Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო უკრაინაში მდგომარეობის გაუარესებაზე საუბრობს


უკრაინა - დონეცკში პრო-რუსული სეპარატისტების საკონტროლო-გამშვები პუნქტი
უკრაინა - დონეცკში პრო-რუსული სეპარატისტების საკონტროლო-გამშვები პუნქტი

უკრაინაზე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ყოველთვიურ რიგით მეშვიდე ანგარიშში ნათქვამია, რომ უკრაინაში მდგომარეობა გაუარესდა. ანგარიშის თანახმად, აპრილის შუა რიცხვებიდან 18 ნოემბრამდე დაიღუპა 4300-ზე მეტი და დაშავდა 9900-ზე მეტი ადამიანი.

გაეროს ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც სექტემბრის დასაწყისში მთავრობასა და მეამბოხეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაიდო, დღეში საშუალოდ 13 ადამიანი იღუპება. ეს იმის ნიშანია, რომ მსხვერპლის რაოდენობა, რომელიც უკანასკნელი თვეების განმავლობაში იკლებდა, სექტემბრის შემდეგ კვლავ მატულობს.

გაეროს დამკვირვებლები ასევე ამბობენ, რომ რადიკალურად მოიმატა იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობამაც. დღეს მათი რიცხვი 467 ათასს აღემატება. ამ ადამიანებს შორის 19 ათასი ყირიმიდანაა დევნილი. დაახლოებით ნახევარი მილიონი ადამიანი უკრაინიდან რუსეთში გადავიდა.

გაეროს ადამიანის უფლებების სამსახურის ევროპის, ცენტრალური აზიისა და ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის განყოფილების უფროსი ჯიანი მაგაზენი ამბობს, რომ თვითგამოცხადებული ლუგანსკისა და დონეცკის რაიონებში პარალელური სამთავრობო სტრუქტურები ჩამოყალიბდა.

მისი თქმით, ამ რეგიონებში კანონის უზენაესობის მექანიზმები მთლიანად მოშლილია. ის ასევე აცხადებს, რომ დახვეწილი სამხედრო ტექნოლოგიებისა და უცხოელი მებრძოლების რეგიონში შედინება ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებულ მდგომარეობას კიდევ უფრო აუარესებს.

„ჩვენ ასევე დავაფიქსირეთ წამების, უსამართლო დაკავებების, სიკვდილით დასჯის, იძულებითი მუშაობის და გაუპატიურების ფაქტების უფრო მეტი შემთხვევა, მათ შორის, დაკავებული ადამიანების საშინელი ისტორიები.“

მაგაზენი ამბობს, რომ გაეროს დამკვირვებლებს აქვთ ინფორმაცია როგორც ურბანულ, ასევე სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიებზე კასეტური ბომბების გამოყენების შესახებ. გაეროს წარმომადგენელი ამ შემთხვევების დაუყოვნებელ და დეტალურ გამოძიებას ითხოვს.

„თუ დადასტურდა ფაქტი, რომ გამოყენებული იქნა კასეტური ბომბები, ეს შეიძლება ომის დანაშაულად ჩაითვალოს.“

ანგარიში ასევე საუბრობს უკრაინის უსაფრთხოების ძალების მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევებზე. თუმცა აცხადებს, რომ ეს დარღვევები ისეთი მძიმე არ არის, როგორიც აღმოსავლეთ უკრაინაში მეამბოხეების მიერ ჩადენილი დანაშაულები.

გაეროს დამკვირვებლები აცხადებენ, რომ ყირიმში მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა მას შემდეგ, რაც მარტში რუსეთმა ნახევარკუნძულის ანექსია მოახდინა. განსაკუთრებით იზღუდება ყირიმელი თათრების უფლებები.

ანგარიშში დაფიქსირებულია ადამიანების გაუჩინარებისა და სიკვდილის შემთხვევები, რომლებსაც სამართალდამცავი ორგანოები არ იძიებს. გაერო ასევე ადანაშაულებს ყირიმის, ეგრეთ წოდებულ, მთავრობას ადამიანების სახლებსა და სხვა ნაგებობებში უკანონო ჩხრეკის წარმოებაში, რომლის დროსაც ისინი იარაღისა და რელიგიური ლიტერატურის მოსახლეობიდან ამოღებას ცდილობენ.

XS
SM
MD
LG