Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს დამკვირვებლები სირიაში რჩებიან


ჰომსი, სირია
ჰომსი, სირია
სირიაში განთავსებული გაეროს სადამკვირვებლო მისია აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით რთულ პირობებში უწევს მუშაობა - თუმცა დამკვირვებლები ქვეყნის დატოვებას არ აპირებენ.

გენერალ-მაიორ რობერტ მუდის თქმით, მისიის გაუქმებაზე ლაპარაკი ჯერჯერობით ნაადრევია. ჩვენ არსად წასვლას არ ვაპირებთო, განაცხადა მან.

„ძალადობა - მათ შორის საარტილერიო - და მცირე კალიბრის იარაღიდან ცეცხლი, ისევე როგორც სხვა ინციდენტები ძალიან გვიახლოვდება და ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში რამდენჯერმე ვიქეცით სამიზნედ. გაეროს დამკვირვებლების წინააღმდეგ თავისთავად ამ ძალადობამ და ასევე იმ ფაქტორმა, რომ ამან ჩემი მისიის მანდატით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულება ძალიან გაართულა, რამდენიმე დღის წინ მიმაღებინა გადაწყვეტილება მისიის მოქმედების შეწყვეტის თაობაზე. ეს გადაწყვეტილება ეფუძნებოდა ჩემ მიერ საფრთხის შეფასებას და ფაქტს, რომ ამ საფრთხემ მანდატით დაკისრებული მოვალეობის შესრულება ძალიან გაგვირთულა“, – ამბობს რობერტ მუდი.

რობერტ მუდი ამ საჯარო განცხადებით გამოვიდა გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებთან დახურულ კარს მიღმა გამართული შეხვედრის შემდეგ, რომელზეც მათ სირიაში არსებული ვითარების შესახებ მოუთხრო.

მუდის სიტყვებამდე რამდენიმე დღით ადრე გაერომ განაცხადა, რომ სირიაში მყოფი მისი 300 დამკვირვებელი მისიას წყვეტს, რადგან ქვეყანაში შეტაკებებმა ინტენსიფიკაცია განიცადა, რაც დამკვირვებლების უსაფრთხოებასაც სირთულეებს უქმნისო.

გაეროს მისიის მიზანი სირიაში იმ საზავო ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე დაკვირვებაა, რომელიც გათვალისწინებულია საერთაშორისო შუამავლის, კოფი ანანის მიერ შემუშავებულ ექვსპუნქტიან სამშვიდობო გეგმაში.

გაეროს სამშვიდობო ძალების ხელმძღვანელი ჰერვ ლადსუსი ჟურნალისტებს ამ გეგმის შესრულების აუცილებლობაზე ელაპარაკა:

„ბევრი დიპლომატიური ინიციატივა მუშაობს. კონტაქტები შენარჩუნებულია და, იმედია, რაღაც ფორმით ექვსპუნქტიანი გეგმის შესრულების პროცესში პროგრესისთვის პირობებიც გაჩნდება. კიდევ ერთხელ უნდა ითქვას, რომ ეს გეგმა ერთადერთია - სხვა არანაირი გეგმა არ არსებობს. ამდენად, კოფი ანანის ექვსპუნქტიანი გეგმა რჩება ათვლის წერტილად - ამ დრამატული კრიზისის გადაჭრის ჩარჩოდ“.

გაეროში სირიის ელჩი ბაშარ ჯა’აფარი აცხადებს, რომ მისი ქვეყნის მთავრობა დაინტერესებულია გაეროს მისიასთან თანამშრობლობით:

„ჩემი მთავრობის სახელით კიდევ ერთხელ ვაცხადებ - სირია მხოლოდ იმ რამდენიმე ასეულ სამოქალაქო პირზე არ ზრუნავს, რომლებიც ჰომსში, მეამბოხეთა ზოგიერთ ბასტიონში არიან მომწყვდეული. სირიის მთავრობა ერთგულია ვალდებულებისა დაიცვას 23 მილიონი სირიელი მოქალაქის უფლებები“.

მექსიკაში „დიდი ოცეულის“ სამიტის დასრულების შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ჟურნალისტებს უთხრა, რუსეთს და ჩინეთს ესმით სირიაში სამოქალაქო ომით შექმნილი საფრთხეები, მაგრამ ჯერ მზად არ არიან დაეთანხმონ გეგმას, რომელიც პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლებიდან წასვლას გაითვალისწინებსო.

ოპოზიციური ჯგუფების თანახმად, მას შემდეგ, რაც 2011 წლის მარტში სირიაში ანტისამთავრობო ამბოხება დაიწყო, ქვეყანაში 14 000-ზე მეტი ადამიანი იქნა მოკლული.
XS
SM
MD
LG