Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კაპიტოლიუმში ევროკავშირთან სამი ქვეყნის ასოცირება აღნიშნეს


15 ივლისს, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების აღნიშვნას არაერთი ამერიკელი სენატორი, კონგრესმენი, გერმანიის ბუნდესტაგის წევრები დაესწრნენ. ღონისძიება აშშ-ის კაპიტოლიუმში გაიმართა და ამერიკის შეერთებულ შტატებში კონრად ადენაუერის ფონდის ხელშეწყობით ჩატარდა.

ღონისძიების გახსნისას, სენატორმა ქრის მერფიმ დამსწრე ელჩებს დოკუმენტის ხელმოწერა მიულოცა, თქვა რა, რომ ევროპამ მზადყოფნა გამოთქვა გააგრძელოს მოლდავეთის, უკრაინისა და საქართველოს მხარდაჭერა ევროკავშირში ამ სახელმწიფოების სრულ გაწევრიანებმდე და რომ ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა ამ პროცესში საკუთარი წვლილი შეიტანოს, რესურსების უზრუნველყოფის ჩათვლით.

საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ელჩებმა მადლიერება გამოხატეს დამსწრე საზოგადოების, ასევე ამერიკის კონგრესის მიმართ და იმედი გამოთქვეს, რომ დასავლეთის მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება:

არჩილ გეგეშიძემ, საქართველოს ელჩმა აშშ-ში განაცხადა:

"ხელშეკრულების შემდეგ, ჩვენ გადავდივართ თვისობრივად ახალ ეტაპზე ევროკავშირთან ურთიერთობებში. ეს გახლავთ ძალიან საპასუხისმგებლო ეტაპი, რომელიც სავსეა უზარმაზარი შესაძლებლობებით და მოტივაციის მომცემი სავარაუდო შედეგებით, და ასევე ეს არის ძალიან რთული დღის წესრიგის მომცემი პროცესი, რომელიც რამდენიმე წელს გასტანს. [საბოლოო შედეგი] დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად კარგად შევასრულებთ ჩვენს საშინაო დავალებას. მთავარი გამოწვევა იქნება ის, რომ მთელმა საზოგადოებამ და მთავრობამ ყველაზე მეტად, გავიზიაროთ უზარმაზარი პასუხისმგებლობა ამ ისტორიული შანსის გამოყენების მიზნით."

მოლდავეთის ელჩი აშშ-ში იგორ მუნტიანუ კმაყოფილია, თუმცა საფრთხეები აფიქრებს:

"ბედნიერები ვართ ამ ხელშეკრულებით, მაგრამ გვაღელვებს რეგიონში შექმნილი უსფრთხოების მდგომარეობა. არაფერს განსაკუთრებით ცუდს არ ველით, თუმცა ჩვენი სადაზვერვო და თავდაცვის ძალების მზადყოფნა უნდა გავზარდოთ, რათა ინტერვენციის შემთხვევაში რეაგირებისთვის მზად ვიყოთ. იმავრდოულად, დასავლელ მოკავშირეებზე ვამყარებთ იმედს, და გვჯერა, რომ უკრაინის მოვლენების შემდეგ ევროპის უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა უფრო მეტად დაიცავს ჩვენს ქვეყნებს. ვულოცავთ ქართველ მეგობრებს, ჩვენ ამ პროცესში ერთად ვართ."

ამერიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა ელჩებს მიულოცა მნიშვნელოვანი დოკუმენტის ხელმოწერა და თქვა, რომ მსოფლიოში არიან ადამიანები, რომლებიც ამ მაგალითს აკვირდებიან და სურთ აღნიშნულ სამ ქვეყანას მიბაძონ: „მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის ნაბიჯი კიდევ მეტი კეთილდღეობისაკენ და [ჩვენი] თანამშრომლობისკენ განხორციელებული ძალისხმევა. ჩვენ ვხედავთ, რომ გრძელდება დნესტრისპირეთის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია. სამივე ქვეყანა იმსახურებს დემოკრატიულ მთავრობებს და მშვიდობიან სახელმწიფოს, ეს ნაბიჯი კი არის მეტი კეთილდღეობისკენ,“ თქვა სენატორმა მაკკეინმა.

XS
SM
MD
LG