Accessibility links

logo-print

უნგრეთი: არსებობს თუ არა „არალიბერალური დემოკრატია“?


ანგელა მერკელი, ვიქტორ ორბანი

ანგელა მერკელი, ვიქტორ ორბანი

ავტორი: ანა ლომთაძე

2 თებერვალს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა უნგრეთს და შეხვდა მასპინძელი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს.

ანგელა მერკელი და ვიქტორ ორბანი ცოტა საკითხზე თუ იზიარებენ ერთმანეთის მოსაზრებებს. ორბანი ცნობილია თავისი პრორუსული პოლიტიკით და ბევრი მას მმართველობის ავტორიტარულ სტილშიც ადანაშაულებს. შეხვედრას დაძაბულობას მატებდა პარლამენტის შენობასთან ორბანის წინააღმდეგ გამართული ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები, რომელთა მონაწილეები მერკელს ორბანის მხილებას სთხოვდნენ.

მერკელი უნგრეთში მას შემდეგ აღარ ჩასულა, რაც 2010 წელს მემარჯვენე-ცენტრისტულმა „ფიდესმა“ არჩევნებში გაიმარჯვა და ამ პარტიის თავმჯდომარე, ვიქტორ ორბანი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გახდა. მერკელის ახლანდელი ვიზიტი განსაკუთრებული გარემოებებითაა გამოწვეული - კერძოდ, უკრაინის გამწვავებული კრიზისით.

საქმე ის არის, რომ ორბანი ეწინააღმდეგება ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ ახალ სანქციებს და ცდილობს, ახლო ურთიერთობა შეინარჩუნოს რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან. ორბანის თქმით, მის პოლიტიკას რუსეთის გაზზე უნგრეთის ძლიერი დამოკიდებულება განაპირობებს. ენერგეტიკის სფეროში რუსეთსა და უნგრეთს შორის შეთანხმებას სწორედ 2015 წელს გასდის ვადა და, ბუდაპეშტს სულაც არ აძლევს ხელს მოსკოვთან ურთიერთობის გამწვავება. ამან კი შეიძლება სერიოზული საფრთხე შეუქმნას ევროპის სანქციების მომავალს.

ჟურნალისტებთან შეხვედრისას, მერკელმა განაცხადა, რომ წინააღმდეგია იმისა, რომ ევროპამ უკრაინა იარაღით მოამარაგოს, თუმცა ეჭვი არ ეპარება რუსეთისთვის დაწესებული სანქციების აუცილებლობაში. ამჯერად მერკელმა თავი შეიკავა ორბანთან ღია კონფრონტაციისგან. ბუდაპეშტში გამართულ პრესკონფერენციაზე მისი განცხადება მინიშნებას უფრო ჰგავდა: „ევროპა მაშინ არის ძლიერი - და ამაზე, მგონი, ვთანხმდებით - როდესაც ჩვენ ერთიანი ძალისხმევით ვუმკლავდებით საერთაშორისო გამოწვევებს.“

იმის მიუხედავად, რომ გასულ კვირაში ევროპის ლიდერებმა მოახერხეს რუსეთის მიმართ გამკაცრებულ ზომებზე შეთანხმება, ბევრის შეშფოთებას იწვევს პრეზიდენტ პუტინის 17 თებერვლისთვის დაგეგმილი ვიზიტი უნგრეთში - განსაკუთრებით იმიტომ, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის არსებობს დაუწერელი მოლაპარაკება, რომ ვიდრე უკრაინაში ომი გრძელდება, მოსკოვთან არავინ გამართავს ორმხრივ შეხვედრებს.

ორბანის საგარეო პოლიტიკის გარდა, მერკელი შეეხო უნგრეთის ამჟამინდელი მთავრობის შიდა პოლიტიკასაც. 2014 წლის ივლისში ორბანმა განაცხადა, რომ სურს უნგრეთი „არალიბერალურ დემოკრატიად“ აქციოს. ამის მაგალითად მან პუტინის რუსეთი მოიყვანა. სამოქალაქო საზოგადოება ორბანს მედიისა და, ზოგადად, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაში ადანაშაულებს. მერკელის ვიზიტისას ორბანის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებზე დემონსტრანტებს ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერებით: „ანგელა! გთხოვთ, გაგვათავისუფლე ამ ბოროტებისგან! ნუ დააფარებ მაფიას ხელს! ჩვენ გვინდა ევროკავშირის მოქალაქეებად დავრჩეთ!“

ერთობლივ პრესკონფერენციაზე მერკელმა განაცხადა, რომ პარლამენტში უმრავლესობის ფლობის მიუხედავად, აუცილებელია, ორბანმა ჯეროვნად დააფასოს ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის როლი ქვეყნის განვითარებაში. მერკელის თქმით, საზოგადოება მაშინ განიცდის წინსვლას, როდესაც სხვადასხვა ჯგუფები ერთმანეთს უპირისპირდებიან, მაგრამ მაინც თანამშრომლობენ გამოსავლის მოსაძებნად. პასუხად, ორბანი დემოკრატიის თავისეულ განმარტებას მიუბრუნდა: „ჩვენ ვფიქრობთ, რომ დემოკრატიის ყველა ფორმა არ არის აუცილებლად დემოკრატიული. და თუ ვინმეს სურს, ამტკიცოს, რომ დემოკრატია მაინცდამაინც ლიბერალურია, მაშინ ეს ადამიანი პრივილეგიებს ითხოვს ერთი სისტემისთვის, რომლებსაც ჩვენ მას ვერ მივცემთ.“

მერკელს არ დაუმალავს, რომ ამ მოსაზრებას არ იზიარებს: „პირადად მე, გულახდილად რომ ვთქვა, ვერავითარ კავშირს ვერ ვხედავ სიტყვა „არალიბერალურსა“ და „დემოკრატიას“ შორის“.

მერკელისა და ორბანის შეხვედრის შემდეგ, უნგრეთის მემარცხენე-ლიბერალურმა გაზეთმა „ნეპსაბადშაგმა“ გამოქვეყნა სტატია, რომელშიც წერს, რომ მერკელის ვიზიტამდე ცოტა ხნით ადრე, ორბანმა საგრძნობლად შეუმცირა სარეკლამო გადასახადი გერმანიის ტელეკომპანია „ერ-ტე-ო კლუბს“, რომელიც უნგრეთში მაუწყებლობს. სტატიის ავტორი ამას „უჩვეულო დამთხვევას“ უწოდებს და ამტკიცებს, რომ გერმანიის ეს ტელეარხი ვეღარ მოახერხებს უნგრეთის შესახებ ახალი ამბების ობიექტურად გაშუქებას.

XS
SM
MD
LG