Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსახლეობის 70% ეკონომიკურად და სოციალურად მოწყვლადია


22 მარტს სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) 2012 წელს ჩატარებული კვლევის შედეგები წარმოადგინა, რომელიც საქართველოში სოციალურად და ეკონომიკურად მოწყვლადი მოსახლეობის მდგომარეობას ასახავს. გამოკვლევაში ვკითხულობთ, რომ სხვადასხვა სახის მოწყვლადობა საქართველოს მოსახლეობის 70%-ს ეხება, რაც, ანგარიშის ავტორების რეკომენდაციით, სოციალურად ორიენტირებული პოლიტიკის ფორმირებას მოითხოვს.


UNDP-ის მიერ მომზადებული გამოკვლევა საქართველოში მცხოვრები 4000-ზე მეტი ოჯახის და შინა მეურნეობის მდგომარეობას ასახავს. მოწყვლადი მოსახლეობის ჯგუფებს შორის კი არიან ეკონომიკურად დაუცველი მოსახლეობა, დევნილები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და მაღალთმიან რეგიონებში მცხოვრები ოჯახები. გამოკვლევის შესავალში პირველივე წინადადება გვამცნობს, რომ საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი სიღარიბეში ცხოვრობს. მათგან უკიდურესი სიღარიბის ზღვარზე 10%-ია, ხოლო სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობა - 45%. 4,5 მილიონიანი მოსახლეობიდან, ბოლო მონაცემებით, 258 595 იძულებით გადაადგილებული, ხოლო 129 599 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია. როგორც გაეროს განვითარების პროგრამის დემოკრატიული მმართველობის მიმართულების ხელმძღვანელი ნათია ნაცვლიშვილი გვეუბნება, საქართველოს მოსახლეობის 70% მოწყვლადია გარკვეული კატეგორიების მიხედვით:

“ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს 70% შეჭირვებულია ან ღატაკია დღეს, მაგრამ თუ ისინი აღმოჩნდებიან შოკურ მდგომარეობაში ან გაჭირვებაში ჩავარდებიან, შესაძლებელია, რომ ამ 70%-ს გაუჭირდეს ამ შოკთან გამკლავება”.

ამ ადამიანების ფინანსური, ფიზიკური, ადამიანური და სოციალური რესურსების მიმართ მოწყვლადობის მაჩვენებლები, გამოკვლევის მიხედვით, არც ისე ოპტიმისტურ სურათს ხატავს. გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელი საქართველოში ჯეიმი მაკგოლდრიკი ამბობს, რომ სხვადასხვა ჯგუფს სხვადასხვა პრობლემა აწუხებს:

”იძულებით გადაადგილებულ პირთა 60%-ზე მეტს არა აქვს პირადი ქონება, მთიან რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის 70%-ზე მეტი არ არის უზღუნველყოფილი წყლის რესურსით და სანიტარული პირობებით და ზოგადად ქვეყნის მოსალეობის 21 % დგას მრავალგანზომილებიანი რესურსების ნაკლებობის წინაშე. და ეს საკმაოდ დიდი რიცხვებია”.

უნდა გამოვყოთ კიდევ რამდენიმე ყურადსაღები მონაცემი, რომელიც გამოკვლევაში მოხვდა. მაგალითად, ანგარიშში ვკითხულობთ, რომ საშუალოდ მოსახლეობის 36% ისეთ ოჯახში ცხოვრობს, რომლის საშუალო მოხმარება საარსებო მინიმუმზე დაბალია, 61%-ს არა აქვს თვის ბოლოს დანაზოგის გაკეთების შესაძლებლობა, 22%-ს კი ბანკის ან კერძო პირის ვალი აქვს. ეს მაჩვენებელი განსაკუთრებით კრიტიკულია სოფლებში,სადაც ადამიანებს არა აქვთ სტაბილური ხელფასი. საშუალოდ, საქართველოს მოსახლეობის 40%-ს არა აქვს მიწა, 49%-ს არ ჰყავს შინაური პირუტყვი. ქრონიკული დაავადების მქონე ოჯახის წევრი ჩვეულებრივი ოჯახების 45%-ს ჰყავს, იძულებით გადაადგილებულ პირთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ოჯახებში ეს მაჩვენებლები საგრძნობლად მაღალია - 66% და 91%.

ჯეიმი მაკგოლდრიკის რეკომენდაციით, ეს ციფრები სახელმწიფომ ახალი პოლიტიკის განსაზღვრისათვის უნდა გამოიყენოს. ყველა მოწყვლადი ჯგუფის მიმართ, როგორც ნათია ნაცვლიშვილიც ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბარში, განსხვავებული პოლიტიკა უნდა გატარდეს.

თუმცა ამ გამოკვლევაში საინტერესო ტენდენციად ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს მარინა ჯაშს სწორედ ის მიაჩნია, რომ რადიკალური განსხვავება ზემოთ ნახსენები სამი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფისა და დანარჩენი მოსახლეობის საჭიროებებს შორის არ არის:

”სოციალური და ეკონომიკური მოწყვლადობის უფრო მეტად განმსაზღვრელი გახლავთ სიღარიბის დონე, შემოსავლის რაოდენობა, ვიდრე რომელიმე კონკრეტულ ჯგუფზე მიკერძოება. ეს კი ასახავს სწორედ იმ მიდგომას, რომელიც ჯანდაცვის სექტორში გვაქვს ჩვენ შემუშავებული. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელიც არაერთხელ გამხდარა კრიტიკის საგანი ოპონენტების მხრიდან, თუ რამდენად აუცილებელია სახელმწიფო სახსრები თანაბრად მიემართოს მოსახლეობის ყველა ფენას... სწორედ ეს გახლავთ ჩვენი არგუმენტი, რომ დღეს საქართველოს მოსახლეობა ჯერ კიდევ რჩება სოციალურად დაუცველად და ღარიბ და არაღარიბ მოსახლეობას შორის სოციალური და ეკონომიკური მოწყვლადობის ძალიან მკაფიო ზღვარი არ არსებობს. ამ შემთხვევაში კი ფინანსური რისკებისგან დაცვა, კონკრეტულად კი სამედიცინო საჭიროებებიდან გამომდინარე, ძალიან მიზანშეწონილად არის მიჩნეული”.

მარიამ ჯაში იმასაც გვეუბნება, რომ, სოციალური პოლიტიკის შეცვლის თვალსაზრისით, დღის წესრიგში მალე დადგება სიღარიბის ზღვრისა და სამომხმარებლო კალათის მაჩვენებლის შეცვლის საკითხებიც.

ამ გამოკვლევას, ჯანდაცვის სამინისტროს გარდა, სხვა ადრესატებიც ჰყავს - მაგალითად, ლტოლვილთა და განსახლების და რეგიონალური მართვისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები. გაეროს განვითარების პროგრამა დისკუსიაში ჩართვასა და მათი რეკომენდაციების გათვალისწინებას მათაც სთავაზობს.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG