Accessibility links

logo-print

ბან კი-მუნი: სირიაში გაეროს ექსპერტებს მეტი დრო სჭირდებათ


გაეროს გენერალური მდივნის ბან კი-მუნის განცხადებით, გაეროს ექსპერტებს, რომლებიც სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების ბრალდებას იძიებენ, მეტი დრო უნდა მიეცეთ თავიანთი საქმის გასაკეთებლად. ბან კი-მუნის ეს, ჰააგაში ვიზიტისას გაკეთებული, განცხადება მოჰყვა გაეროს ექსპერტების ჩასვლას დამასკის გარეუბანში, სადაც, ოპოზიციონერი აქტივისტები როგორც ირწმუნებიან, 21 აგვისტოს ასობით ადამიანი დაიღუპა მომწამვლელი ნივთიერების გამოყენების შედეგად.

ოთხშაბათს გაეროს ექსპერტებმა დამასკთან მდებარე მეორე რაიონიც მოინახულეს ქიმიური იარაღის ხმარების ბრალდებასთან დაკავშირებით ინფორმაციის შესაგროვებლად. ბან კი-მუნის თქმით, ექსპერტებს ოთხი დღე სჭირდებათ გამოძიების ჩასატარებლად.

„ქიმიური იარაღის გამოყენება ნებისმიერი ადამიანის მიერ, ნებისმიერი მიზეზით და ნებისმიერ გარემოებაში საერთაშორისო სამართლის საშინელი დარღვევა იქნებოდა. უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს ფაქტების დადგენას. ჩვენი, გაეროს გამომძიებელთა გუნდი ამჟამად ადგილზე იმყოფება სწორედ ამის გასაკეთებლად“, - განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა.

თუმცა, შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენის თქმით, ეჭვი არ არის, რომ სირიის მთავრობამ ქიმიური იარაღი გამოიყენა და ამის გამო პასუხი უნდა აგოს. „პრეზიდენტ ობამას დავალებით, ჩვენ, ყველას, და მისი „ეროვნული უშიშროების“ გუნდს მჭიდრო კონტაქტი გვაქვს ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან. პრეზიდენტს სჯერა და მეც მჯერა, რომ ვინც ქიმიურ იარაღს იყენებს დაუცველი ადამიანების, ქალებისა და ბავშვების წინააღმდეგ, პასუხი უნდა აგოს“, - განაცხადა სამშაბათს შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა.

სამშაბათსვე გავრცელდა საფრანგეთის პრეზიდენტის, ფრანსუა ოლანდის განცხადება, რომ მისი ქვეყანა „მზად არის დასაჯოს“ ისინი, ვინც, სავარაუდოდ, ქიმიური იარაღი გამოიყენა სირიელი მოქალაქების წინააღმდეგ. ოთხშაბათს კი ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა თქვა, რომ დაუშვებელია, უპასუხოდ დარჩეს სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენება, თუ ეს მართლაც მოხდა.

სირიის პრეზიდენტ ბაშარ-ალ ასადის მთავრობა კატეგორიულად უარყოფს ქიმიური იარაღის ხმარების ბრალდებას. დამასკის პოზიციას იცავს მისი მოკავშირე ირანი - ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი ვარაუდობს, რომ სირიაში სამხედრო ინტერვენციას „მთელი რეგიონისათვის კატასტროფა“ მოჰყვებოდა. ინტერვენციას დაუშვებლად მიიჩნევს რუსეთიც. მისი ოფიციალური წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სირიის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია ამ ქვეყნისა და მთელი ახლო აღმოსავლეთის დესტაბილიზაციას გამოიწვევდა.

სირიის საკითხში გაეროს საგანგებო წარმომადგენელი, ალჟირელი დიპლომატი ლახდარ ბრაჰიმი გამოთქვამს რწმენას, რომ სირიაში სამხედრო ინტერვენცია მხოლოდ გაეროს მხარდაჭერის შემთხვევაში უნდა მოხდეს: „ვფიქრობ, საერთაშორისო სამართალი ამ საკითხში სრულიად მკაფიოა. საერთაშორისო სამართლით, სამხედრო ზომას გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ უნდა მიმართონ. ამას ამბობს საერთაშორისო სამართალი“.

თუმცა მკვეთრი სხვაობა, რომელიც სირიაში კრიზისის მიმართ გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრების - მათ შორის, რუსეთისა და შეერთებული შტატების - პოზიციებს შორის ჩანს, ძალიან საეჭვოს ხდის სირიის საკითხზე ერთსულოვნების მიღწევას.
XS
SM
MD
LG