Accessibility links

logo-print

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მიესალმა ბელორუსიის ოპოზიციონერი პოლიტიკოსისა და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის მიკოლა სტატკევიჩისა და კიდევ ხუთი პირის პატიმრობიდან გათავისუფლებას. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ 23 აგვისტოს განაცხადა, რომ ოპოზიციონერთა პატიმრობიდან გათავისუფლება არის „დადებითი მოვლენა ბელორუსიის ხალხისთვის და მნიშვნელოვანი ნაბიჯი აშშ-თან ბელორუსიის ურთიერთობის ნორმალიზაციისკენ“. კირბიმ განაცხადა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს სჯერა „ბელორუსიაში მომავალ არჩევნებში ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის, აგრეთვე დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის სტანდარტების შესრულება გააუმჯობესებს აშშ-ბელორუსიის ორმხრივ ურთიერთობებს“. ბელორუსიაში საპრეზიდენტო არჩევნები 11 ოქტომბერს გაიმართება. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორმა ფედერიკა მოგერინიმ და ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანმა 23 აგვისტოს გაავრცელეს განცხადება და აღნიშნეს, რომ ოპოზიციონერთა გათავისუფლება არის „მნიშვნელოვანი პროგრესი ევროკავშირსა და ბელორუსიას შორის ურთიერთობების გაუმჯობესებაში“. ევროკავშირის ოფიციალურ განცხადებაში აგრეთვე აღნიშნულია: „ახლა ველოდებით, რომ ბელორუსიის ხელისუფლება გააუქმებს ყველა აკრძალვას და გათავისუფლებულებს მისცემს საშუალებას სრულად ისარგებლონ თავიანთი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებებით“. მიკოლა სტატკევიჩი 22 აგვისტოს მოულოდნელად გაათავისუფლეს პატიმრობიდან. მან ციხეში თითქმის 5 წელი გაატარა. მიკოლა სტატკევიჩი 2010 წელს, ბელორუსიის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დააპატიმრეს. 2011 წელს მას „მასობრივი არეულობის ორგანიზებაში“ დასდეს ბრალი და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG