილი

მიხეილ სააკაშვილმა გაეროს ტრიბუნიდან განაცხადა ისიც, რომ 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ”გადამწყვეტია” და იგი უფრო თავისუფალი და სამართლიანი იქნება, ვიდრე წინა არჩევნები.

გაეროს ტრიბუნა ყველაზე მაღალი დონის გლობალური წარმომადგენლობითი ტრიბუნაა მსოფლიოს მასშტაბით და, შესაბამისად, ამ ტრიბუნაზე გამომსვლელები, პრეზიდენტები საუბრობენ იმაზე, რაც მათ ყველაზე მნიშვნელოვნად მიაჩნიათ თავიანთი ქვეყნებისთვის, - გვითხრა ”ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დავით დარჩიაშვილმა, რომელიც ფიქრობს, რომ საქართველოს პრეზიდენტის აქცენტები ყურადღების გარეშე არ დარჩენილა:

”საქართველოს პრობლემატიკა - მათ შორის, ამ საარჩევნო მარათონის ფონზე - არის მნიშვნელოვანი მთელი რეგიონისთვისაც. შესაბამისად, საერთაშორისო თანამეგობრობამ ყურადღება არ უნდა მოადუნოს იმაზე, თუ რა ხდება, რა ემუქრება დემოკრატიას, რა ნაბიჯებია გადასადგმელი. ეს ყურადღება არსებობს და კიდევ ერთხელ ფიქსირდება ის, რომ ყურადღებას არ შეიძლება რაიმე მოდუნების მსგავსი დაემუქროს“, აღნიშნა დავით დარჩიაშვილმა.

”ქართული ოცნების” საგარეოპოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა თედო ჯაფარიძემ კი გვითხრა, რომ ციხის სკანდალის შემდეგ მიხეილ სააკაშვილს გაეროს ტრიბუნაზე დგომის მორალური უფლება არ ჰქონდა, პოლიტიკურად კი გამოსვლა ასე შეაფასა:

”ეს სიტყვა მიმართული იყო უფრო არა იმ პრობლემების გადასაწყვეტად, რომელზეც საუბრობდა ჩვენი პრეზიდენტი, არამედ ის ეხებოდა თავის პიროვნებას, იმ რთულ სიტუაციას, რომელშიც პრეზიდენტი აღმოჩნდა ამ ცნობილი მოვლენების შემდეგ.”

ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში რამაზ საყვარელიძე კი ფიქრობს, რომ საქართველოში ძალადობის პრობლემა მარტო ციხის სისასტიკით არ ამოიწურება და არც ორი მინისტრის გადადგომით მოგვარდება. შესაბამისად, რამაზ საყვარელიძე აზუსტებს, რომ პრეზიდენტის გამოსვლაში გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე ახალი არაფერი თქმულა და მის მიერ დასმული აქცენტების პროგნოზირება წინასწარვე შეიძლებოდა.
XS
SM
MD
LG