Accessibility links

რატომ მოკლეს აშშ-ის ელჩი ლიბიაში?


ქრის სტივენსი, აშშ-ის ელჩი ლიბიაში.

ქრის სტივენსი, აშშ-ის ელჩი ლიბიაში.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ დაადასტურა ლიბიის ქალაქ ბენღაზიდან გავრცელებული ცნობა, რომ აშშ-ის ელჩი კრისტოფერ სტივენსიც არის ოთხ დაღუპულს შორის აშშ-ის საკონსულოზე თავდასხმის შემდეგ. თავდამსხმელების რისხვა, მათივე თქმით, გამოიწვია ამერიკულმა ფილმმა, რომელიც შეურაცხყოფს ისლამსა და წინასწარმეტყველ მუჰამედს.

ფილმის შექმნა სულ ხუთი მილიონი დოლარი დაჯდა - გაცილებით ნაკლები, ვიდრე შეერთებულ შტატებში ჩვეულებრივ ჯდება სრულმეტრაჟიანი ფილმის გადაღება. მაგრამ მასზე რეაქცია ფართოა და უაღრესად მწვავე.

საქმე ეხება ფილმს „მუსლიმთა უდანაშაულობა“, რომელმაც მძაფრი ანტიამერიკული საპროტესტო გამოსვლები გამოწვია ლიბიაში და ეგვიპტეში. და ეს 11 სექტემბერს, შეერთებული შტატების წინააღმდეგ ყველაზე მასშტაბური ტერაქტების მე-11-ე წლისთავზე, როცა პატივს მიაგებდნენ დაღუპულების ხსოვნას.

ლიბიის შემთხვევაში პროტესტს მსხვერპლი მოჰყვა. სამშაბათს ღამით შეიარაღებული პირები შეიჭრნენ ბენღაზიში შეერთებული შტატების საკონსულოში, თვითნაკეთი ყუმბარები, რეაქტიული ჭურვები შეაგდეს ოთახებში და ცეცხლი წაუკიდეს შენობას, რასაც ოთხი ამერიკელის სიცოცხლე შეეწირა.

მოვლენების ტრაგიკული კურსი კიდევ ერთხელ ცხადჰყოფს, რამდენად მწვავე გაღიზიანება შეიძლება გამოიწვიოს არაბულ ქვეყნებში დასავლური კულტურის ერთმა ჩვეულებრივმა პროდუქტმა. რად ღირს თუნდაც 2005 წლის მაგალითი - დანიის გაზეთში წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურების გამოქვეყნება, რასაც მასობრივი პროტესტი და არეულობები მოჰყვა არაერთ მაჰმადიანურ ქვეყანაში.

მუსლიმებისათვის დაუშვებელია წინასწარმეტყველის გამოსახულების შექმნა. არადა ფილმში „მუსლიმთა უდანაშაულობა“ არა მარტო განასახიერებენ წინასწარმეტყველს - ის მოსულელო მექალთანედ ჰყავთ გამოყვანილი... ფილმის ერთ-ერთ სცენაში მუჰამედის პერსონაჟს შერჩევით მოჰყავს ციტატები ყურანიდან, რათა გაამართლოს თავისი სურვილი, ინტიმური ურთიერთობა ჰქონდეს სხვა კაცის ცოლთან.

გთავაზობთ ფილმის ერთი ეპიზოდის თარგმანს.

"მუჰამედი: თუ გათხოვილი ქალი თვითონვე სთავაზობს თავს ბატონს და მასაც უნდა ეს ქალი, მას ამის უფლება აქვს - მაშინაც კი, თუ დანარჩენი მორწმუნეები მოკლებული არიან ასეთ უფლებას.

მუჰამედის მიმდევარი: სიმართლეა ყოველივე, რასაც ალაჰი ყურანში ამბობს. რა სასიამოვნოა ჩვენი ისლამური წესები!“

სატირული ფილმის, „მუსლიმთა უდანაშაულობის“ ავტორად სახელდება ისრაელისა და აშშ-ის მოქალაქე, 56 წლის სემ ბასილი. ის უძრავი ქონებით მოვაჭრე მილიონერია და აცხადებს, რომ 100-ზე მეტი ებრაელი დონორისაგან მიიღო შემოწირულობები ფილმის დასაფინანსებლად. ფილმი, ცნობების თანახმად, ერთადერთხელ აჩვენეს ლოს ანჯელესში, როგორც ბასილი ამბობს, თითქმის ცარიელ კინოთეატრში. მაგრამ ფილმის ნაწყვეტები გავრცელდა პოპულარულ საინტერნეტო ვიდეოპორტალ YouTube-ზე, როგორც უკვე ითქვა, მძიმე შედეგებით.

ბენღაზის ერთ-ერთი მკვიდრის თქმით: „ლიბიელებს არ მოსწონთ, როცა ვინმე ცუდს ამბობს მათ წინასწარმეტყველზე. წინასწარმეტყველი მუჰამედი არ არის ოსამა ბინ ლადენი, ან კიდევ სხვა ვინმე. ის არის ჩვენი წინასწარმეტყველი!“

ბენღაზიში სამშაბათი ღამის ძალადობამდე რამდენიმე საათით ადრე, ეგვიპტის დედაქალაქში შეერთებული შტატების საელჩოსთან გაიმართა საპროტესტო აქცია. დემონსტრანტებმა ჩამოგლიჯეს შეერთებული შტატების დროშა და მის ნაცვლად აღმართეს ისლამისტების შავი ალამი.

მოგვიანებით ეგვიპტეში შეერთებული შტატების საელჩომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც იცავს სიტყვის თავისუფლებას, როგორც უნივერსალურ ღირებულებას, მაგრამ გმობს იმათ, ვინც „განზრახ ახდენს მუსლიმების პროვიცირებას მათი რწმენის შეურაცხყოფით“.
XS
SM
MD
LG