Accessibility links

უნგრეთის რეფერენდუმს ბრიუსელი ბათილად მიიჩნევს


რეფერენდუმის დღე უნგრეთში

რეფერენდუმის დღე უნგრეთში

უნგრეთში ორ ოქტომბერს ჩატარდა რეფერენდუმი, რომელზეც უნდა გადაწყვეტილიყო, მიიღებდა თუ არა ეს ქვეყანა ევროკავშირის გეგმას, რომელიც მიგრანტების განაწილების კვოტების სისტემას ითვალისწინებს. ევროკავშირის ხელმძღვანელობაში ფიქრობენ, რომ მოსახლეობის პასიურობის გამო რეფერენდუმის შედეგებს იურიდიული ძალა არა აქვს, თუმცა საპირისპიროს ამტკიცებს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, რომელმაც რეფერენდუმის შედეგს „ბრწყინვალე” უწოდა.

კვირას უნგრეთში ხმის უფლების მქონე მოსახლეობის მხოლოდ 45 პროცენტი მივიდა ურნებთან, სადაც უნდა გადაწყვეტილიყო, მიიღებდა თუ არა ეს ქვეყანა ევროკავშირის გეგმას, რომელიც მიგრანტების შეშვებას ითვალისწინებს.

კვირას, 2 ოქტომბერს, ბუდაპეშტში, ქვეყნის პარლამენტის წინ, იმ მოქალაქეთა საპროტესტო აქცია გაიმართა, რომლებიც მხარს არ უჭერდნენ პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მიერ დანიშნულ რეფერენდუმს. დემონსტრანტები აცხადებდნენ, რომ რეფერენდუმში, რომელიც ევროკავშირის წინააღმდეგ არის მიმართული, პროტესტის ნიშნად მონაწილეობას არ იღებენ.

„საქმე მარტო რეფერენდუმზე დასმულ შეკითხვას არ ეხება. ეს არის თავდასხმა ევროპის კავშირზე. იგი სიძულვილს თესავს უნგრელთა გულებში, რასაც ჩვენ ვერ შევეგუებით“, უთხრა ჩვენს რადიოს აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, გაბორ კერეკეშმა.

მე მიმიღეს უნგრეთში და მივეჩვიე ყველაფერს, რაც აქ ვნახე. არ მინდოდა, რომ ისინი მე შემგუებოდნენ. მიგრანტებს უნდათ თავდაყირა დააყენონ ჩვენი სამყარო და არ სურთ თავად მოერგონ ამ ქვეყანას...

რეფერენდუმზე კენჭისყრამდე უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა თანამემამულეებს მოუწოდა, არ მიეცათ ხმა ევროკავშირის კვოტების სისტემისთვის. შარშან ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრებმა დაადგინეს კვოტების დაწესება, რათა 120 ათასი მიგრანტი უშუალოდ შენგენის ზონის საზღვრისპირა ქვეყნებიდან სხვა სახელმწიფოებში განაწილებულიყო.

უნგრეთის ლიდერის მოწოდებას ბევრი ადამიანი ემხრობა. ევროკავშირის კვოტებს უარი უთხრა ერჟებეტ ლეშაკმა, რომელსაც არ სურს, რომ უნგრეთში მიგრანტები დასახლდნენ. მიგრანტების მიმართ კრიტიკულად არის განწყობილი ედიტ პიროში, ეთნიკური უნგრელი, რომელიც რუმინეთიდან 20 წლის წინ დაბრუნდა სამშობლოში საცხოვრებლად:

„მე მიმიღეს უნგრეთში და მივეჩვიე ყველაფერს, რაც აქ ვნახე. არ მინდოდა, რომ ისინი მე შემგუებოდნენ. მიგრანტებს უნდათ თავდაყირა დააყენონ ჩვენი სამყარო და არ სურთ თავად მოერგონ ამ ქვეყანას“.

როგორც უნგრეთის საარჩევნო კომისიის მონაცემებმა აჩვენა, ევროკავშირის კვოტებს უარი უთხრა რეფერენდუმში მონაწილე მოქალაქეთა 95 %-მა, თუმცა კენჭისყრაში მონაწილეობა ამომრჩეველთა მხოლოდ 45 %-მა მიიღო, რის გამოც რეფერენდუმის შედეგი ბათილია.

ევროკომისიის სპეციალურმა წარმომადგენელმა, მარგარიტის შინასმა, ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე 3 ოქტომბერს უნგრეთში გამართული რეფერენდუმის დროს ამომრჩეველთა დაბალ აქტიურობასთან დაკავშირებით იხუმრა:

„რეფერენდუმი სამართლებრივად შემდგარი რომ იყოს, მაშინ ვიტყოდით, რომ მის შედეგს ცნობად ვიღებთ, მაგრამ რაკი უნგრეთის საარჩევნო კომისიამ იგი ბათილად გამოაცხადა, ახლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამასაც ცნობად ვიღებთ. ჩვენ პატივს ვცემთ უნგრელი ხალხის დემოკრატიულ ნებას - იმათ ნებასაც, ვინც მონაწილეობა მიიღო კენჭისყრაში და იმათ ნებასაც, ვისაც ხმა არ მიუცია“.

ვიქტორ ორბანი

ვიქტორ ორბანი

თუმცა სხვაგვარად ფიქრობს რეფერენდუმის ინიციატორი, უნგრეთის პრემიერ-მინისტი ვიქტორ ორბანი, რომელმაც 2 ოქტომბრის საღამოს, ბუდაპეშტში მხარდამჭერთა წინაშე გამოსვლის დროს, „ბრწყინვალე“ უწოდა რეფერენდუმის შედეგს, რაც, ორბანის თქმით, კონსტიტუციაშიც უნდა აისახოს.

ხმის მიცემის დაწყებამდე ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, რეფერენდუმში მონაწილეთა დიდი ნაწილი კვოტების სისტემის წინააღმდეგია. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ ბრიუსელი მიიღებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, რადგან ევროკავშირის ერთ-ერთ სახელმწიფოში ამომრჩეველთა 92 %-მა რეფერენდუმზე უარი უთხრა ბრიუსელის განზრახვას:

„პირველ ყოვლისა, ხალხის ეს ნება ჩვენ სამართლებრივ ჩარჩოში უნდა მოვაქციოთ. ამიტომ უახლოეს დღეებში პარლამენტს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას შევთავაზებ“.

აღსანიშნავია, რომ 4 ოქტომბერს ბელგრადიდან უნგრეთის საზღვრისაკენ დაიძრა, დაახლოებით, 300 სასოწარკვეთილი მიგრანტი, რომლებსაც ევროკავშირში თავშესაფრის მიღება სურთ. ამ ადამიანებს, რომლებიც პოლიციის თანხლებით მოძრაობენ, უნგრეთის ჩრდილოეთ საზღვრამდე 200 კილომეტრის გავლა მოუწევთ. „ჩვენ არ გვჭირდება წყალი და საკვები. გთხოვთ, მხოლოდ საზღვარი გაგვიღეთო“, - აცხადებდნენ საპროტესტო აქციაზე მიგრანტები. მათი მხრიდან მსგავს მცდელობას ადგილი ჰქონდა ივლისშიც, თუმცა მაშინ მიგრანტებს ხელი მოეცარათ. უნგრეთის მთავრობამ, რომელიც გადაჭრით ეწინააღმდეგება ახლო აღმოსავლეთიდან დევნილი მიგრანტების კვოტების პრინციპით მიღებას, საზღვარზე ორი ზღუდე სწორედ ივლისის თვეში აღმართა, რათა ლტოლვილებს არ შეეღწიათ ქვეყანაში.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG