Accessibility links

logo-print

პრეზიდენტის ძირითადი აქცენტები გაეროს ტრიბუნიდან


საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ ორიენტირზე აქცენტითა და რუსეთის მწვავე კრიტიკით გამოირჩეოდა. მიხეილ სააკაშვილმა კრემლის ავი ზრახვების ხაზგასასმელად ერთმანეთს ევროკავშირისა და ევრაზიული კავშირის არსი შეადარა. მან თქვა, რომ საქართველოს არჩევანი ევროკავშირის მაღალი ფასეულობებია და რომ ვლადიმირ პუტინს პოლიტიკაში დიდი დღე აღარ უწერია. როგორ აღიქვეს პრეზიდენტის გამოსვლა საქართველოში?

გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნაზე თავის მორიგ გამოსვლას საქართველოს პრეზიდენტმა უწოდა ხმის ამაღლება ”პესიმიზმისა და უიმედობის” წინააღმდეგ და, როგორც თავად ამბობს, მიმართა მათ, ვისაც ”ეეჭვება, ყოყმანობს და აქვს ცდუნება დანებდეს”.

ძალა, რომელიც ყველას დამორჩილებას ცდილობს, რუსეთია - ”ძველი იმპერია”, რომელიც საბჭოთა კავშირის მეხსიერებით მოქმედებს, ხოლო მომავალში ევრაზიული კავშირის სახით აპირებს დამკვიდრებას და რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობისთვის მუქარისა და ზეწოლის ბერკეტებს იყენებს. საქართველო კვლავაც ოკუპირებულია და რუსი სამხედროები ანექსიას განაგრძობენ, ახალი მთავრობის ახალი მიდგომების მიუხედავად:

”საქართველოს მთავრობის მიერ ბოლო კვირებისა თუ თვეების განმავლობაში გაკეთებული მეგობრული განცხადებების მიუხედავად, რუსული საოკუპაციო ძალები აგრძელებენ წინსვლას, ხალხს ყოფენ მავთულხლართებით, საფრთხეს უქმნიან ჩვენს ეკონომიკას, მიიწევენ ბაქო-სუფსის ნავთობსადენისა და საქართველოს მთავარი გზატკეცილისკენ, რითაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ ჩვენი ქვეყნის მდგრადობას”.

უცნაურია, მაგრამ ბოლო წლებში - და უფრო მეტად ბოლო თვეებში - თბილისში, კიევსა და კიშინიოვში ჩვენ გვესმის საზიზღარი მუსიკა, რაც თავდაპირველად მოსკოვში დაიწერა. გვესმის, რომ ჩვენი ტრადიციები იმსხვრევა დასავლეთის ზეგავლენის გამო; რომ ქრისტიანულ დღესასწაულებს გეიაღლუმები ჩაანაცვლებს, ხოლო ეკლესიებს მულტიკულტურული დისნეილენდები შეცვლის...
მართალია, მიხეილ სააკაშვილი ფიქრობს, რომ რუსეთის იმპერიული გეგმები ჩაიშლება და ვლადიმირ პუტინი „რამდენიმე წელიწადში“ რუსული პოლიტიკიდან გაქრება, მაგრამ თავისი გამოსვლის დროს მან ის არაერთხელ ახსენა როგორც ერთგვარი სიმბოლო საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებულ საერთო ღირებულებებთან ბრძოლისა. უპირველეს ყოვლისა, ეს არის ბრძოლა ევროკავშირის მაღალ ღირებულებებთან და, როგორც მიხეილ სააკაშვილი ამბობს, ევროკავშირს ვლადიმირ პუტინი ევრაზიული კავშირის იდეას უპირისპირებს. თუმცა საქართველო ერთგულია და მუდამ ერთგული უნდა დარჩეს ევროპული ოჯახისა, მიუხედავად იმისა, რომ ამ ოჯახში შესვლა გაცილებით მეტ ძალისხმევას მოითხოვს, ვიდრე კოლონიად ქცევა ევრაზიულ კავშირში.

”ევრაზიული კავშირი წარმოადგენს ჩვენს ახლო წარსულსაც და მომავალსაც, რომელსაც მოსკოვში ჩვენ „კაგებე“-ს ყოფილი ოფიცრები გვიმზადებენ”, ამბობს მიხეილ სააკაშვილი, რომლის აზრითაც, მოლდავეთში, უკრაინასა და საქართველოში მოსკოვი საკუთარი გავლენების მოსაპოვებლად სულ უფრო აქტიურად მუშაობს და რომ ეს, უპირველეს ყოვლისა, საერთაშორისო თანამეგობრობის ავტორიტეტის შელახვას გულისხმობს:

”უცნაურია, მაგრამ ბოლო წლებში - და უფრო მეტად ბოლო თვეებში - თბილისში, კიევსა და კიშინიოვში ჩვენ გვესმის საზიზღარი მუსიკა, რაც თავდაპირველად მოსკოვში დაიწერა. გვესმის, რომ ჩვენი ტრადიციები იმსხვრევა დასავლეთის ზეგავლენის გამო; რომ ქრისტიანულ დღესასწაულებს გეიაღლუმები ჩაანაცვლებს, ხოლო ეკლესიებს მულტიკულტურული დისნეილენდები შეცვლის. ჩვენ გვესმის, რომ ჩვენი მართლმადიდებლური იდენტობა საფრთხეშია. დაბოლოს, ვითომც არაფერი, გვესმის, რომ ჩვენს ყოფილ ბატონებთან გვაერთიანებს საერთო პატივისცემა წესიერებისა და ტრადიციების მიმართ. ნუთუ მართლა ასეთი გულუბრყვილონი ვართ, რომ დავიჯეროთ პუტინისა და სხვათა ეს ტყუილები, როგორც წინა თაობები იჯერებდნენ და... ნება დავრთოთ მათ მიიტაცონ ჩვენი სუვერენიტეტი”.

იგულისხმება საქართველოს პრობლემების, როგორც რეგიონის პრობლემების, აქცენტირება იმ კონტექსტში, რომ რუსეთი საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანად რეგიონს და, შესაბამისად, - მსოფლიო წესრიგს; ზოგადად იმ ფასეულობებს, რის გარშემოც არის გაერო თავის დროზე შექმნილი...
რუსეთის წარმომადგენლებმა სააკაშვილის გამოსვლის გარკვეულ ნაწილს უსმინეს, რის შემდეგაც ისინი გენერალური ასამბლეის სხდომათა დარბაზიდან გავიდნენ. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ანდრო ბარნოვმა უთხრა ჟურნალისტებს, რუსეთის დელეგაციის ეს რეაქცია არა მათი ქვეყნის, არამედ უშუალოდ ვლადიმირ პუტინის ხსენებას მოჰყვა.

საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლამ გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნაზე, შეიძლება ითქვას, ძირითადად კარგი შთაბეჭდილება მოახდინა და, მათ შორის, ხელისუფლების წარმომადგენლებზეც. ცალკეულ კომენტარებში გამოიკვეთა კმაყოფილება, რომ პრეზიდენტმა მსოფლიოს ყურადღება მიმართა ცხინვალის რეგიონში რუსეთის ბოლოდროინდელი საფრთხისშემცველი ქმედებებისკენ.

”რეფორმების ასოციაციის“ თანადამფუძნებლის ელენე ხოშტარიას შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის გამოსვლის ერთ-ერთი მთავარი ღირსება იყო ის, რომ მან საქართველოს პრობლემის განზოგადება მოახდინა:

”იგულისხმება საქართველოს პრობლემების, როგორც რეგიონის პრობლემების, აქცენტირება იმ კონტექსტში, რომ რუსეთი საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანად რეგიონს და, შესაბამისად, - მსოფლიო წესრიგს; ზოგადად იმ ფასეულობებს, რის გარშემოც არის გაერო თავის დროზე შექმნილი, - საერთაშორისო სამართალსა და მშვიდობას. ამის ახსნა მან ძალიან კარგად შეძლო, თუ რა საფრთხეები ემუქრება რეგიონს და საქართველოს, რომელიც იბრძვის დემოკრატიისთვის”.

რუსეთიდან მომავალი საფრთხის შეფასებაში საქართველოს პრეზიდენტს გეოპოლიტიკური კვლევის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი თენგიზ ფხალაძეც ეთანხმება და ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ საფრთხემ განსაკუთრებული სისასტიკით 2007 წლიდან იჩინა თავი და რომ რუსეთი ზეგავლენის გეგმების დახვეწაზე მუშაობას არ წყვეტს:

”სულ რაღაც 2-3 კვირის წინანდელ დოკუმენტზე მაქვს საუბარი, რომელიც გამოქვეყნდა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებსაიტზე, სადაც არის პირდაპირ გაწერილი დავალებები კვლევით ცენტრებზე - ვინ რა უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ მოხდეს ზეგავლენების მექანიზმების აღდგენა პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე. და უპირველესი ამოცანა - ეს არის სწორედ რუსული სამყაროს იდეის განვითარება, ეს არის ევრაზიულობის იდეების განვითარება და ამისათვის გამოიყენება არაერთი ინსტრუმენტი და ამისთვის, სამწუხაროდ, გამოიყენება რუსული მართლმადიდებლური ეკლესიაც”.

არაერთი საინტერესო აქცენტების გარდა, მიხეილ სააკაშვილის გამოსვლის შინაარსის მნიშვნელოვან დადებით თავისებურებად თენგიზ ფხალაძე მიიჩნევს იმას, რომ დრო არ დაიხარჯა შიდაპოლიტიკური კინკლაობების აფიშირებაზე, რაც იშვიათი არ იყო ბოლო პერიოდში.
XS
SM
MD
LG