Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკა-კუბის სავაჭრო ურთიერთობების მომავალი


პრეზიდენტ ობამას გადაწყვეტილებამ შეამსუბუქოს შეზღუდვები ამერიკა-კუბის სავაჭრო ურთიერთობებში ბიზნეს წრეების ყურადღება მიიპყრო, ბევრი კომპანია მზად არის კონტინენტის კომუნისტურ ქვეყანაში შევიდეს. “ამერიკის ხმასთან” საუბრისას მაიამიში მცხოვრები კუბელი მიგრანტები ამბობენ, რომ მათთვის ეს ტკბილ-მწარე სიახლეა.

როცა ხორხე ვალდეზი 8 წლის იყო ოჯახთან ერთად კუბა ისე დატოვა, რომ თან ტანსცმლის გარდა არაფერი წამოუღია. კუბიდან რამდენიმე ძველი ფოტო და ბევრი მოგონება შემორჩა.

„როცა პატარა ვიყავი, ჩემი ბაბუა სიგარას ეწეოდა. ჩვენ სახლის წინ ჩამოვსხდებოდით, ის სავარძელში ჩაჯდებოდა და ეწეოდა, მამა და ბიძა დომინოს თამაშობდნენ, ეს კუბელობის კიდევ ერთი ნაწილია. ვთამაშობთ დომინოს, ვეწევით სიგარას და ვწვავთ ღორს. აი ესაა კუბელობა,“ ყვება ვალდეზი.

დღეს ის მაიამიში სიგარის მაღაზიის „საბორ ჰავანას“ წარმატებული მფლობელია, მაღაზიაში დიდწილად კუბური ბრენდები იყიდება, რომლებსაც კუბიდან გამოქცეული ოჯახები ამზადებენ.

ვალდეზი ამბობს რომ კუბური სიგარა წლების განმავლობაში ამერიკაში მეკობრეებს შემოჰქონდათ, ახლა კი მსხვილი დისტრიბუტორები კუბის ბაზრის გახსნას ელოდებიან, რაც მისი აზრით გაყიდვებსაც გაზრდის.

„როცა კუბასთან ვაჭრობა დაიწყება და როცა ამერიკაში კუბური სიგარა გვექნება, რა თქმა უნდა გაყიდვები გაიზრდება, ეს ხომ 50 წელია აკრძალული ხილია, ასე რომ ყველას უნდა აკრძალული ხილის გასინჯვა,“ ამბობს ვალდეზი.

კიდევ ერთი მაიამელი კუბელი - ენდი კონსუეგრა ამბობს, რომ ემბარგოს მოხსნა მისი ღვინის გაყიდვებს კარიბის ზღვისპირეთში ავტომატურად გაზრდის.

„ეს დაახლოებით 4-5 მილიონი ტურისტია ერთ ღამეში, ასევე გაიზრდება მოსალოდნელი ტურისტების რაოდენობა, ამას ემატება ადგილობრივი მოსახლეობა რაც ჯამში 11-12 მილიონს აღწევს.“

კონსუეგრა ამბობს, რომ ამჟამად ბაზარზე მსხვილი ევროპული კომპანიები დომინირებენ, რადგან მათ ამერიკის ეკონომიკური ემბარგო არ ეხებათ.

ბიზნესმენები როგორიც ვალდეზი და კონსუეგრა არიან ახალ შესაძლებლობებს ელოდებიან. თუმცა ვალდეზისთვის წარსულის დავიწყება ძნელია.

„ეს მძიმე წარსულია. ნეტა შემეძლოს მისი წაშლა. ამ 50 წლის განმავლობაში იმდენი ტკივილი დაგროვდა, რომ ძნელია ამ ცვლილებებს შეხედო იმ ხალხისთვის სარგებლის გარეშე, ვინც იქ დარჩა“

ვალდეზი ამბობს, რომ მას კომუნისტურ ქვეყანაში დაბრუნება არ სურს და რომ უნდა დრო თავის მეგობრებთან და კლიენტებთან ერთად მის პატარა კუბაში, მაიამიში გაატაროს.

XS
SM
MD
LG