Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უნივერსიტეტის სტუდენტთა პროტესტი არ წყდება


სტუდენტების აქცია
სტუდენტების აქცია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს, მათი მოთხოვნების გამო, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ერთმა ჯგუფმა სოლიდარობა გამოუცხადა, სოლიდარობა გამოხატეს ქუთაისისა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმაც.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების მოთხოვნები უცვლელია – მოიხსნას კანცლერის პოზიციაზე გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურა, დაიწყოს გამოძიება უნივერსიტეტში "ოდეერის" ინსტიტუტის არსებობის შესახებ, მოხდეს კანცლერის არჩევის სისტემის რეფორმირება, შეწყდეს თვითმმართველობის პრივილეგიების წახალისება ადმინისტრაციისა და რექტორატის მხრიდან. სტუდენტების ნაწილმა ღამე უნივერსიტეტის ფოიეში გაათენა. უნივერსიტეტის კანცლერის პოსტზე წარდგენილ გიორგი გაფრინდაშვილს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მოუწოდა არჩევნებიდან მოხსნას თავისი კანდიდატურა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის სოლიდარობის გამოსაცხადებლად დღის 2 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტებმა დაიწყეს შეკრება. ილიას უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის სტუდენტის გიორგი გუდაძის თქმით, სხვა უნივერსიტეტების სტუდენტთა სოლიდარობა მნიშვნელოვანია, რადგან პრობლემა, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს აწუხებთ, საერთოა ყველა სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისთვის:

„ეს არის მთლიანად საქართველოში არსებული აკადემიური სივრცის პრობლემა და მე მგონია, რომ აუცილებლად უნდა ჩაერთოს ყველა სტუდენტი, რომელსაც აქვს განცდა, რომ აკადემიური სივრცე უნდა იყოს თავისუფალი - იქნება ეს ცენზურისგან თუ ასეთი ადამიანებისგან თავისუფალი“.

მინდა ვთხოვო საბჭოს წევრებს, რომლებიც მხარს უჭერენ გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურას, და თავად გიორგი გაფრინდაშვილს, გაითვალისწინოს არსებული სიტუაცია და, ახალგაზრდებს შორის რაიმე სახის დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად, საკუთარი კანდიდატურა არჩევნებიდან მოხსნას...
გიორგი კვირიკაშვილი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისკენ ილიას უნივერსიტეტის სტუდენტები შეძახილებით და სტვენით დაიძრნენ. გზად, სანამ ისინი უნივერსიტეტის ეზოში შევიდოდნენ, თსუ-ს სტუდენტმა თორნიკე შევარდნაძემ რადიო თავისუფლებას კიდევ ერთხელ ჩამოუთვალა თავიანთი მთავარი მოთხოვნები:

„გაფრინდაშვილი, შეიძლება ითქვას, უკვე მეორეხარისხოვანი გახდა. პირველი არის ის, რომ გამოძიება დაიწყოს უნივერსიტეტში „ოდეერების“ არსებობის თაობაზე და ეს არ არის მხოლოდ სტუდენტების აზრი და ჭორი. მეორე მოთხოვნა არის ის, რომ გაფრინდაშვილმა მოხსნას კანდიდატურა და მესამე მოთხოვნაა, რომ მოხდეს უნივერსიტეტის თვითმმართველობის რეფორმირება“.

უნივერსიტეტის სტუდენტების პროტესტს საქართველოს პრემიერ-მინისტრიც გამოეხმაურა, გიორგი კვირიკაშვილმა სპეციალური მიმართვისას, ახალგაზრდებს შორის რაიმე სახის დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად, გიორგი გაფრინდაშვილს საკუთარი კანდიდატურის მოხსნა ურჩია:

„გამომდინარე იქიდან, რომ ამ ესკალაციის ფონზე გაჩნდა გარკვეული ეჭვები ხელისუფლების მხრიდან პროცესში ჩარევის კუთხით, მინდა ვთხოვო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, ბატონ ვლადიმერ პაპავას, მაქსიმალურად უზრუნველყოს პროცესის დამოუკიდებლობა და არჩევნების პროცესის გამჭვირვალობა; ასევე, მინდა ვთხოვო საბჭოს წევრებს, რომლებიც მხარს უჭერენ გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურას, და თავად გიორგი გაფრინდაშვილს, გაითვალისწინოს არსებული სიტუაცია და, ახალგაზრდებს შორის რაიმე სახის დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად, საკუთარი კანდიდატურა არჩევნებიდან მოხსნას“.

გიორგი კვირიკაშვილის ამ მიმართვას უნივერსიტეტის ფოიეში შეკრებილი სტუდენტები ოვაციებით შეხვდნენ.

სტუდენტების აქცია
სტუდენტების აქცია

თუმცა გიორგი გაფრინდაშვილმა მანამდე ჟურნალისტებთან საუბარში კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ უნივერსიტეტის კანცლერის არჩევნებში კანდიდატურის მოხსნას არ აპირებს.

უნივერსიტეტის რექტორს, ვლადიმერ პაპავას, შექმნილი ვითარებიდან გამოსავლად მოლაპარაკებების დაწყება მიაჩნია. მისი თქმით, ამ ეტაპზე, წესდებიდან გამომდინარე, პროცედურები უნდა დასრულდეს. თუ მოხსნის კანდიდატურას გაფრინდაშვილი, აკადემიურმა საბჭომ ხელახლა უნდა გამოაცხადოს კონკურსი; თუ არ მოხსნის კანდიდატურას, სენატმა უნდა მიიღოს კონკრეტული გადაწყვეტილება.

დღეს უნივერსიტეტში პრეზიდენტის მრჩეველი კახა კოჟორიძეც იყო მისული. ის სტუდენტებსაც და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებსაც შეხვდა, მოგვიანებით გაკეთებულ კომენტარში კი განაცხადა, რომ, პირველ რიგში, უნივერსიტეტში უშიშროების ოფიცრის არსებობის საკითხია გამოსაძიებელი.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები აქციის შეწყვეტას არ აპირებენ, სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG