Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუნესკოს გლობალური მონიტორინგის ანგარიში - ”განათლება ყველასათვის”


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
16 ოქტომბერს იუნესკომ გამოაქვეყნა 2012 წლის გლობალური მონიტორინგის ანგარიში - ”განათლება ყველასათვის”, რომლის წლევანდელი თემაა ”ახალგაზრდობა და უნარ-ჩვევები, განათლება - პრაქტიკაში”. ანგარიშში ვკითხულობთ, რომ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში კვლავაც პრობლემად რჩება განათლებამიღებული ადამიანების დასაქმება. ასეთ ქვეყნებში იუნესკო ავღანეთთან, სომხეთთან, აზერბაიჯანთან, ბოსნია-ჰერცოგოვინასთან, ირანთან, ყაზახეთთან, ყირგიზეთთან, უკრაინასა და კიდევ რამდენიმე ქვეყანასთან ერთად, საქართველოსაც მოიაზრებს.

რატომ არ ემთხვევა საქართველოში განათლებამიღებული და დასაქმებული ახალგაზრდების რიცხვი ერთმანეთს და რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ განათლების ხარისხმა შრომის ბაზრის მოთხოვნები დააკმაყოფილოს?

იუნესკოს სტატისტიკის მიხედვით, განვითარებად ქვეყნებში განათლებამიღებული ყოველი 8 ახალგაზრდიდან ერთი უმუშევარია, ხოლო ახალგაზრდების მეოთხედზე მეტი დასაქმებულია ისეთ სამსახურში, რომლის ანაზღაურებაც სიღარიბის ზღვარზე ან მის ქვემოთ ცხოვრების ტოლფასია.
2012 წელს იუნესკომ გლობალური ანგარიშის -”განათლება ყველასათვის” - მთავარ ფოკუსად ბევრი ქვეყნისათვის მტკივნეული საკითხი აირჩია - ეს ეხება განათლების პრაქტიკაში გამოყენებას და ახალგაზრდებში ისეთი უნარ-ჩვევების განვითარებას, რომელიც მათ დასაქმებას შეუწყობს ხელს. ეს გამოწვევები, საქართველოსთან ერთად, მსოფლიოს 160 ქვეყანას აქვს. ამ ქვეყნებმა განათლების ხარისხის გასაუმჯობესებლად ჯერ კიდევ 2000 წელს დაისახა 6 მთავარი ამოცანა. საქართველოც მათ რიცხვშია.

შრომისა და დასაქმების საკითხების მკვლევარი ციური ანთაძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში შენიშნავს, რომ საქართველოს შრომის ბაზარზე მოთხოვნა და მიწოდება ერთმანეთს საგრძნობლადაა დაცილებული, ”ანუ თავიდანვე ნათელია, რომ უმაღლესი სასწავლებლების კურსდამთავრებულთა ძალიან დიდი ნაწილი ვერ იშოვის სამუშაოს თავისი სპეციალობით, რადგან, უბრალოდ, არ არის ამ პროფესიის ამდენი სამუშაო ადგილი ქვეყანაში”.

ამას კი, როგორ წესი, იწვევს ის, რომ ქვეყნის ეკონომიკას გარკვეული პროფესიის კადრები ესაჭიროება, განათლების სისტემა კი ამზადებს ან სხვა პროფესიის ახალგაზრდებს, ან საჭირო პროფესიისას, ოღონდ გადამეტებული რაოდენობით.

მეორე პრობლემა, ციური ანთაძის თქმით, ე.წ. ხარისხობრივი დისბალანსია. დამსაქმებლების მთავარი პრეტენზია სწორედ განათლების ხარისხს უკავშირდება:

”განათლების ხარისხი - როგორც უმაღლესი სასწავლებლების, ისე პროფესიული კოლეჯების - არ არის დამაკმაყოფილებელი. პრობლემა, რომ უმაღლესდამთავრებული სამუშაოს ვერ შოულობს, სულ იქნება, თუ განათლების სისტემამ ფეხი არ აუწყო შრომის ბაზრის მოთხოვნებს. მაშინ მივიღებთ იმას, რომ ინვესტიციების მოზიდვის და სამუშაო ადგილების შექმნის შემთხვევაში მათ უცხოური სამუშაო ძალა დაიკავებს, თუ, ცხადია, აქ არ დახვდათ პროფესიონალი კადრები.”

ციური ანთაძის შეფასებით, ქვეყანას განსაკუთრებით უღირს პროფესიული განათლება. ამ მხრივ, საქართველოში საკმაოდ გრძელია აუთვისებელი ვაკანსიების ნუსხა და მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოში არ მზადდება მთელი რიგი პროფესიების კადრები, მაგალითად, ხარატი, მღარავი და ა.შ.
შრომის ბაზრის კვლევის მწყობრი სისტემის ჩამოყალიბება მიაჩნია ერთ-ერთ გამოსავლად ამ ვითარებიდან ციური ანთაძეს. მისი თქმით, სახელმწიფოს მსგავსი კვლევა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, არასოდეს ჩაუტარებია.

თავის მხრივ, განათლების სისტემის განვითარების პოლიტიკის შემუშავების აუცილებლობაზე ლაპარაკობს სტრატეგიულ გამოკვლევათა ინსტიტუტის დირექტორი ნათელა სახოკია. ის არ იზიარებს გავრცელებულ აზრს, თითქოს საქართველოში ყველა სწავლობდეს:

ნათელა სახოკია
ნათელა სახოკია
”საქართველოში არ სწავლობს ყველა. ამ მხრივ ბოლო წლებში ჩვენ ძალიან ჩამოვრჩით. სკოლების მოცვა ბავშვებით ძალიან დაბალია, თუმცა ზუსტი სტატისტიკა განათლების სამინისტროს არ გააჩნია და სტატისტიკის არარსებობა კი ერთ-ერთი ყველაზე შემაფერხებელი ფაქტორია იმისათვის, რომ სწორად დაიგეგმოს განათლება. ჩვენ განვითარებულ ქვეყნებს უმაღლესი განათლების მქონე პირების რაოდენობითაც ჩამოვრჩებით, ზოგჯერ ორჯერაც კი.”

ნათელა სახოკია იმოწმებს ევროკავშირის კვლევას, რომლის თანახმადაც, საქართველოში უმაღლესი განათლების მქონე ახალგაზრდებიდან მხოლო 4% მუშაობს სპეციალობით. მხოლოდ 20%-ია დასაქმებული საერთოდ და, რაც მთავარია, მათგან უმრავლესობას აღარ სჭირდება უმაღლესი განათლება.
მისი შეფასებით, განათლების ხელმისაწვდომობა გულისხმობს ხარისხიანი განათლების მიღებას. თუ ბავშვი არ არის ჯანმრთელი, მას განათლებაზე ხელი არ მიუწვდება - ამ მხრივ კი, საქართველოში, ნათელა სახოკიას აზრით, ვითარება საკმაოდ მძიმეა:

”ჩვენი ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა არც ისე დამაიმედებელია. ამავე იუნესკოს მოხსენებაში წერია, რომ საქართველოს დემოგრაფიული ზრდის ტემპი მხოლოდ საქართველოს აქვს უარყოფითი. ასევე მაღალია ჩვენთან ბავშვთა სიკვდილიანობა.”

უმაღლესი განათლებისა და დასაქმების ბაზრის ურთიერთკავშირისა და ძირითადი ტენდენციების შესწავლა ახლახან დაიწყო განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტმა, რომლის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მაჩაბელი, გვეუბნება, რომ კვლევის შედეგები რვა თვეში გახდება ცნობილი. თუმცა ზოგადად შენიშნავს, რომ პრობლემა მიწოდებასა და მოთხოვნას შორის კომპლექსური და სტრატეგიული ხედვის არარსებობამ გააჩინა.

გიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი
როგორ გაუმკლავდება საქართველოს ახალი მთავრობა ამ გამოწვევას და რამდენად იქნება ჩართული პროცესში განათლების სამინისტრო? - ვკითხეთ განათლების მინისტრობის კანდიდატს გიორგი მარგველაშვილს. მან გვითხრა, რომ განათლების უწყება შესაძლოა გარკვეული დოზით იყოს ჩართული პროცესში, თუმცა ეს არ არის სამინისტროს მოსაგვარებელი პრობლემა. როგორც წესი, შრომის ბაზარს თავად უმაღლესი სასწავლებელი უნდა აკვირდებოდეს და ავტონომიურად წყვეტდეს, რა შეცვალოს უკეთესობისკენ:

”ჩვეულებრივ, თავად უმაღლესი სასწავლებელი უყურებს ბაზარს და იკვლევს მას, ცდილობს, რომ ამ ბაზარს მოარგოს სასწავლო გეგმა. შესაბამისად, დასაქმების ბაზარზე არსებული სურათიდან გამომდინარე, კორექციას უკეთებ შენს პროგრამას ან სულაც ახალ პროგრამას იწყებ. ერთადერთი, რაც დახმარების თვალსაზრისით განათლების სამინისტროს შეუძლია გააკეთოს, მიაწოდოს, მაგალითად, კვალიფიციური სტატისტიკა, თორემ მათ საქმიანობაში ჩარევა სახელმწიფო სტრუქტურისგან უკვე მათი ავტონომიურობის, თავისუფლების შეზღუდვაა.”

რაც შეეხება 6 ამოცანას განათლების ხარისხის გასაუმჯობესებლად, რომელთა შესრულებაც სხვა ქვეყნებთან ერთად საქართველომაც დაისახა მიზნად, ესენია: ადრეული განათლების სკოლამდელი უზრუნველყოფა, საშუალო განათლების დონის გაუმჯობესება, მოზარდებში სასწავლო უნარ-ჩვევების გაუმჯობესების ხელშეწყობა, მათი წიგნიერების გაზრდა 50%-მდე, ზოგადი განათლების ხარისხის გაზრდა და განათლების სისტემაში გენდერული თანასწორობის მიღწევა.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG