Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უფლებადამცველები პუტინის რუსეთს აკრიტიკებენ


ვლადიმირ პუტინი
ვლადიმირ პუტინი
ორმა წამყვანმა საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ანგარიშები, რომლებშიც მკაცრად არის გაკრიტიკებული რუსეთი. კერძოდ, აკრიტიკებენ პრეზიდენტის პოსტზე ვლადიმირ პუტინის დაბრუნების შემდეგ სამოქალაქო საზოგადოებაზე გაძლიერებულ ზეწოლას.

უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა „ამნესტი ინტერნეშნლმა“ და”ჰიუმან რაიტს უოჩმა” ოთხშაბათს ერთად წარმოადგინეს ანგარიშები რუსეთში მიმდინარე პროცესზე ყურადღების გასამახვილებლად. „ამნესტი ინტერნეშნლის“ წარმომადგენელმა, ევროპისა და შუა აზიის პროგრამის დირექტორმა ჯონ დალჰოიზენმა ჩვენს რადიოსთან საუბარში ასე განმარტა რუსეთში მიმდინარე პროცესის შესახებ ანგარიშით დასახული ამოცანა:

„შევეცადეთ წარმოგვედგინა ინფორმაცია მკაცრ ზომებზე, რომლებსაც დისიდენტებისა და განსხვავებული აზრის გამოხატვის წინააღმდეგ მიმართავენ ბოლო წლის განმავლობაში, პრეზიდენტ პუტინის მესამე ვადით ინაუგურაციის შემდეგ, და აგვესახა გზა, როგორ მოჰყვა ამას გამოხატვის, ასოციაციებისა და შეკრების თავისუფლების მნიშვნელოვნად შეზღუდვა“.

„ამნესტი ინტერნეშნლის“ ანგარიშის ცენტრალური თემაა შეკრების თავისუფლების შემზღუდველი წესები, რომლებიც რუსეთში 2012 წლის ივნისში შემოიღეს. გაკრიტიკებულია დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციის მიერ, “ამნესტის” შეფასებით, გადამეტებული ძალის გამოყენებაც.
რაც შეეხება „ჰიუმან რაიტს უოჩის“ ანგარიშს, მასში ყურადღება მახვილდება სამოქალაქო საზოგადოებისთვის საზიანო კანონებსა და ქმედებებზე, მათ შორის, კანონზე, რომელიც „უცხოეთის აგენტებად“ დარეგისტრირებას ავალდებულებს უცხოეთიდან ფინანსური დახმარების მიმღებ არასამთავრობო ორგანიზაციებს.

„ჰიუმან რაიტს უოჩის“ მოსკოვის ბიუროს დირექტორის მოადგილემ ტატიანა ლოკშინამ ჩვენს რადიოსთან საუბარში განმარტა, რატომ იწვევს სამოქალაქო სექტორში პროტესტს ტერმინი „უცხოეთის აგენტი“: „რუსეთში „უცხოეთის აგენტი“ მარტო ერთ რამეს ნიშნავს - ეს არის უცხოეთის ჯაშუში და, ამდენად, კანონი, როგორც ჩანს, შექმნილია საზოგადოების თვალში არასამთავრობო ორგანიზაციების დემონიზებისა და მარგინალიზების მიზნით“.
სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლა, რომლის მოწმეც დღეს რუსეთში ვართ, სრულიად უპრეცედენტოა. ის მთელი ძალით ამოქმედდა კრემლში ვლადიმირ პუტინის დაბრუნების შემდეგ...
ტატიანა ლოკშინა

მიმდინარე წლის დასაწყისიდან, რუსეთში სამართალდამცველებმა 200-ზე მეტ არასამთავრობო ორგანიზაციას ჩაუტარეს შემოწმება. მათ შორის იყო, მაგალითად, „გოლოსი“ - არჩევნების მეთვალყურე ორგანიზაცია, რომელმაც მრავალი დარღვევა აღრიცხა 2011 წლის საპარლამენტო და 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისას.

ტატიანა ლოკშინა „უპრეცედენტოს“ უწოდებს რუსეთში სამოქალაქო სექტორზე ზეწოლის მასშტაბს: „სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლა, რომლის მოწმეც დღეს რუსეთში ვართ, სრულიად უპრეცედენტოა. ის მთელი ძალით ამოქმედდა კრემლში ვლადიმირ პუტინის დაბრუნების შემდეგ“.

„ჰიუმან რაიტს უოჩის“ და „ამნესტი ინტერნეშნლის“ ანგარიშებში როგორც აღნიშნავენ, ახალი კანონებით და არასამთავრობო ორგანიზაციებში ჩატარებული შემოწმებებით მოსკოვი უგულებელყოფს საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს.
XS
SM
MD
LG