Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიოში ამჟამად სიღარიბეში 76.5 მილიონი ბავშვი ცხოვრობს


გაეროს ბავშვთა ფონდის განცხადებით, 2008 წლის რეცესიამ განვითარებულ ქვეყნებში მილიონობით ბავშვის კეთილდღეობას უარყოფითი დაღი დაასვა.

როგორც გაეროს ბავშვთა ფონდის მონაცემები ნათელყოფს, განვითარებული 41 ქვეყნიდან 23-ში ბავშვთა სოციალური მდგომარეობა გაუარესდა. 2008 წლიდან მოყოლებული 2012 წლის ჩათვლით სიღარიბის ზღვარს მიღმა 2.6 მილიონი ბავშვი აღმოჩნდა. მსოფლიოში ამჟამად სიღარიბეში 76.5 მილიონი ბავშვი ცხოვრობს.

ამ მხრივ ყველაზე ცუდ მდგომარეობაში საბერძნეთი და ისლანდიაა, სწორედ ეს ქვეყნები მოხვდა ყველაზე მეტად გლობალური ფინანსური კრიზისის დარტყმის ქვეშ. ისლანდიაში ამ რიცხვმა 20% შეადგინა. ზოგადად მდგომარეობა გაუარესებულია ევროპის სამხრეთ ნაწილში ხორვატიასა და ბალტიისპირეთის სამივე ქვეყანაში.

გაეროს ბავშვთა ფონდის ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის სპეციალისტი - ეკატერინა ჩჟენი აცხადებს, რომ გლობალური ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, ზოგიერთმა სახელმწიფომ მაინც მოახერხა მდგომარეობის გამოსწორება:

„სიის სათავეში ჩილე მოექცა. ბავშვთა სიღატაკემ მნიშვნელოვნად იკლო, დაახლოებით 9%-ით. საოცარია, რომ მიუხედავად ეკონომიკური პრობლემებისა 15-მა ქვეყანამ შეძლო ამ პრობლემის ნაწილობრივ გადაჭრა.“

ამ 15 ქვეყანას შორის არის პოლონეთი, ავსტრალია, სლოვაკეთი, შვეიცარია, ნორვეგია და სამხრეთ კორეა. გაეროს ბავშვთა ფონდი წარმატებას ამ ქვეყნებში სოციალური დაცვის ეფექტურ პოლიტიკას უკავშირებს. იმ ქვეყნებმა, რომლებმაც სოციალური უსაფრთხოების ე.წ. ბადეები შეიმუშავეს, შეაბამისად ბავშვები სიღატაკისგან იხსნეს.

ამ მხრივ მდგომარეობა არ შეცვლილა ახალ ზელანდიაში, ჩეხეთსა და გერმანიაში. ეკატერინა ჩჟენი აცხადებს, რომ აშშ-ში სიღარიბის ზღვარს მიღმა იმაზე მეტი ბავშვი აღმოჩნდა ვიდრე 1982 წლის რეცესიის დროს:

„დარტყმის ქვეშ მოექცნენ ის ბავშვები, რომელთა მშობლებმაც დაკარგეს სამსახური. მათ არ შეეხოთ საგადასახადო შეღავათები. სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახები ძირითადად საკვები ტალონების იმედად არიან დარჩენილები.“

სოციალური დაუცველი ოჯახებისთვის ე.წ. უსაფრთხოების ბადე, ანუ სპეციალური სოციალური პროგრამები ამჟამად ამერიკაში უარეს მდგოამრეობაშია ვიდრე ეს 1982 წელს იყო, დახმარება ეკატერინა ჩჟენის განცხადებით, უმნიშვნელოა.

გაეროს ბავშვთა ფონდის ანგარიშში ასევე ასახული იყო 15-24 წლის ასაკის მოზარდთა განათლების და დასაქმების პროპორციული მონაცემები. ანგარიშის თანახმად, ამ ასაკოვან კატეგორიაში მოხვედრილი მოზარდები განსაკუთრებული დარტყმის ქვეშ მოექცნენ. ამ მხრივ ყველაზე არასახარბიელო მდგომარეობა ევროკავშირის ქვეყნებში შეიქმნა, სადაც 7.5 მილიონი მოზარდი სამსახურის ან განათლების გარეშე ცხოვრობს.

XS
SM
MD
LG