Accessibility links

აშშ-ის კონგრესმენი საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს


აშშ-ს კონგრესი

აშშ-ს კონგრესი

კრიტიკული აღმოჩნდა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის კონგრესმენის მიერ გავრცელებული განცხადება თავდაცვის სფეროში საქართველოსთან თანამშრომლობის შესახებ. უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში არსებული ურთიერთობა სწორედაც რომ პოზიტიურად იყო შეფასებული 14 ივნისს, კონგრესის ბიბლიოთეკის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. კრიტიკა განცხადების ავტორებმა სულ სხვა მიმართულებით გაშალეს. ისინი არ გამორიცხავენ, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ყოფილ მაღალჩინოსანთა დაკავებები შეიძლება პოლიტიკურად მოტივირებულ ხასიათს ატარებდეს. როგორ აფასებენ აღნიშნულ განცხადებას ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგნლები და შესაძლოა თუ არა მსგავსი ტიპის განცხადებებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ პოზიტიურ ურთიერთობებზე ნეგატიურად იმოქმედოს?

თუკი ამ დრომდე როგორც ამერიკის შეერთებული შტატები, ისე სხვა პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები მხოლოდ და მხოლოდ იმაზე საუბრობდნენ, რომ ისინი ყურადღებით მიადევნებენ თვალყურს იმ საკითხს, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მაღალჩინოსანთა დაკავებების გამოძიება და სასამართლო პროცესები გამჭვირვალედ წარიმართოს, ამჯერად კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის კონგრესმენ ტერნერის განცხადებაში პირდაპირ არის მითითებული, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ახალი ხელისუფლების მიერ ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ამჟამინდელი ოპოზიციის წევრების მიმართ გატარებული ზომები, როგორც ჩანს, პოლიტიკურად მოტივირებულია.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკანიანი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, ეს განცხადება ჩაიწერა იმ კანონპროექტში, რომელიც თავდაცვის სფეროში საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავებასა და დახმარებას გულისხმობს და რომელიც კონგრესის სამხედრო კომიტეტმა უკვე განიხილა. დავით ზალკანიანის თქმით, კონგრესმენმა ტერნერმა აღნიშნულ კანონპროექტს ერთი კვირის წინ მხარი დაუჭირა. იმის თაობაზე, თუ რატომ შეიცვალა მან აზრი ერთი კვირის თავზე, დავით ზალკანიანი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ასეთ ვარაუდს გამოთქვამს:

იმედს მაძლევს ის გარემოება, რომ ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, მათ შორის, საგამოძიებო საქმიანობა ყოფილ მაღალჩინოსნებთან მიმართებაში იმდენად გამჭვირვალედ მიმდინარეობს, რომ უახლოეს ხანებში კონგრესმენები დარწმუნდებიან, რომ სიტუაცია აბსოლუტურად სხვაგვარია...
”ის, სავარაუდოდ, დაექვემდებარა საქართველოდან მიღებული ცალმხრივი ინფორმაციის ზემოქმედებას. ეს ზემოქმედება, სავარაუდოდ, განხორციელდა იმ ძალების მიერ, რომლებიც ხელმძღვანელობენ კერძო ინტერესებით და საერთოდ უგულებელყოფენ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების მნიშვნელობას”, - ამბობს დავით ზალკანიანი.

”მიკერძოებული და ინერციული განცხადება” - ასე აფასებს კონგრესმენ ტერნერის ჩანაწერს რადიო თავისუფლებასთან საუბარში პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ წინა ხელისუფლების პირობებში საქართველოში ხშირი იყო პოლიტიკურად მოტივირებული დაკავებები თუ ანგარიშსწორება, სასამართლო დამოუკიდებლობაში არსებული მნიშვნელოვანი ხარვეზები, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა და სხვა, შეერთებული შტატების კონგრესს ამგვარი რადიკალური განცხადებები არასდროს გაუკეთებია:

”ის, რაც ჩანაწერშია დაფიქსირებული, რა თქმა უნდა, არ შეესაბამება რეალობას. იმედს მაძლევს ის გარემოება, რომ ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, მათ შორის, საგამოძიებო საქმიანობა ყოფილ მაღალჩინოსნებთან მიმართებაში იმდენად გამჭვირვალედ მიმდინარეობს, რომ უახლოეს ხანებში კონგრესმენები დარწმუნდებიან, რომ სიტუაცია აბსოლუტურად სხვაგვარია. ის ხმარდაჭერა, რაც სააკაშვილს ჰქონდა ამერიკისგან, ვფიქრობ, ინერციით გრძელდება და ეს ჩანაწერიც ინერციის ხასიათს ატარებს”.

ირაკლი სესიაშვილი ოპტიმისტურად არის განწყობილი და ამბობს, რომ პოზიტიური ინერცია, რომლითაც ამერიკის შეერთებული შტატები ყოფილი ხელისუფლების მიმართ არის განმსჭვალული, მალე შეიცვლება და ამის მიზეზი იქნება ახალი ხელისუფლების სწორი და გამჭვირვალე პოლიტიკა.

კოლეგისაგან რადიკალურად განსხვავებულია საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლის დავით დარჩიაშვილის მოსაზრება ახალი ხელისუფლების გამჭვირვალე და მართებული პოლიტიკის თაობაზე. მეტიც, როგორც ის რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, ვისაც ჰგონია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებით სამართლიანობის აღდგენისა და დემოკრატიისთვის იბრძვის, ის ან ბრმა და გულუბრყვილოა და ან თვალთმაქცი:

”პარლამენტში ჩვენ მცირე დოზით ვხედავთ დემოკრატიის ფასადს, რაც ძირითადად ძლივს, ძლივს უხერხდება დავით უსუფაშვილს. დანარჩენი ეს არის შევარდნაძისდროინდელი ელიტის რევანშისტული ქმედებები. რა თქმა უნდა, თუკი არის დასაბუთებული კითხვები ოპონენტების მიმართ, ხომ არ არის სადღაც გადაცდომა და სისხლის სამართლის დანაშაული ჩადენილი 9 წლის განმავლობაში, ეს კითხვები ლეგიტიმურად უნდა დაისვას და ძიებაც მიმდინარეობდეს, მაგრამ ცალსახად ვხედავთ ჩვენ აქ მანიპულაციებს ამ ყველაფრით”, - ამბობს დავით დარჩიაშვილი.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირთან და შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების ხარისხის ამაღლება. ჩვენი უსაფრთხოების მდგომარეობა არ გვაძლევს იმის უფლებას, რომ ჩვენ თვალი დავხუჭოთ იმაზე, თუ რა საფრთხეები გველის ჩვენ ურთიერთობების გაუარესების თვალსაზრისით ამ ჩვენ ორ დიდ პარტნიორთან...
მისივე თქმით, მსგავსი ქმედებები აუცილებლად გამოიწვევს ორი ქვეყნის ურთიერთობებში გარკვეული ბზარის გაჩენას. უნდა ითქვას, რომ ამის თაობაზე კონგრესის მიერ გავრცელებულ წერილშიც არის მითითებული, სადაც ვკითხულობთ, რომ საქართველოს მთავრობის მიერ ყოფილი მაღალჩინოსნებისა და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ გატარებულმა ზომებმა, რომლებიც ნაწილობრივ პოლიტიკურად მოტივირებულია, შესაძლოა, მნიშვნელოვანი ნეგატიური დარტყმა მიაყენოს აშშ-ისა და საქართველოს თანამშრომლობას, მათ შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების საკითხებში მყარი ურთიერთობის დამყარების მცდელობაში, ისევე როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს ინტეგრაციის წინსვლას.

”ევროპული კვლევების ცენტრის” ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი ყურადსაღებ მოვლენას უწოდებს კონგრესის მიერ გავრცელებულ განცხადებას და ამბობს, რომ მსგავსი ტიპის შეფასებების იგნორირებამ შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს ამერიკა-საქართველოს შორის არსებულ პოზიტიურ ურთიერთობებს:

”მე არ ვამბობ იმას, რომ საქართველოსთან ურთიერთობები ისე გაფუჭდეს, რომ უარი თქვან ჩვენთან პოლიტიკურ თანამშრომლობაზე და ა.შ., მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირთან და შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების ხარისხის ამაღლება. ჩვენი უსაფრთხოების მდგომარეობა არ გვაძლევს იმის უფლებას, რომ ჩვენ თვალი დავხუჭოთ იმაზე, თუ რა საფრთხეები გველის ჩვენ ურთიერთობების გაუარესების თვალსაზრისით ამ ჩვენ ორ დიდ პარტნიორთან”, - ამბობს კახა გოგოლაშვილი.

არასამთავრობო ორგანიზაცია “თავდაცვისა და უსაფრთხოების სამოქალაქო საბჭოს“ წევრი თეონა აქუბარდია ამბობს, რომ კონგრესის განცხადება ყოფილი მაღალჩინოსნების შესაძლო პოლიტიკურად მოტივირებული დაკავებების თაობაზე სწრაფად მიღებული გადაწყვეტილების შედეგი არ არის და ის შესაძლოა განიხილებოდეს როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკის მაჩვენებელი საქართველოს მიმართ. მისი ვარაუდით, როგორც ჩანს, ხელისუფლებამ ვერ აუხსნა პარტნიორ ქვეყანას რეალური მოტივი იმისა, თუ რატომ არიან დაკავებულნი ყოფილი მაღალჩინოსნები:

”როდესაც შეერთებული შტატების მხრიდან დაწესებულია სტანდარტი, რომ ნებისმიერი დამნაშავე უნდა იყოს დასჯილი და მნიშვნელობა არ აქვს ეს რომელი პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი იქნება, ამ შემთხვევაში, კონგრესმენის განცხადებიდან გამომდინარე, ჩნდება კითხვები, რომ გარკვეულწილად ინდულგენცია აქვთ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს, რამდენადაც ისინი წარმოადგენენ ოპოზიციურ პარტიას. მე ვფიქრობ, რომ აქ, პირველ რიგში, კომუნიკაციის პრობლემაა და, პირველ რიგში, სწორედ ხელისუფლებამ უნდა მოახერხოს ამ კომუნიკაციაში ხარვეზების გამოსწორება”.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საგარეო უწყებაში წარმომადგენლობითი პალატის კონგრესმენ ტერნერის ჩანაწერს კანონპროექტის ვერსიაში სამწუხაროს უწოდებენ, დავით ზალკანიანი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, იმედოვნებს, რომ ამერიკის კონგრესის მიერ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ მიღებული კანონის საბოლოო ვერსია საქართველოსთვის მაინც სასარგებლო იქნება.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG