Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირია არაბთა ლიგის გეგმაზე უარს ამბობს


არაბთა ლიგის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა კაიროში
არაბთა ლიგის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა კაიროში
არაბთა ლიგის სამშვიდობო გეგმა, რომელიც სირიას ეხება და ამ ქვეყნის პრეზიდენტის მიერ მისი მოადგილისთვის ძალაუფლების გადაცემას გულისხმობს, დამასკმა არ მიიღო. კაიროში 22 იანვარს გამართულ შეხვედრაზე არაბთა ლიგის საგარეო საქმეთა მინისტრებმა სირიას მოუწოდეს ორი თვის განმავლობაში შექმნას ახალი მთავრობა, რომელშიც ოპოზიციის წარმომადგენლები შევლენ.

„სახელმწიფო სუვერენიტეტზე თავდასხმა და ქვეყნის საშინაო საქმეებში უხეში ჩარევა“ უწოდა გეგმას სირიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, რომლის ვინაობა სახელმწიფო ტელევიზიამ არ გაამხილა. უფრო ადრე კატარის საგარეო საქმეთა მინისტრმა შეიხ ჰამად ბინ იასიმ ალ-ტანიმ განმარტა სირიისთვის შექმნილი გეგმის არსი:

„მას მერე, რაც არაბთა ლიგაში ჩვენს არაბ ძმებთან ერთად ვითათბირეთ, შევათანხმეთ არაბული წინადადებების გეგმა. მისი უმთავრესი საკითხები შემდეგია: ჩამოყალიბდეს ეროვნული ერთიანობის მთავრობა, გადაეცეს ძალაუფლება ვიცე-პრეზიდენტს, დადგინდეს ვადამდელი არჩევნების თარიღი, შეიქმნას დამფუძნებელი ასამბლეა ახალი კონსტიტუციის პროექტის შემუშავების მიზნით, განისაზღვროს ამ ნაბიჯების ვადები.“

არაბთა ლიგამ, რომელშიც 22 სახელმწიფოა გაერთიანებული, განაცხადა, რომ ის ამ დოკუმენტს გაეროს უშიშროების საბჭოს წარუდგენს.

სირიის უდიდესი ოპოზიციური ჯგუფი - სირიის ეროვნული საბჭო - თვლის, რომ ყოველგვარ ცვლილებას სირიაში წინ უნდა უძღოდეს პრეზიდენტ ალ-ასადის ხელისუფლებიდან წასვლის შესახებ გამოცხადება. ასევე ოპოზიციურმა გაერთიანებამ, ადგილობრივმა საკოორდინაციო კომიტეტმა, რომელიც ანტისამთავრობო გამოსვლებს უწევს ორგანიზებას, გამოაცხადა, რომ ლიგის მიერ შემუშავებული გეგმა შეუძლებელია განხორციელდეს, რადგან ამ ზომების გატარების მექანიზმს არ შეიცავს. მისი აზრით, ეს ინიციატივა მთავრობას მხოლოდ მეტ დროს მისცემს გააგრძელოს ოპოზიციური მოძრაობის ჩახშობა.

ბრიუსელში ორშაბათს გამოაცხადეს, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები მხარს უჭერენ არაბული ლიგის გეგმას სირიის საკითხებში და, ასევე, გააფართოვეს სანქციები ალ-ასადის მთავრობის მიმართ - შავ სიას 22 ოფიციალური პირის გვარი და რვა კომპანიის დასახელება დაუმატეს.

სირიაზე საერთაშორისო თანამეგობრობის ზეწოლა იზრდება, მაგრამ უდიდეს ქვეყნებს შორის არ არის ერთსულოვნება იმაზე, თუ რა ზომებს მიმართონ. გაეროში, უშიშიშროების საბჭოში, რეზოლუცია ვერ გავიდა, რადგან მას ვეტო დაადეს რუსეთმა და ჩინეთმა, ორმა მუდმივმა წევრმა. შეგახსენებთ, გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრი ჰყავს. ესენია: აშშ, ბრიტანეთი, რუსეთი, საფრანგეთი და ჩინეთი. მათ, განსაკუთრებული უფლებამოსილების გამო, ვეტოს უფლების მქონე წევრებასაც უწოდებენ. რუსეთი, გარდა იმისა, რომ არ ემხრობა მკაცრ ხაზს დამასკის მიმართ, განაგრძობს მისთვის იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის მიყიდვას - ყოველ შემთხვევაში, ამას იუწყება გაზეთი „კომერსანტი“, რომელიც გვამცნობს, რომ მოსკოვმა ხელი მოაწერა სირიისთვის 550 მილიონი დოლარის ღირებულების 130 საბრძოლო თვითმფრინავისა და „იაკ 130“-ის მიყიდვის თაობაზე შეთანხმებას. „როსობორონექსპორტის“ წარმომადგენელმა ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

არაბულ ლიგას რაც შეეხება, მან თავისი სამეთვალყურეო მისიის მანდატი კიდევ ერთი თვით გაახანგრძლივა. მეთვალყურეთა ჯგუფში 165 წევრია. მათი მოქმედება დღემდე გაკრიტიკებული იყო იმის გამო, რომ თავი ვერ გაართვა ამოცანას: მისი სირიაში ყოფნისას ძალადობა გრძელდებოდა, დაიხოცა ასობით ადამიანი. გაეროს მონაცემებით, მარტის შემდეგ სირიაში ორივე დაპირისპირებულ მხარეს - დემონსტრანტებს, მათკენ გადასულ სამხედროებსა და ასევე უშიშროების ძალებს შორის - დახოცილთა რიცხვი სულ ხუთი ათასია. სირიის მთავრობა აცხადებს, რომ „ტერორისტებს“ და „შეიარაღებულ“ ბანდებს ებრძვის.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG