Accessibility links

აშშ მოელის, რომ ავღანეთში თალიბანის თავდასხმები გაგრძელდება


ავღანეთსა და პაკისტანში აშშ-ის საგანგებო წარგზავნილის ჯეიმს დობინსის განცხადებით, თალიბანთან სამშვიდობო მოლაპარაკების პერსპექტივის მიუხედავად, შეერთებული შტატები ვარაუდობს, რომ ავღანეთში ძალადობა არ შეწყდება.

დობინსი ამ საკითხს ინდოეთში ვიზიტისას შეეხო. მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ ვაშინგტონს არა აქვს „გულუბრყვილო ან გადამეტებული მოლოდინი“:

„არავინ იცის, როგორ განვითარდება ეს პროცესი და ნამდვილად არ არის ცხადი, რომ მას მოჰყვება ძალადობის შემცირება და წარმატებული ევოლუცია მშვიდობისაკენ“.

ინდოეთში ჟურნალისტებთან ამ საუბრისას, ამერიკელმა დიპლომატმა გამოთქვა ვარაუდი, რომ თალიბანი გააგრძელებს თავდასხმებს, რათა უფრო ძლიერი პოზიცია ჰქონდეს შეერთებულ შტატებსა და ქაბულთან მოლაპარაკების დროს.

სამშაბათს თალიბებმა იერიში მიიტანეს ქაბულში პრეზიდენტის სასახლესა და მასთან მდებარე შენობაზე, რომელშიც შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს შტაბბინაა განთავსებული. თავდასხმისას სამი მცველი და, სულ ცოტა, ოთხი თავდამსხმელი დაიღუპა.

ჩვენ მკაფიოდ ვთქვით, სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ მკაფიოდ თქვა აქ ვიზიტისას, რომ ნებისმიერი შეთანხმების მისაღწევად საჭიროა საომარი მოქმედებების შეწყვეტა, ავღანეთის კონსტიტუციის პატივისცემა და ყოველგვარი კავშირის გაწყვეტა ალ-ყაიდასა და სხვა ტერორისტულ ორგანიზაციებთან...
ავღანეთსა და პაკისტანში შეერთებული შტატების საგანგებო წარგზავნილმა ჯეიმს დობინსმა გაიმეორა პირობა, რომელიც სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ დადო თალიბანთან შეთანხმების პერსპექტივაზე საუბრისას.

„ჩვენ მკაფიოდ ვთქვით, სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ მკაფიოდ თქვა აქ ვიზიტისას, რომ ნებისმიერი შეთანხმების მისაღწევად საჭიროა საომარი მოქმედებების შეწყვეტა, ავღანეთის კონსტიტუციის პატივისცემა და ყოველგვარი კავშირის გაწყვეტა ალ-ყაიდასა და სხვა ტერორისტულ ორგანიზაციებთან. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ამ მიზნისაკენ მიმართული მოლაპარაკებები ძირითადად იქნება მოლაპარაკებები ავღანეთის მთავრობასა და თალიბანს შორის და არა შეერთებულ შტატებსა და თალიბანს შორის“, - განაცხადა ამერიკელმა დიპლომატმა ინდოეთში, სადაც ქვეყნის ლიდერებს ავღანეთში შექმნილი ვითარების შესახებ ინფორმაცია გააცნო.

რეგიონში ამჟამინდელი ტურნეს ფარგლებში, ჯეიმს დობინსი უკვე ეწვია პაკისტანსა და ავღანეთს და ინდოეთში ვიზიტით დაასრულებს ტურნეს.

მიმდინარე კვირაში გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ისა და ავღანეთის პრეზიდენტები ბარაკ ობამა და ჰამიდ კარზაი მხარს უჭერენ თალიბანთან მოლაპარაკების დაწყებას ყატარში, თალიბანის ოფისში, რომელიც ბოლოხანს გაიხსნა.

გეგმის მიხედვით, ავღანეთში უსაფრთხოების მხარდამჭერი საერთაშორისო ძალები - კერძოდ, საბრძოლო შენაერთები, საქართველოს კონტინგენტის ჩათვლით - 2014 წლის ბოლომდე გავლენ ამ ქვეყნიდან. გასულ კვირაში ნატომ ოფიციალურად ჩააბარა ავღანეთის სამხედრო ძალებსა და პოლიციას ქვეყანაში უსაფრთხოებაზე ზრუნვის ამოცანა.
XS
SM
MD
LG