Accessibility links

logo-print

ამერიკელი და ევროპელი ინტელექტუალები ინდური ფილოსოფიითა თუ მისტიციზმით გასული საუკუნის შუა წლებიდან დაინტერესდნენ. ორიენტალური ვნებები მუსიკალურ ხელოვნებაშიც აისახა. აღმოსავლური მოტივები ჯერ ჯაზურ კომპოზიციებში გაისმა, შემდეგ როკსცენაზეც გადაინაცვლა. თუმცა კონტაქტის დამყარებისა და ინფორმაციის გაცვლის სურვილი ინდოელ არტისტებსაც ამოძრავებდათ. ამგვარი ტენდენცია ყველაზე მეტად სამხრეთინდურ ტრადიციულ მუსიკალურ სტილში, "კარნატიკში", შეინიშნებოდა. ამ ჟანრში მოღვაწე არტისტებმა დასავლური საკრავების გამოყენებაც კი სცადეს. მაგალითად, სუკუმარ პრასადმა გიტარაზე, ლაკშმინარაიანა შანკარმა ელექტროვიოლინოზე, ხოლო კადრი გოპალნათჰმა საქსოფონზე წამოიწყო ექსპერიმენტები. ხსენებული ინსტრუმენტების აღმოსავლურ სამყაროში ინტეგრაციის პროცესი საკმაოდ დიდხანს გრძელდებოდა. გამონაკლისი იტალიური წარმომავლობის მანდოლინა გახლდათ, რომელმაც, დღევანდელი სიუჟეტის გმირის წყალობით, მარტივად აუღო ალღო სამხრეთინდური ტრადიციული მუსიკის თავისებურებებს და მისთვის უცხო აკუსტიკურ სივრცეში თავი მალევე დაიმკვიდრა.

უპალაპუ შრინივასი მუსიკალურ გარემოში იზრდებოდა. მამამისი, რომელიც ფილმების საუნდტრეკებზე მუშაობდა, მულტიინსტრუმენტალისტი გახლდათ და სახლში ევროპული თუ აღმოსავლური საკრავების დიდი კოლექცია ჰქონდა. თუ რატომ ამოარჩია პატარამ მანდოლინა, არავინ იცის. ასეა თუ ისე, ჯერ მამას დაუდგა შეგირდად, ხოლო მოგვიანებით მეზობლად მცხოვრებ გურუს, რომელმაც სამხრეთინდური ხალხური მუსიკის ურთულესი რიტმული სტრუქტურა შეასწავლა. მასწავლებელს მანდოლინა აქამდე არასოდეს ენახა, არც მასზე დაკვრის უნარები გააჩნდა, ამიტომ შეგირდს რაგებს უმღეროდა, მოსწავლეც მოსმენილ თემას ინსტრუმენტზე ამეტყველებდა.

მუსიკოსის გატაცებას ბევრი სკეპტიკურად უყურებდა. საქმე ისაა, რომ სამხრეთინდური "კარნატიკის" შესასრულებლად გრძელი ნოტების აღება, ბგერის გახანგრძლივება გახლდათ საჭირო, მანდოლინას კი ამგვარი რესურსი არ გააჩნდა. მიუხედავად ამისა, არტისტმა ტრემოლოების დახმარებით მაინც მოახერხა სასურველი აკუსტიკური ეფექტის მიღწევა.

12 წლის ინდოელი მუსიკოსის პირველი საჯარო გამოსვლა 1981 წელს მადრასში შედგა, 2 წლის თავზე ბერლინის ჯაზფესტივალშიც მიიღო მონაწილეობა და კანადაშიც მოაწყო საგასტროლო ტურნე. თუმცა სახელი 1995 წელს გაითქვა, როცა ცნობილ კანადელ გიტარისტთან მაიკლ ბრუკთან ერთად ალბომი "Dream" ჩაწერა. 90-იანების ბოლოდან კი, ბრიტანელი გიტარისტის და ეთნოფიუჟენის ერთ-ერთი ფუძემდებლის, ჯონ მაკლაფლინის, "შაქტი"-ში მოხვდა - უფრო ზუსტად, მის სახეცვლილ ვერსიაში, რომელსაც "Remember Shakti" ერქვა. მოგეხსენებათ, ხსენებული პროექტი ინდურ ტრადიციულ მუსიკაზე იყო ორიენტირებული და უპალაპუ შრინივასის მანდოლინამაც შეუცვლელი აკუსტიკური ფერები შეჰმატა კოლექტიურ ჟღერადობას.

2013 წელს მაკლაფლინმა "შაქტის" დაარსების 40 წლის იუბილე ევროპული გასტროლებით აღნიშნა. ბრიტანელმა კლასიკურ შემადგენლობას მოუყარა თავი და მსმენელის წინაშე ზაკირ ჰუსეინთან, სელვაგანეშთან, შანკარ მაჰადევანსა და უპალაპუ შრინივასთან ერთად წარდგა. სამწუხაროდ, მანდოლინაზე დამკვრელისათვის ეს ბოლო საკონცერტო ტურნე აღმოჩნდა - ღვიძლზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ, 45 წლის ასაკში აღესრულა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG