Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უნიკალური წყლის ტუმბო ელექტროენერგიისა და საწვავის გარეშე


"წლების წინ სოფელში ელექტროტუმბო მუშაობდა, რომელიც დროთა განმავლობაში დაზიანდა. ნაწილებიც აღარ იშოვებოდა, რომ შეგვეკეთებინა. მოგვიანებით ერთმა ადგილობრივმა შეაკეთა, თუმცა ტუმბო ბევრ ელექტროენერგიას მოიხმარდა, რის გამოც მოსახლეობა ვერ სარგებლობდა და იძულებულნი ვიყავით წყალი შორიდან გვეზიდა. დღეისათვის ეს უნიკალური ტუმბო გვაქვს უკვე და ჩვენი მრავალწლიანი პრობლემაც გადაიჭრა“, – აცხადებს სოფელ ოლავერდში მცხოვრები ჰოვიკ კილოიანი.

უნიკალური წყლის ტუმბოთი, რომელსაც არ სჭირდება ელექტროენერგია და საწვავი, ინჟინერ-მშენებლის სოსო ნარჩემაშვილის მიერ დაპატენტებული გამოგონების მეშვეობით, ახალქალაქის სოფელ ოლავერდში ადგილობრივებს სასმელი წყალი უწყვეტ რეჟიმში მიეწოდებათ. ტუმბო სათავე ნაგებობაზეა დამონტაჟებული და შემკრებ აუზს წყალს 500 მეტრ სიგრძეზე და 40 მეტრ სიმაღლეზე აწვდის, რისთვისაც 100-მილიმეტრიანი ლითონის მილია გამოყენებული. უნიკალური წყლის ტუმბო ინჟინერ-მშენებელმა პირველად სოფელ ლამისყანაში დაამონტაჟა. სოსო ნარჩემაშვილმა გამოგონება დააპატენტა, შემდეგ კი მოწყობილობის გამოყენება სხვა სოფლებსაც შესთავაზა.

გამომგონებელი ირწმუნება, რომ მსოფლიოში არსებული ანალოგებიდან ვერც ერთმა ტუმბომ მსგავს შედეგს ვერ მიაღწია. მოწყობილობა ჰიდრავლიკურ დარტყმებზე მუშაობს და მისი მთავარი მიზანია წყალი უწყვეტ რეჟიმში მიედინებოდეს. 80-კომლიან სოფელში სასმელი წყალი მოსახლეობის, დაახლოებით, 70%-ს არ მიეწოდებოდა, ძველი ელექტროტუმბოს საშუალებით კი წყლის ოჯახებამდე მიყვანა ერთ მოსახლეს თვეში 30 ლარამდე უჯდებოდა. მაღალი ხარჯების გამო, ადგილობრივებმა მისი გამოყენება შეწყვიტეს და წყალს შორი მანძილიდან ეზიდებოდნენ, – იხსენებს პროექტის ადგილობრივი კოორდინატორი გიორგი ანდღულაძე.

ადგილობრივების სკეპტიკური დამოკიდებულების მიუხედავად, მილების შესაძენად მათ სოფელში თანხა მაინც შეაგროვეს და სამონტაჟო სამუშაოებში ჩაერთვნენ. ამ დროისათვის ტუმბოს მეშვეობით შემკრებ აუზს დღე-ღამის განმავლობაში 120 ტონა წყალი მიეწოდება, რაც სოფლის მოსახლეობის სასმელი წყლით სრულად მომარაგებისთვის საკმარისია. ადგილობრივებისთვის ამ ეტაპზე პრობლემას შიდა ქსელის სიძველე წარმოადგენს. ოლავერდის მცხოვრებლებმა საკუთარი ხარჯით მილების შეცვლა მხოლოდ 100 მეტრზე შეძლეს, – აცხადებს მახარე მაცუკატოვი, კოორდინატორი „ადგილობრივი ინიციატივებისა განვითარებისთვის“.

წყლის ტუმბო სოფელ ოლავერდში, კავკასიური ინსტიტუტის თაოსნობით, პროექტის „ადგილობრივი ინიციატივები განვითარებისთვის“ ფარგლებში დამონტაჟდა. კვლევითი ცენტრი სოფელში 2014 წლიდან მუშაობს. მისი მიზანი თემში არსებული პრობლემების გამოკვლევა და მათი გადაჭრის გზების ძიებაა. პროექტის მენეჯერის თიკო ტყეშელაშვილის განმარტებით, ოლავერდში სასმელი წყლის პრობლემა გამოიკვეთა და მის მოსაგვარებლად კავკასიურმა ინსტიტუტმა ინოვაციური ტექნოლოგიის დანერგვა გადაწყვიტა.

ოლავერდში წყლის ტუმბო სატესტო რეჟიმში ივლისის თვიდან მუშაობდა. დღეისათვის იგი სოფელს 24 საათის განმავლობაში ემსახურება. კავკასიურ ინსტიტუტში არ გამორიცხავენ, რომ ეს მეთოდი სხვა სოფლებშიც დანერგონ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG