Accessibility links

logo-print

“აშკარაა, რომ საქართველოს მთავრობაში ელემენტარული კოორდინაციის ნაკლებობაა, რაც საქართველოს საგარეო იმიჯს ზიანს აყენებს“ - ტომ დე ვაალი.

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციის შემადგენლობასთან დაკავშირებით მიღებულმა გადაწყვეტილებამ კიდევ უფრო გამოააშკარავა საქართველოს მთავრობაში არსებული უთანხმოებები. რა შთაბეჭდილებას ტოვებს ეს ფაქტი უცხოეთში? ამ კითხვით „ამერიკის ხმამ“ შეერთებული შტატების ყოფილ ელჩს საქართველოში, კენეთ იალოვიცს და კარნეგის ფონდის ექსპერტ ტომ დე ვაალს მიმართა, რომლებიც შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით საკუთარ აზრს გვიზიარებენ.

კენეთ იალოვიცი ამბობს, რომ გადაწყვეტილების მიღება პრემიერის და პრეზიდენტის საქმეა და ის ვერცერთის მხარეს ვერ დაიჭერს. თუმცა, შეშფოთებას გამოხატავს მათ შორის ჩამოყალიბებულ ურთიერთობასთან დაკავშირებით და იმედს გამოთქვამს, რომ ამ ორ ადამიანს და მათ უწყებებს შორის ურთიერთთანამშრომლობა შედგება.

„იმ მოვლენების გათვალისწინებით, რაც უკრაინაში ხდება და რასაც გავლენა საქართველოზეც აქვს, საქართველოსთვის დღეს კრიტიკული დროა. ეს საქართველოშიც დიდი შეშფოთების საგანი უნდა იყოს. ეს არის ერთობის დრო, ერთიანი მიზნების დასახვის და არა იმ განსხვავებების წარმოჩენის, რაც შესაძლოა პიროვნულ თავისებურებებს უკავშირდებოდეს. მე მგონია, რომ ამის ერთობლივი ძალისხმევით დაძლევა შესაძლებელია და ეს უნდა მოხდეს. მხოლოდ ამის თქმა შემიძლია“ - აღნიშნავს ამერიკის ყოფილი ელჩი.

ტომ დე ვაალმა, კარნეგის ფონდის რუსეთის და ევრაზიის პროგრამების უფროსმა მკვლევარმა აღნიშნა, რომ საქართველოსთვის აშკარად სამარცხვინო და უხერხული სიტუაცია შეიქმნა, რადგან ქვეყანას ყავს პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი, რომლებიც, როგორც ჩანს, ვერ თანხმდებიან იმაზე, თუ ვინ წარმოადგენს საქართველოს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე. კარნეგის ფონდის ექსპერტის აზრით, სავსებით ნათელია, რომ ეს ერთ-ერთმა მათგანმა უნდა გააკეთოს, წინააღმდეგ შემთხვევაში უბრალოდ „სასაცილო იქნებოდა ორივე რომ წასულიყო ნიუ იორკში“.

„სრულიად აშკარაა, რომ საქართველოს მთავრობაში ელემენტარული კოორდინაციის ნაკლებობაა, რაც საქართველოს საგარეო იმიჯს აზიანებს. თქვენ გყავთ ეროვნული მასშტაბით არჩეული პრეზიდენტი და ასევე ძლიერი პრემიერი, რომელიც პარლამენტმა აირჩია. ორივეს შეუძლია ამერიკაში ვიზიტისთვის არგუმენტაცია წარმოადგინოს. სამწუხაროდ ეს ყოველივე პოლიტიურ ტელესერიალს ემსგავსება“ - აღნიშნავს ტომ დე ვაალი.

„ამერიკის ხმის“ კითხვაზე, თუ რა შეიძლება იყოს გამოსავალი უკვე შექმნილ ვითარებაში, კარნეგის ფონდის მკვლევარი ამბობს, რომ მისი აზრით „მთავარია, რომ საგარეო საქმეები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მართოს. იქნებ სამინისტრომ მოუძებნოს როლი პრეზიდენტს საგარეო ურთიერთობების საქმეებში. არ არის აუცილებელი ეს იყოს გაერო. საგარეო პოლიტიკაში მეტი კოორდინაციის საჭიროებაა, რომელიც სავარაუდოდ თავის თავზე საგარეო უწყებამ უნდა აიღოს“ - აცხადებს ის.

პოლიტიკური ტელესერიალის სცენარის ავტორის და რეჟისორის ვინაობა ამ ეტაპზე უცნობია. ჯერჯერობით ცნობილი მხოლოდ მთავარი როლის შემსრულებლები არიან და ის, რომ სერიალი გრძელდება. შესაბამისად, საქართველოს საგარეო იმიჯიც კიდევ უფრო ილახება.

XS
SM
MD
LG