Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს ექსპერტები სირიაში თავდასხმას გადაურჩნენ


სირიაში ცეცხლი გაუხსნეს ავტომანქანას, რომელშიც გაეროს ექსპერტები იმყოფებოდნენ. ისინი ქიმიური იარაღით განხორციელებული სავარაუდო თავდასხმის ადგილის შესამოწმებლად მიდიოდნენ.

გაეროს განცხადებით, სირიაში დაუდგენელმა სნაიპერებმა გაეროს ავტომანქანას დამიზნებით რამდენჯერმე ესროლეს. ცნობების თანახმად, არავინ დაშავებულა. გაეროს პრესმდივანს არ დაუკონკრეტებია, სად მოხდა ინციდენტი. სროლა დაიწყო, როცა გაეროს ექსპერტები მიეშურებოდნენ დამასკის გარეუბნისაკენ, სადაც ოთხშაბათს, 21 აგვისტოს, სავარაუდოდ, ქიმიური იარაღი იქნა გამოყენებული და ასობით ადამიანი დაიღუპა. შეერთებული შტატებისა და მისი ზოგი დასავლელი მოკავშირის შეფასებით, თითქმის არ რჩება ეჭვი, რომ სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ჯარებმა ქიმიური იარაღი გამოიყენეს, თუმცა თვით პრეზიდენტი ალ-ასადი ბრალდებებს „უაზრობას“ უწოდებს.

გაეროს ექსპერტებმა ორშაბათს სროლის შედეგად მათი ავტომანქანის დაზიანების შემდეგ სხვა მანქანით გააგრძელეს გზა და ჩავიდნენ დამასკის გარეუბანში, სადაც, ბრალდების მიხედვით, ქიმიური იარაღი იქნა გამოყენებული. საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ექსპერტები შეხვდნენ 21 აგვისტოს თავდასხმის შედეგად დაზარალებულებს, შეხვდნენ აგრეთვე ადგილობრივ ექიმებს, აიღეს სინჯები.

ამასობაში, რუსეთმა შეერთებული შტატები გააფრთხილა, რომ „უკიდურესად სახიფათო შედეგები“ მოჰყვებოდა სირიის პრეზიდენტის რეჟიმის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყებას. რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, ამ უწყების ხელმძღვანელი სერგეი ლავროვი კვირას ტელეფონით ესაუბრა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს ჯონ კერის და გამოთქვა მოსკოვის „ღრმა შეშფოთება“ იმ მინიშნებებით, რომლებსაც ამერიკელი ოფიციალური პირები აკეთებენ სირიაში ინტერვენციისათვის მზადყოფნის შესახებ. მოსკოვი გამოთქვამს ვარაუდს, რომ ქიმიური იარაღის გამოყენების ბრალდება, შესაძლოა, სირიელი მეამბოხეების მხრიდან „პროვოკაცია“ ყოფილიყო.

გაეროს უშიშროების საბჭოში არიან ქვეყნები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან სამხედრო ოპერაციას. ჩინეთი და რუსეთი ამას ბლოკავენ და, სავარაუდოდ, დაბლოკავენ. ამდენად, ეს პრობლემა იქნებოდა...
ლორან ფაბიუსი
ასეა თუ ისე, შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა ჩაკ ჰეიგელმა ორშაბათს, ინდონეზიაში ვიზიტისას, აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები სირიაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საპასუხო ზომების „ყველა შესაძლო ვარიანტს“ განიხილავს. ამასთან, შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი, მისივე თქმით, არ აპირებს შეფასებების გამოთქმას, სანამ შეერთებულ შტატებს არ ექნება ინფორმაცია ყველა ფაქტზე და დანამდვილებით არ ეცოდინება, რა მოხდა სირიაში.

სირიაში ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენებას გამოეხმაურა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლორან ფაბიუსიც. მან განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნები ამ დღეებში მიიღებენ გადაწყვეტილებას მოსალოდნელ საპასუხო ზომაზე. ფაბიუსის აზრით, რომელიც მან ორშაბათს საფრანგეთის რადიოსთან ინტერვიუში გამოთქვა, ეს უნდა იყოს „პროპორციული რეაქცია“ ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენებაზე, თუმცა ფრანგი მინისტრი აღიარებს, რომ სამხედრო ზომის მიღებას გაეროს უშიშროების საბჭოში შექმნილი ვითარება გაართულებს:

„ეს არის კიდევ ერთი ძალიან რთული პრობლემა. საერთაშორისო სამართალი გაეროს მიერ არის განსაზღვრული, მაგრამ, ამავე დროს, - ამაზე თქვენ ადრე საუბრობდით, - გაეროს უშიშროების საბჭოში არიან ქვეყნები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან სამხედრო ოპერაციას. ჩინეთი და რუსეთი ამას ბლოკავენ და, სავარაუდოდ, დაბლოკავენ. ამდენად, ეს პრობლემა იქნებოდა“.

საფრანგეთში დაფუძნებული ჰუმანიტარული ორგანიზაციის „ექიმები უსაზღვრებოდ“ მონაცემებით, 21 აგვისტოს თავდასხმამ 300-ზე მეტი ადამიანი შეიწირა.

გაეროს გენერალური მდივნის ბან კი-მუნის რწმენით, ყველა მხარემ უნდა შეუწყოს ხელი გაეროს ექსპერტებს მომხდარის შესახებ სიმართლის დადგენაში.

„მათი წარმატება ყველას ინტერესებში შედის - სირიაში ყველა მხარისა და ყველა დაინტერესებული სახელმწიფოს ინტერესებში. ის შეამოწმებს ბოლოდროინდელ ბრალდებებს დამასკის რეგიონზე და მის წარმატებას შესაძლოა ჰქონდეს შემაკავებელი ეფექტი არ იქნეს გამოყენებული მომავალში ქიმიური იარაღი სირიაში ან სხვაგან“, - განაცხადა ბან კი-მუნმა ორშაბათს სეულში გამართულ პრესკონფერენციაზე.
XS
SM
MD
LG