Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კანდიდატურა მოხსნილია - აქციები გრძელდება


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერობის კანდიდატმა გიორგი გაფრინდაშვილმა თავისი კანდიდატურა მოხსნა. გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურის მოხსნა ერთ-ერთი მოთხოვნა იყო სამ სხვა მოთხოვნას შორის, რომელიც სტუდენტთა ერთ ჯგუფს აქვს. ისინი მე-6 დღეა აქციას მართავენ.

აქციის პარალელურად, უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში გიორგი გაფრინდაშვილის მომხრეთა აქციაც გაიმართა. აქციის მონაწილეები უნივერსიტეტის რექტორის ვლადიმერ პაპავას გადადგომას მოითხოვდნენ, მათ რექტორის კაბინეტის ძალით გადაკეტვაც სცადეს, რასაც შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

"მე ვხსნი კანდიდატურას და ვხსნი უნივერსიტეტის სასარგებლოდ“,- განაცხადა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერობის კანდიდატად წარდგენილმა გიორგი გაფრინდაშვილმა უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსში.

„მე ვხსნი კანდიდატურას და ვხსნი უნივერსიტეტის სასარგებლოდ იმის გამო, რომ უნივერსიტეტი დაუბრუნდეს სასწავლო და სამეცნიერო გარემოს. ჩემთვის უნივერსიტეტში ყოფნის და თანამდებობის დაკავების ძირითად მოტივაციას წარმოადგენდა რომ, უნივერსიტეტი ყოფილიყო კიდევ უფრო წარმატებული და ახალგაზრდული ენერგია მიმართული ყოფილიყო უნივერსიტეტის გაჯანსაღებისკენ“.

სტუდენტების აქცია უნივერსიტეტში
სტუდენტების აქცია უნივერსიტეტში

გიორგი გაფრინდაშვილის ამ განცხადების მიუხედავად, იმ სტუდენტების მოთხოვნები, რომლებიც გაფრინდაშვილის კანცლერობას ეწინააღმდეგებოდნენ, ძალაში რჩება. ეს მოთხოვნებია: უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის რეფორმირება და უნივერსიტეტში ე. წ. ოდეერის არსებობის საკითხის გამოძიება. ამას ამბობს უნივერსიტეტის სტუდენტი ნათია ქარჩილაძეც. ის უკმაყოფილო იყო და პროვოკაციად აღიქვამდა იმ ფაქტს, რომ დღის 12 საათზე, ანუ მათ მიერ რამდენიმე დღით ადრე დაანონსებული აქციის პარალელურად, უნივერსიტეტის ეზოში აქცია დაგეგმეს სხვა სტუდენტებმა - სტუდენტებმა, რომლებიც მხარს უჭერდნენ გიორგი გაფრინდაშვილს. ამ ჯგუფის წარმომადგენლებმა, იმ მოტივით, რომ უნივერსიტეტის შენობა მათაც ეკუთვნოდათ, უნივერსიტეტის უკანა შესასვლელიდან დაიკავეს პირველი კორპუსი და რექტორის კაბინეტში შეღწევა სცადეს. მათ წინააღმდეგობას უწევდა უნივერსიტეტის დაცვა და პოლიცია. აქციის ერთ-ერთი მონაწილის, უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტის, პაატა ბახტურიძის თქმით, უნდა გადადგეს უნივერსიტეტის რექტორი, რომელიც ხელს აფარებს ოდეერს უნივერსიტეტში:

„ჩვენი მოთხოვნაა, რომ უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს მიეცეს თავისი სხდომის ჩატარების უფლება და უნივერსიტეტში იმან გადაწყვიტოს კანცლერის არჩევა, ვისი მოვალეობაც არის, და არა რამდენიმე სტუდენტმა, არასამთავრობოდან მოსულმა სტუდენტმა, რომელიც ფეხების ბრახუნით ზეწოლას ახდენს კანდიდატზე. გარდა ამისა, გვინდა, რომ რექტორმა პასუხი აგოს იმის გამო, რომ სამი წელი ოდეერს მალავდა თსუ-ში და ამის შესახებ სტუდენტებმა არ ვიცოდით. ეს არის დანაშაული“.

უნივერსიტეტს აქვს ყველა რესურსი და წესდება, რომლის მიხედვითაც უნივერსიტეტმა უნდა იხელმძღვანელოს და მე ვარ გარანტი, რომ ეს აღსრულდეს, და ახლა რექტორის გადადგომა კიდევ უფრო მძიმე ვითარებაში ჩააგდეს უნივერსიტეტს...
ვლადიმერ პაპავა

უნივერსიტეტის სტუდენტის სანდრო ტაბატაძის თქმით, ვლადიმერ პაპავას გადადგომის მსურველები უნივერსიტეტში რექტორად იურიდიული ფაკულტეტის დეკანს ირაკლი ბურდულს მოიაზრებენ:

„პაპავას გადადგომას იმიტომ მოითხოვენ, რომ მოვიდეს მათი ფავორიტი რექტორი, ბურდული“.

უნივერსიტეტის რექტორის ვლადიმერ პაპავას განცხადებით, ის თანამდებობის დატოვებას არ აპირებს:

„უნივერსიტეტს აქვს ყველა რესურსი და წესდება, რომლის მიხედვითაც უნივერსიტეტმა უნდა იხელმძღვანელოს და მე ვარ გარანტი, რომ ეს აღსრულდეს, და ახლა რექტორის გადადგომა კიდევ უფრო მძიმე ვითარებაში ჩააგდეს უნივერსიტეტს“.

უნივერსიტეტის ეზოში სტუდენტთა აქციის მხარდასაჭერად მისული უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ პროგრამების კოორდინატორი ლევან ნატროშვილი ამბობს, რომ უნივერსიტეტში არსებული პრობლემები ხელს უშლის არა მხოლოდ სტუდენტებს, არამედ ლექტორებსაც. შესაბამისად, სტუდენტთა იმ ნაწილის მოთხოვნები, რომლებიც თვითმმართველობის რეფორმას უჭერენ მხარს, აბსოლუტურად ლეგიტიმური და სამართლიანია.

სტუდენტების აქცია უნივერსიტეტში
სტუდენტების აქცია უნივერსიტეტში

უნივერსიტეტში არსებულ მდგომარეობას განათლების სამინისტრო გამოეხმაურა განცხადებით, რომელშიც ნათქვამია:

„უნივერსიტეტი, უპირველეს ყოვლისა, აკადემიური საქმიანობის სივრცეა, სადაც, სრული ავტონომიის პირობებში, სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს დამოუკიდებლად სწავლის, სწავლებისა და კვლევის, ასევე საკუთარი აზრისა და მოქალაქეობრივი პოზიციის თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს“.

საპროტესტოდ განწყობილი ორივე სტუდენტური ჯგუფი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რჩება. მათ შორის დღის განმავლობაში რამდენჯერმე მოხდა დაპირისპირება, უნივერსიტეტის რექტორის კაბინეტთანაც. ვითარება დაცვისა და პოლიციის თანამშრომლებმა განმუხტეს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვითარება კიდევ უფრი დაიძაბა მას შემდეგ, რაც დღის 4 საათზე აკადემიური საბჭოს სხდომა დაინიშნა. სხდომა ტრადიციულია და ის ყოველ ორშაბათს იმართება, თუმცა სტუდენტთა იმ ჯგუფს, რომელიც კანცლერის თანამდებობაზე გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურას უჭერდა მხარს, ჰქონდა მოლოდინი, რომ აკადემიური საბჭო სხდომაზე უნივერსიტეტის რექტორის ვლადიმერ პაპავას იმპიჩმენტის საკითხს დააყენებდა. გიორგი გაფრინდაშვილმა, რომელმაც კანცლერის თანამდებობაზე თავისი კანდიდატურა მოხსნა, სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც წერდა, რომ მის მიმართ წარმოებულ კამპანიაზე პასუხისმგებლობას უნივერსიტეტის რექტორს ვლადიმერ პაპავას აკისრებს, "რადგან მან, როგორც უნივერსიტეტის პირველმა პირმა, არც ერთი ქმედითი ნაბიჯი არ გადადგა მიმდინარე დღეებში სიტუაციის ნორმალიზების, სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევისა და დაძაბულობის თავიდან აცილებისათვის... რექტორის მხრიდან პასუხისმგებლობის თავზე აღება არ მინდა ორაზროვნად იქნეს აღქმული. ამიტომ განვმარტავ: იგი უნდა გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან".

ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არც გადადგომაზე და არც ჩანაცვლებაზე ლაპარაკი დღესდღეობით არ იყოს. მეორე მხარეს უფლება აქვს შეიკრიბონ აუდიტორიაში დერეფნის ბოლოს, გამოყონ წარმომადგენლები და რექტორი მათ შეხვდება და გასცემს პასუხს მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე...
ავთანდილ კახნიაშვილი

გიორგი გაფრინდაშვილის მომხრე სტუდენტები, რომლებიც დღის განმავლობაშიც ითხოვდნენ უნივერსიტეტის რექტორის გადადგომას, ამ განცხადების შემდეგ უნივერსიტეტის პირველი კორპუსის შენობაში შეიჭრნენ და რექტორის გადადგომა მოითხოვეს, რასაც გაემიჯნენ ის სტუდენტები, რომლებიც 6 დღეა უნივერსიტეტის რეალური ავტონომიის მოთხოვნით აქციებს მართავენ:

"ჩვენ ვემიჯნებით აკადემიური საბჭოს მიერ რექტორის იმპიჩმენტის საკითხს, იმიტომ რომ დარწმუნებული ვართ, რომ ეს მდგომარეობა დააზარალებს ჩვენს საუნივერსიტეტო სივრცეს და არსებულ კრიზისულ მდგომარეობას უფრო მეტად გაამწვავებს".

რექტორის იმპიჩმენტის მომხრენი კი აცხადებენ:

"თუ ვინმე იქეთა ჯგუფიდან ამას არ ეთანხმება, ეს არის ზუსტად იმის დამადასტურებელი, რომ ესენი პაპავას მხრიდან მართული ჯგუფები არიან".

მოგვიანებით სტუდენტებთან აკადემიური საბჭოს წევრი ავთანდილ კახნიაშვილი გამოვიდა. მან სტუდენტებს განუმარტა, რომ აკადემიურ საბჭოს უნივერსიტეტის რექტორის იმპიჩმენტის საკითხი არ განუხილავს და მაშინ, როცა უნივერსიტეტს კანცლერიც კი არ ჰყავს, რექტორის გადადგომის საკითხის განხილვა გამორიცხულია. ავთანდილ კახნიაშვილმა სტუდენტებს შეხვედრა და მოლაპარაკებების დაწყება შესთავაზა:

„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არც გადადგომაზე და არც ჩანაცვლებაზე ლაპარაკი დღესდღეობით არ იყოს. მეორე მხარეს უფლება აქვს შეიკრიბონ აუდიტორიაში დერეფნის ბოლოს, გამოყონ წარმომადგენლები და რექტორი მათ შეხვდება და გასცემს პასუხს მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე“.

ვლადიმერ პაპავა უნივერსიტეტის დატოვებას არ აპირებს. ეს მან დღის განმავლობაში რამდენჯერმე განაცხადა. აკადემიური საბჭო უნივერსიტეტში შექმნილ ვითარებაზე მსჯელობდა.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG