Accessibility links

logo-print

გაეროს ტრიბუნალმა სერბიის დაზვერვის ყოფილი უფროსი და მისი მოადგილე გაამართლა


სერბიის დაზვერვის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის მოადგილე ფრანკო სიმატოვიჩი (მარცხნივ) და დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი იოვიცა სტანისიჩი ჰააგის ტრიბუნალის წინაშე

სერბიის დაზვერვის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის მოადგილე ფრანკო სიმატოვიჩი (მარცხნივ) და დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი იოვიცა სტანისიჩი ჰააგის ტრიბუნალის წინაშე

გაეროს ომის დანაშაულებების ტრიბუნალმა გაამართლა სერბიის დაზვერვის ყოფილი უფროსი იოვიცა სტანიშიჩი და მისი მოადგილე. ორივე მათგანს ბრალი ედებოდა 1990-იან წლებში სამხედრო დანაშაულებების ჩადენაში ბოსნიასა და ხორვატიაში.

მოსამართლე ალფონს ორიმ ხუთშაბათს სტანიშიჩის და მისი მოადგილის, ფრანკო სიმატოვიჩის დაუყოვნებლივ გათავისუფლების ბრძანება გასცა.

მისი განცხადებით, ბრალდების მხარემ ვერ დაამტკიცა, რომ ამ ორმა ადამიანმა, რომლებიც სერბიის ყოფილი პრეზიდენტის, სლობოდან მილოშევიჩის მოკავშირეები იყვნენ, “დაგეგმეს ან ბრძანება გასცეს” საბრალდებო დასკვნაში მოყვანილ დანაშაულებებზე.

მათ ბრალი ედებოდათ ბოსნიასა და ხორვატიაში მოქმედი სერბიის გასამხედროებული დაჯგუფებების ორგანიზებაში, დაფინანსებასა და მომარაგებაში.

ამ დაჯგუფებებმა მონაწილეობა მიიღეს ბოსნიასა და ხორვატიაში არასერბული მოსახლეობის დეპორტაციასა და მკვლელობაში. 1991 წელს იუგოსლავიის დაშლის შემდეგ დაწყებული ბალკანური ომების დროს მათი მიზანი იყო სერბების სახელმწიფოს შექმნა ბოსნიისა და ხორვატიის ტერიტორიაზე.

პროკურორები სერბიის დაზვერვის ყოფილი უფროსისა და მისი მოადგილისათვის სამუდამო პატიმრობის შეფარდებას ითხოვდნენ. ჰააგაში ორივე მათგანის ექსტრადაცია 2003 წელს მოხდა.

სერბიის პრემიერ-მინისტრი ივიცა დაჩიჩი მიესალმა სასამართლოს გადაწყვეტილებას.

დაჩიჩმა განაცხადა, რომ სერბიის მთავრობა ყოველთვის მოითხოვდა სამართლიან სასამართლოს ყველა ეჭმიტანილისთვის. მისი აზრით, ესაა ერთადერთი გზა “სიმართლის დასადგენად, შერიგებისთვის და რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.”

”ბოსნიის კვლევისა და დოკუმენტაციის ცენტრის” უფროსმა მირსად ტოკაჩამ სასამართლოს გადაწყვეტილებას აბსურდული უწოდა:

“ეს სრული აბსურდია. როდესაც სასამართლოს განმარტებას უსმენ, აშკარაა, რომ საუბარია ადამიანებზე, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართული ომისთვის მომზადებაში და პასუხს აგებდნენ საბრძოლო შენაერთებზე, განსაკუთრებით სანიცაში, დობოიში, ვუკოვართან და სხვა ადგილებში. დაუჯერებელია, რომ ეს არ ფასდება, როგორც კრიმინალური საქმიანობა. იმედი მაქვს, რომ სააპელაციო სასამართლო ამას შეცვლის.”

ასევე კრიტიკულადაა განწყობილი სერბიაში ჰელსინკის კომიტეტის ხელმძღვანელი სონია ბისერკო:

“განაჩენი მოულოდნელი იყო მათთვის, ვინც ამდენი გაჭირვება გამოიარა ხორვატიასა და განსაკუთრებით ბოსნიაში. უცნაურია, რომ ჰააგის ტრიბუნალის სტრატეგიაა მაღალი რანგის ეჭმიტანილების გამართლება. თითქოს ბოსნიელებმა თვითონ მოაწყვეს ომი და სერბეთი ამაში არ მონაწილეობდა. სწორედ ამას ამბობენ სერბებიც, მიუხედავად იმისა, რომ იქ 400 000 ომის ვეტერანი ცხოვრობს, ვისზეც არავინ ზრუნავს.”

ხუთშაბათის ვერდიქტი მოსდევს სამი თვის წინანდელ გამამართლებელ განაჩენს, რომელიც გაეროს სააპელაციო ტრიბუნალმა გამოუტანა იოგუსლოავიის ეროვნული არმიის გაერთიანებული შტაბის უფროსს, მომჩილო პერიშიჩს. მას ბრალად ედებოდა ბოსნიაში აჯანყებული სერბების დახმარება და სამხედრო დანაშაულებში ხელშეწყობა.

მოამზადა ლუკა კალანდარიშვილმა
XS
SM
MD
LG