Accessibility links

აშშ-ის ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ლეონ პანეტამ, სანამ თანამდებობას დატოვებდა, ამერიკელ კონგრესმენებს შესთავაზა, დაწესებულიყო საგანგებო საბრძოლო მედალი იმ პირთა დასაჯილდოვებლად, რომლებიც მოწინააღმდეგეს კიბერსივრცის მეშვეობით ან უპილოტო მფრინავი საშუალებებით ებრძვიან. თანამედროვე ტექნოლოგიებმა, როგორიცაა უპილოტო ავიაცია და ავტომატიზებული კომპიუტერული ქსელი, შეცვალა ომის წარმოების მეთოდებიო, ამტკიცებდა ერთ-ერთი ბოლო საჯარო გამოსვლისას ლეონ პანეტა:

“თავდაცვის მინისტრობისა და ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორობის პერიოდში ცხადად დავინახე, როგორ ცვლის ომის წარმოების მეთოდებს თანამედროვე საშუალებები, დისტანციურად მართვადი აპარატები და კიბერსისტემები. მათი მეშვეობით ჩვენს მამაკაცებსა და ქალებს შეუძლიათ შეებრძოლონ მოწინააღმდეგეს და შორი მანძილიდან გადაწყვიტონ ბრძოლის ბედი. როდესაც თვალს ვადევნებ მათ ამ ყოველდღიურ რთულ საქმიანობას, მუდამ ვგრძნობ, რომ აუცილებლად უნდა იყვნენ დაფასებულნი ისინი, ვინც ასეთ მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს“.


ბრძოლა ყავისა და პლანშეტის თანხლებით

ლეონ პანეტა

ლეონ პანეტა

ლეონ პანეტამ ისე დატოვა თანამდებობა, რომ ვერ მოესწრო თავისი ინიციატივის რეალიზებას, დაწესებულიყო ახალი საბრძოლო მედალი. თუმცა კიბერტერორიზმის მზარდი საფრთხე და უპილოტო ტექნოლოგიების შემდგომი განვითარება ნამდვილად არის დაკავშირებული ისეთ ინტელექტუალურ ძალისხმევასთან, რომელიც ქვეყნების უსაფრთხოებასაც ზრდის და მის ეკონომიკურ პოტენციალსაც.

მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებულია აშშ-ის სტრატეგიული უპილოტო თვითმფრინავი „გლობალ ჰოუკი“, რომლის თითო ერთეულის საბაზრო ღირებულება, შედარებისათვის, საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტს აღემატება. 2012 წლის თებერვალში ნატოს ალიანსმა განაცხადა, რომ 3 მილიარდ ევროს ფასად შეიძენდა აშშ-ისაგან 5 ერთეულ უპილოტო თვითმფრინავს, რომლის საჭიროებაც ალიანსს ლიბიაში მიმდინარე საომარმა ოპერაციამ დაანახვა.

აშშ-ის არმიის მიერ საავიაციო ოპერაციებში გამოიყენება არა მხოლოდ გიგანტური ზომის „გლობალ ჰოუკები“, არამედ ორ-სამ-მეტრიანი საფრენი აპარატები, რომლებიც შეუიარაღებელ თვალს შესაძლოა პინგვინად ან კოლიბრად მოეჩვენოს. როგორც პიტერ სინგერი, ვაშინგტონის ბრუკინგსის ინსტიტუტის თავდაცვის საკითხთა წამყვანი ექსპერტი, ამბობს, სამხედრო დანიშნულების რობოტების განვითარებამ ომის წარმოების ისტორიაში გარდატეხა მოახდინა. თუ 4 000 წლის განმავლობაში ომში წასვლა ნიშნავდა საფრთხეს, რომ მებრძოლი შინ ვეღარ დაბრუნებულიყო, რობოტული ტექნოლოგიის განვითარებამ ეს საფრთხე შეამცირა.

„დღევანდლამდე არსებობდა მყარი წარმოდგენა ომზე. ერთ-ერთი ადამიანი, ვინც ამ წიგნში ფიგურირებს, არის გამანადგურებლის პილოტი ნევადიდან. იგი ლაპარაკობს იმაზე, თუ რას ნიშნავს ომში წასვლა ძველი წარმოდგენით და რას ნიშნავს დღეს, როდესაც, სინამდვილეში, ომში არ მონაწილეობ. დგები დილით, მიდიხარ სამსახურში, 12 საათის განმავლობაში დისტანციურად მართავ თვითმფრინავს, დაუშენ რაკეტებს სამიზნეებს, დახოცავ მტრის ჯარისკაცებს და შემდეგ მანქანით ბრუნდები უკან, სახლში, სადაც „ომში ყოფნის“ 20 წუთის შემდეგ სამზარეულოს მაგიდას უზიხარ და ბავშვებს საშინაო დავალების შესახებ ესაუბრები. ეს არის ისტორიაში მომხდარი ფუნდამენტური, რევოლუციური გარდატეხა“, – ამბობს პიტერ სინგერი, ავტორი წიგნისა, სახელწოდებით „გამოძახებულია ომში: რობოტული რევოლუცია და კონფლიქტები 21-ე საუკუნეში“.

სინგერის ნაშრომის თანახმად, საავიაციო ოპერაციებში აშშ სხვადასხვა სახის 7 000-მდე უპილოტო სისტემას იყენებს, ხმელეთზე ამერიკის ქვეითი ჯარების დასახმარებლად გამოყენებული რობოტების რაოდენობა კი ორჯერ მეტია და 12 000-ს აჭარბებს.


ზუსტი დრონების „კოლატერალური ზიანი“

სავარაუდოდ, სწორედ ერთ-ერთმა ასეთმა უპილოტო საფრენმა აპარატმა გაანადგურა ნოემბრის დასაწყისში პაკისტანის თალიბანის ლიდერი ჰაკიმულა მეჰსუდი და მისი თანმხლები პირები. ორი წლით ადრე, 2011 წლის ოქტომბრის დასაწყისში, დრონების იერიშის მსხვერპლი გახდა იემენის ალ ყაიდის დაჯგუფების ლიდერი ანვარ ალ ავლაკი, უშუალო მონაწილე 2009 წლის 25 დეკემბრისთვის დაგეგმილი ტერაქტისა, რომელიც კონკრეტულად ფაროუკ აბდულმუტალაბს ასაფეთქებელი ნივთიერების გამოყენებით უნდა განეხორციელებინა ამსტერდამ-დეტროიტის თვითმფრინავის რეისზე.
რობოტს შეუძლია მოარტყას მიზანს, მოარტყას ვაშლს 800 მეტრის სიშორიდან, მაგრამ საფრთხე ისაა, რომ, ორი წლის ბავშვის მსგავსად, უჭირს ერთმანეთისგან გაარჩიოს ვაშლი და პამიდორი, რის გამოც ასეთი რობოტის გამოყენება მორალურ და ეთიკურ კითხვებს აღძრავს...

მაგრამ უპილოტო ავიაციის მოქმედება არ არის უნაკლო და მას ისევე ახლავს ე.წ. კოლატარელური ზიანი, როგორც ადამიანის ხელით შექმნილ ყოველგვარ სამხედრო ტექნიკას. ცოტა ხნის წინ უფლებადამცველმა ორგანიზაციამ „ამნესტი ინტერნეშნლმა“ უპილოტო ავიაციის მიერ პაკისტანში განხორციელებული 40 შეტევიდან ათი შეისწავლა და დაადგინა, რომ ჩრდილოეთ ვაზირისტანში აგვისტოდან ოქტომბრამდე განხორციელებული შეტევის არც ერთი მსხვერპლი არ იღებდა მონაწილეობას სამხედრო მოქმედებებში და არ წარმოადგენდა არანაირ საფრთხეს. ცდომილება კი დრონების მოქმედების სხვადასხვა ეტაპზე იჩენს თავს. ზოგჯერ შესაძლოა სამიზნის ადგილმდებარეობა და კოორდინატი იყოს არაზუსტი, ზოგჯერ კი რობოტი მოქმედებს განურჩევლადო, - ამბობს პიტერ სინგერი და ასეთი მაგალით მოჰყავს:

„სისტემას, რომელიც 50-კალიბრიან ტყვიამფრქვევს იყენებს, შეუძლია აღნიშნული ტყვიამფრქვევი გარდაქმნას 50 კალიბრიან სნაიპერულ შაშხანად, რადგან, ადამიანის თითისაგან განსხვავებით, რობოტს ჩახმახი ისე სწრაფად მოჰყავს მოქმედებაში, თითქოს ერთ ტყვიას ისროდეს. თანაც, მას სტაბილურობა ახასიათებს. რობოტს შეუძლია მოარტყას მიზანს, მოარტყას ვაშლს 800 მეტრის სიშორიდან, მაგრამ საფრთხე ისაა, რომ, ორი წლის ბავშვის მსგავსად, უჭირს ერთმანეთისგან გაარჩიოს ვაშლი და პამიდორი, რის გამოც ასეთი რობოტის გამოყენება მორალურ და ეთიკურ კითხვებს აღძრავს. ზოგიერთისთვის ეს არის განსაცვიფრებელი სისტემა და გამოგონება, რომელმაც შესაძლოა საკმაოდ შემაშფოთებელი შედეგი გამოიღოს“.

ამ დისკუსიისა და კრიტიკის ფონზე, აშშ-ში, სამხედრო წარმოების ლიდერ ქვეყანაში, სულ უფრო ფართოდ ინერგება რობოტული ტექნოლოგია როგორც საავიაციო, ისე სახმელეთო და საზღვაო ალიბისათვის. აქტიურად გამოიყენება რობოტი გამნაღმველები, რობოტი მზვერავები და რაკეტების გამანადგურებელი რობოტები. მეტიც, სინგერის თქმით, ყველა გამოკვლევა, რომელიც ბოლო ხანს ჩატარდა, ცხადყოფს, რომ პროექტების უმრავლესობა, რასაც ამერიკის სამხედრო-საავიაციო კამპანიები ახორციელებენ, მორგებულია რობოტებზე და არა ადამიანებზე. ამასთან, იხვეწება უპილოტო თვითმფრინავების ზომები, სისწრაფე და შეუმჩნევლობა.

პენტაგონის ინფორმაციით, 2013 წლის მაისის დასაწყისში ახალმა ამერიკულმა უპილოტო თვითმფრინავმა ავიამზიდ ”ჯორჯ ბუშიდან” პირველი აფრენა განახორციელა. უპილოტო თვითმფრინავი ახორციელებს როგორც აფრენას, ასევე დაშვებას ავიამზიდის გემბანზე. შესაბამისად, შეერთებული შტატების სამხედროებს აღარ დასჭირდებათ სხვა ქვეყნების ნებართვა, გამოიყენონ მათი ავიაბაზები უპილოტო თვითმფრინავის დასაჯდომად.
XS
SM
MD
LG