Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკის ეკონომიკა და ჩინელი ტურისტების როლი


რიგითი ჩინელი ტურისტი ამერიკაში თითოეულ ვიზიტზე ყველა სხვა ქვეყნის მოქალაქეზე მეტს, საშუალოდ 6 ათას დოლარს ხარჯავს.

რეკლამა ტურიზმის ინდუსტრიის განუყოფელი ნაწილია. პოტენციური სტუმრების მოხიბლვას თითქმის ყველა ქვეყნის მთავრობა, ბიზნესები, თუ რიგითი მოქალაქეები ცდილობენ. ქანთრის სტილის მუსიკოსი როზან ქეში ამერიკის იმ ადგილებს უმღერის, რომელსაც ტურისტები ჩვეულებრივ არ სტუმრობენ, არც ფილმებში იღებენ და არც სიმღერებს წერენ. კრის ტომპსონი Brand USA-ის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ამგვარი ადგილების რეკლამირება აუცილებელია და რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს ტურიზმის განვითარების კიდევ უფრო მეტი პოტენციალი აქვს, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს.

„ბევრად მეტის შეთავაზება შეგვიძლია, ვიდრე ეს ტურისტებს წარმოუდგენიათ. შეერთებულ შტატებში თითქმის ყველანაირი ინტერესის დაკმაყოფილების საშუალება გვაქვს. თანაც ისე, როგორც ეს მხოლოდ ამერიკას შეუძლია“ - ამბობს ის.

ტურიზმის ინდუსტრია ამერიკაში დაახლოებით 8 მილიონ სამუშაო ადგილს ქმნის და უშუალო ზემოქმედება კიდევ უფრო მეტ ადამიანზე აქვს. ტელეარხების ბადეში და ინტერნეტში განთავსებული სარეკლამო კამპანიის ყურადღების ცენტრში უმეტესად ნიუ იორკია. თუმცა, ჩინეთში ხშირად გადის რეკლამები ქვეყნის მეორე ბოლოში მდებარე ქალაქ სან-ფრანცისკოს სილამაზეზე, კულტურაზე და მის კომერციულ ცენტრებზე.

რიგითი ჩინელი ტურისტი ამერიკაში თითოეულ ვიზიტზე ყველაზე მეტს, საშუალოდ 6 ათას დოლარს ხარჯავს. ეს კი ჩინეთის ეკონომიკის მდგრადი განვითარების, ფულის ერთეულის გამყარების და სიმდიდრის გადანაწილების გამო ხდება, ამბობს Lion Tours-ის პრეზიდენტი დანიელ შინი. „მაღაზიებში საყიდლებზე სიარული ჩინელებისთვის სრულ აუცილებლობას წარმოადგენს. მათგან სამშობლოში დაბრუნებისას ოჯახის წევრები და მეგობრები, კოლეგებიც კი, როგორც წესი, საჩუქრებს ელიან“ - გვიხსნის დანიელი.

მისი თქმით, ჩინეთს და შეერთებულ შტატებს შორის არსებული შეთანხმება ამერიკაში ჩამოსვლას ბევრად ამარტივებს. იკლო საჩივრებმა ვიზების და აეროპორტის რიგების გამო. ბოლო დროს არატრადიციულ ადგილებს სულ უფრო და უფრო ბევრი ჩინელი ტურისტი სტუმრობს. ზოგიერთი მათგანი იმასაც ამბობს, რომ მათ ამერიკის რეალური სახე დაინახეს. „ამერიკის უმეტესი ნაწილი ჰოლივუდს საერთოდ არ ჰგავს. ზოგ შტატში ადამიანებს იარაღი თან დააქვთ და ქუჩებში ისვრიან კიდეც“ - ამბობს ტურისტული ფირმის ხელმძღვანელი.

თუმცა, ჰოლივუდური ნაწილი არამარტო ჩინელი, არამედ თავად ამერიკელი, თუ ბევრი სხვა ქვეყნის მოქალაქისთვისაც გაცილებით უფრო მიმზიდველია. სწორედ მათზეა გათვლილი ტურისტული ინდუსტრიის დაკვეთით ამჟამად მიმდინარე გადაღებები. ერთ-ერთი გადამღები ჯგუფი დღეისათვის არსებული უმაღლესი ტექნოლოგიების გამოყენებით, ფილმს ამერიკის ეროვნულ პარკებზე იღებს, რომელიც 2016 წლის აგვისტოში, დაცული ტერიტორიების 100 წლის იუბილისთვის უნდა დასრულდეს.

XS
SM
MD
LG