Accessibility links

logo-print

ხანგრძლივი არდადეგების შემდეგ კანონმდებლები რამდენიმე კრიტიკულ თემას, მათ შორის ქვეყნის ბიუჯეტს, ტერორიზმის საკითხებს და საემიგრაციო რეფორმას განიხილავენ.

ორშაბათს აგვისტოს შვებულებიდან დაბრუნებული ამერიკელი კანონმდებლები მუშაობას ხანგრძლივი დასვენების შემდეგ შეუდგნენ. კონგრესმა და სენატმა პირველ რიგში სექტემბრის ბოლომდე ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი უნდა დაამტკიცოს, რათა მთავრობას დაფინანსება არ შეუწყდეს. შემდეგ კანონმდებლების უმრავლესობა 4 ნოემბრის არჩევნებისთვის საკუთარ შტატებში კამპანიის გასამართად გაემგზავრება.

კონგრესმენები და სენატორები გამორჩეულად ემოციურად ამერიკელი ჟურნალისტების სიკვდილით დასჯის ფაქტზე საუბრობენ. სუნიტი ექსტრემისტების მიერ შექმნილმა ორგანიზაციამ, რომელიც თავს „ერაყის და ლევანტის ისლამურ სახელმწიფოს უწოდებს“, უკვე მეორე ამერიკელ ჟურნალისტს მოკვეთა თავი და მუქარის ვიდეო სოციალური ქსელებით გაავრცელა.

წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი წევრი, კონგრესმენი ედ როისი, რომელიც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეა, ამბობს, რომ ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ მეომრების მიერ შექმნილი საფრთხე განსაკუთრებით სერიოზულია. მისი თქმით, „ერაყის და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს სტრატეგიაში უნიკალურია ინფორმაციის გავრცელების სახეც, ის, თუ როგორ იწონებენ ისინი თავს მკვლელობებით და მოსახლეობის დატერორებით“.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, კონგრესმენი ედ როისი.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, კონგრესმენი ედ როისი.

როისი, ისევე როგორც ბევრი სხვა ამერიკელი კანონმდებელი, თუ აღმასრულებელი შტოს წარმომადგენელი, მიიჩნევს, რომ „ისლამურ სახელმწიფოზე“ იერიში საერთაშორისო კოალიციამ უნდა მიიტანოს, რომელსაც სათავეში შეერთებული შტატები ჩაუდგება. პრეზიდენტი ობამა საკუთარ სტრატეგიას კანონმდებლებთან ერთად დღეს განიხილავს და შემაჯამებელი სიტყვით საჯარო განცხადებას ოთხშაბათს გააკეთებს. წარმომადგენელთა პალატაში ამ კვირაში ტერორიზმის საკითხებზე ხუთი მოსმენა იმართება.

ზოგიერთი კანონმდებელი აცხადებს, რომ პრეზიდენტმა მათთან შეუთანხმებლად და კონგრესის მიერ გაცემული ოფიციალური ავტორიზაციის გარეშე საომარი კამპანია არ უნდა წამოიწყოს. კულურარებში საუბარია ერაყზე და შესაძლოა სირიაზეც კი. ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროფესორი სტივ ბილეტი ამბობს, რომ ამ თემაზე მსჯელობა ჯერჯერობით მხოლოდ სპეკულაციების დონეზეა შესაძლებელი.

„ვფიქრობ, კონგრესი „ერაყის და ლევანტის ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებით რეზოლუციას მიიღებს. რა ფორმას მიიღებს ეს საბოლოოდ, სხვა საკითხია. გავცდებით თუ არა იერიშების მხოლოდ დრონებით მიტანის სტრატეგიას? დავამატებთ თუ არა იქ საჯარისო ფორმირებებს? გავაგზავნით თუ არა ისეთ სამხედრო შენაერთებს, ვინც საომარ ქმედებებში ჩაერთვება? ეს უფრო მნიშვნელოვან კითხვებად მიმაჩნია“ - აღნიშნავს პროფესორი ბილეტი.

კონგრესის ერთი ნაწილი პრეზიდენტს ამერიკელი ჟურნალისტების სიკვდილით დასჯის ფაქტების გამო არასაკმარისად ძლიერი და სწრაფი რეაგირების გამო აკრიტიკებს. ზოგიერთი მათგანი ამბობს, რომ მან დრო დაკარგა და „ისლამური სახელმწიფოს“ დამარცხების სტრატეგია აქამდე მზად უნდა ჰქონოდა.

სექტემბრის თვეში კონგრესში და სენატში განხილვების ერთ-ერთი მთავარი თემა საემიგრაციო რეფორმა და ამერიკის სამხრეთ საზღვრებთან თავმოყრილი იმიგრანტი ბავშვების საკითხი იქნება. ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პრეზიდენტი ობამა ამასთან დაკავშირებით აღმასრულებელ განკარგულებას მოაწერდა ხელს. მაგრამ შაბათს გაკეთებულ განცხადებაში ობამამ აღნიშნა, რომ შუალედურ არჩევნებამდე აღმასრულებელ განკარგულებას არ გამოსცემდა.

პრეზიდენტ ობამას ამ განცხადებამ იმიგრანტების უფლებების დამცველ ორგანიზაციებში და რეფორმის მხარდამჭერ კანონმდებლებში დიდი იმედგაცრუება გამოიწვია. ისინი ამერიკის პრეზიდენტს შიდა პოლიტიკურ ბატალიებში იმიგრანტი ბავშვების და ყოველდღიურად დეპორტირებული უკანონო მოქალაქეების ბედით მანიპულირებაში დებენ ბრალს.

ფაქტია, რომ თვეების და ზოგჯერ წლების მანძილზეც კი დემოკრატებით დომინირებულ სენატში და რესპუბლიკელებით კონტროლირებულ კონგრესში შეთანხმება არამარტო საემიგრაციო რეფორმაზე, არამედ ბევრ სხვა საკითხზე არ ხერხდება. კანონმდებლების ნაწილი წინააღმდეგობრივ თემებზე ხმის მიცემას ერიდება, მითუმეტეს - ნოემბრის დასაწყისში დანიშნულ შუალედურ არჩევნებამდე.

XS
SM
MD
LG