Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ბავშვები ურბანულ სამყაროში”


”ბავშვები ურბანულ სამყაროში 2012”- ასე ჰქვია ანგარიშს, რომელიც გაეროს ბავშვთა ფონდმა 28 თებერვალს გამოაქვეყნა. რა საფრთხეებისა და პრობლემების წინაშე დგანან სოციალურად დაუცველი და მიუსაფარი ბავშვები დიდ ქალაქებში? ხელმისაწვდომია თუ არა მათთვის ჯანდაცვა და განათლება, ილახება თუ არა ბავშვების უფლებები სწრაფი ურბანიზაციის პირობებში? ანგარიშში, სადაც ამ მიმართულებით მსოფლიოს მასშტაბით 80-ზე მეტი ქვეყნის პრობლემაა შესწავლილი, საქართველოც მოხვდა.

5 წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობა, ჯანმრთელობა, განათლება, აივ-ინფექცია, დემოგრაფიული და ეკონომიკური ინდიკატორები,ბავშვთა უფლებები - ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რომლის შესახებაც წერს გაეროს ბავშვთა ფონდი თავის ანგარიშში, სახელწოდებით ”ბავშვები ურბანულ სამყაროში”. ”როდესაც ჩვენ სიღარიბეზე ვფიქრობთ, ალბათ, პირველ რიგში თვალწინ სოფლის სახლში მცხოვრები ღარიბი ბავშვი გვიდგება”, - მიუთითებს ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ენტონი ლეიკი ანგარიშის წინასიტყვაობაში, თუმცა იქვე იმასაც ამბობს, რომ დღითი დღე მატულობს რიცხვი იმ ბავშვებისა, რომლებიც ქალაქებში, მიტოვებულ შენობებსა თუ მსგავსი ტიპის სხვა თავშესაფრებში ცხოვრობენ. ”იქ არ არსებობს არანაირი პირობა მათი განვითარებისათვის”, - წერს ენტონი ლეიკი.
ქალაქში შეიძლება უკეთესი სკოლები და ბაღები იყოს, თუმცა საქართველოში, თუკი საშუალო განათლების მიღების ხელმისაწვდომობაზე ვისაუბრებთ, ყოველი მეშვიდე ბავშვი ვერ იღებს საშუალო განათლებას...
თინათინ ბაუმი

განათლებისა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის არარსებობა, სხვადასხვა დაავადებების მაღალი რისკი, მცირე ასაკში სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი - ეს არის იმ პრობლემების მცირე ჩამონათვალი, რომლებიც გაეროს ბავშვთა ფონდის მკვლევარებმა მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაში ჩატარებული გამოკვლევის შედეგად გამოავლინეს. როგორია ქართული რეალობა? როგორ ცხოვრობენ საქართველოს დიდ ქალაქებში ბავშვები, რომლებიც სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან არიან ან, მეტიც, შეიძლება მათ ოჯახები საერთოდ არ ჰყავთ? თინათინ ბაუმი, გაეროს ბავშვთა ფონდის სოციალური პოლიტიკის სპეციალისტი, რადიო თავისუფლებასთან საუბარში მიუთითებს, რომ დღითი დღე იზრდება ქალაქად მცხოვრები ბავშვების რაოდენობა, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში შესაძლოა უფრო მეტი განვითარების საშუალება მიეცეს ბავშვს, რეალობა მაინც სხვა სურათს აჩვენებს:

”ქალაქში შეიძლება უკეთესი სკოლები და ბაღები იყოს, თუმცა საქართველოში, თუკი საშუალო განათლების მიღების ხელმისაწვდომობაზე ვისაუბრებთ, ყოველი მეშვიდე ბავშვი ვერ იღებს საშუალო განათლებას. ქალაქში მცხოვრები ბავშვებისთვის ისეთი საკითხები, როგორიც არის "ქუჩის ბავშვები", ნარკოტიკულ ნივთიერებებზე დამოკიდებულება, კრიმინალთან შეხება, არის უფრო ღრმა და მტკივნეული. ეს პრობლემა საქართველოში საკმაოდ მწვავედ დგას. სწორედ ამიტომ მუშავდება სტრატეგია, თუ როგორ შეიძლება დავეხმაროთ "ქუჩის ბავშვებს" და რა ტიპის პოლიტიკა უნდა გაატაროს სახელმწიფომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად.”

მაია მგელიაშვილი, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ფილიალის თბილისის ბავშვთა კრიზისული ცენტრის ხელმძღვანელია. ცენტრში ამ ეტაპზე 40 მიუსაფარი ბავშვის განთავსებაა შესაძლებელი. როგორც მაია გვიხსნის, ცენტრში ძირითადად მიუსაფარი, ე.წ. ქუჩის ბავშვები ხვდებიან. უმეტესი მათგანი იქ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებს მიჰყავთ. სოციალური მომსახურების სააგენტო კი თითოეული შემთხვევის შესწავლის შემდეგ ბავშვებს ერთი წლით კრიზისულ ცენტრს აბარებს. რა არის ის მთავარი პრობლემა, რასაც დიდ ქალაქებში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ბავშვები აწყდებიან? მაია მგელიაშვილის თქმით, საქართველოში ასეთი პრობლემა თავშესაფრის არარსებობაა:

”საუბარია არა მხოლოდ ბავშვების თავშესაფრის არქონაზე, არამედ ზოგადად ოჯახებს, საიდანაც ეს ბავშვები გამოდიან, მათ თვითონ არ აქვთ საცხოვრებელი. ისინი დროის უმეტეს ნაწილს ქუჩაში ატარებენ ან ცხოვრობენ ისეთ პირობებში, რომელიც ადამიანის ნორმალური ცხოვრებისთვის უბრალოდ შეუსაბამოა.”

განათლებისა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა - ეს არის კიდევ ერთი პრობლემა, რაზეც მაია მგელიაშვილი ყურადღებას ამახვილებს და ამბობს, რომ ამ მიმართულებით ბავშვებს, რომლებიც კრიზისულ ცენტრში ხვდებიან, ხშირად პრობლემები ექმნებათ:
მაია მგელიაშვილი
მაია მგელიაშვილი
”ბავშვებს ხშირად არ აქვთ საბუთები და არა მარტო მათ, არამედ მათ მშობლებსაც. ასეთ დროს უკიდურესად რთულია, რომ ბავშვი ინტეგრირდეს სასკოლო სისტემაში. ანუ ჩვენი პირველი პრობლემა არის ის, რომ ამ ბავშვებს საბუთები მოვუწესრიგოთ. ხშირად ამ პრობლემის მოგვარება რამდენიმე თვეს გრძელდება ხოლმე.”

იცი რამდენჯერ გამექცა გიორგი აქედან? მაია მგელიაშვილი 14 წლის ცესფერთვალება და ჭორფლიან ბიჭზე გვიყვება. ის ტელევიზორს უყურებს და სულ არ უშლის ხელს ანას და სოფოს სიცილი, რომლებიც ჩვენ გარშემო დარბიან. გიორგი კრიზისულ ცენტრში ბებიამ მიიყვანა. მამა ბორჯომში ჰყავს, დედას არ ახსენებს. სახლიდან ვიპარებოდი და მთელ დღეს ქუჩაში ან თბილისის ზღვაზე ბიჭებთან ერთად ვატარებდიო.

15 წლის ნატას დედა მოლდოვაში ცხოვრობს. ის ბებიასთან, ქუთაისში გაიზარდა. სკოლაში არასდროს უვლია, არ მაინტერესებდა და იმიტომო. წერა-კითხვას ახლა სწავლობს. თბილისში რამდენიმე წლის წინ ჩამოვიდა, თავშესაფარი არსად ჰქონდა, ქუჩაში ცხოვრობდა. კრიზისულ ცენტრში პირველად პატრულმა მიიყვანა. ცენტრიდან რამდენჯერმე გაიქცა, თუმცა რამდენიმე თვის წინ ის კრიზისულ ცენტრში თავისი სურვილით მივიდა:

- როგორი იყო შენი დღე?
- წებოს ვსუნთქავდი ხოლმე და ეგრე ვიყავი.
- სად გეძინა?
- რა ვიცი, ხან სად, ხან სად.
- ვისთან მეგობრობდი?
- ვისთანაც ვმეგობრობდი, ისინი დაჭერილები არიან.
- აქედან რომ წახვალ, რას იზამ?
- სწავლას გავაგრძელებ.
- რამდენი ხანია, რაც აქ ხარ?
- რა ვიცი, დღეებს არ ვითვლი.
XS
SM
MD
LG