Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პატიმრების განთავისუფლება ვაშინგტონ-ქაბულის ურთიერთობას კიდევ უფრო ართულებს


აშშ-ის და ავღანეთის დროშები
აშშ-ის და ავღანეთის დროშები
აშშ შეშფოთებულია ქაბულის გეგმით, ციხიდან გაათავისუფლოს პატიმრები, რომლებიც, ვაშინგტონის თანახმად, საფრხეს წარმოადგენენ. რატომ მიაჩნია სარისკოდ ვაშინგტონს ავღანეთის ხელისუფლების ეს ნაბიჯი?

ავღანეთის ხელისუფლება ციხეებიდან იმ 72 პატიმრის განთავისუფლებას აპირებს, რომელთა დანაშაულის დასამტკიცებლად, როგორც ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ განაცხადა ხუთშაბათს, გამოძიებას მცირედი მტკიცებულებაც კი არ მოეპოვება. ეს განზრახვა ჰამიდ კარზაიმ წინა კვირას ქაბულში ვიზიტად მყოფ ამერიკელ სენატორებს გააცნო, რომლებმაც გააფრთხილეს ავღანეთის ლიდერი, რომ ეს ნაბიჯი მნიშვნელოვნად გააუარესებს აშშ-ისა და ავღანეთის ურთიერთობას. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯენ პსაკიმ 9 იანვარს „საშიში დამნაშავეები“ უწოდა იმ პატიმრებს, რომელთა განთავისუფლებაც ავღანეთში იგეგმება:

„ჩვენ გამოვხატეთ შეშფოთება პატიმრების შესაძლო განთავისუფლების თაობაზე მათი საქმეების ავღანეთის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემაში განხილვამდე. ჩვენ გავეცანით განცხადებას, რომლის თანახმადაც, ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ მხარი დაუჭირა 88-დან იმ 72 პატიმრის განთავისუფლებას, მათი საქმეების გადასინჯვის შემდეგ. როგორც თქვენ ასევე შეიძლება იცოდეთ, ეს 72 პატიმარი არის საშიში დამნაშავე და არსებობს იმის დამადასტურებელი ძლიერი მტკიცებულებები, რომ მათ კავშირი აქვთ თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენებით ჩადენილ ტერორისტულ დანაშაულებებთან, რომლის დროსაც ძირითადად იღუპებიან კიდეც ავღანეთის მოქალაქეები“.

რაც შეეხება დანარჩენ 16 პატიმარს, მათი საქმეების გადასინჯვამდე ისინი საპყრობილეში დარჩებიან.

საუბარია პარვანის პროვინციაში ბაგრამის სამხედრო ბაზის მახლობლად მდებარე საპატიმრო დაწესებულებაზე, რომელიც ამერიკის სამხედრო სარდლობისაგან ავღანეთის ხელისუფლებას სამართავად გასული წლის მარტში გადაეცა. ამ საპატიმროში მყოფი ათობით ეჭვმიტანილის განთავისუფლება კიდევ ერთი განხეთქილების საგანია ქაბულსა და ვაშინგტონს შორის, რომლებიც კვლავაც ცდილობენ შეიმუშაონ უსაფრთხოების ისეთი ხელშეკრულება, რომელიც 2014 წლის შემდეგ ავღანეთში ამერიკის ჯარების ყოფნის პირობებსა და ვადებს განსაზღვრავს.

9 იანვარს თვითმკვლელი მოიერიშე თავს დაესხა ჰელმანდის პროვინციის დედაქალაქ ლაშქარგახში მდებარე პოლიციის შენობას. ინციდენტის დროს ერთი პოლიციელი დაიღუპა და 9 სამოქალაქო პირი დაიჭრა. პოლიციელებმა საპასუხო ცეცხლით გაანადგურეს ორი თავდამსხმელი, რომლებიც ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედებას ცდილობდნენ.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG