Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპრეზიდენტო კანდიდატების სტრატეგია „მოყოყმანე შტატები“


პრეზიდენტი ბარაკ ობამა და მისი რესპუბლიკელი მეტოქე მიტ რომნი „მთავარ ორთაბრძოლამდე“ უკანასკნელ საშუალებებს იყენებენ ამომრჩეველთა ხმების მოსაპოვებლად. 6 ნოემბრამდე დარჩენილ დღეებში ორივე საპრეზიდენტო კანდიდატის მთავარი სამიზნეა ე.წ. „მოყოყმანე შტატები“, სადაც, გამოკითხვებით, არც ერთ კანდიდატს არ აქვს მყარი გარანტია გამარჯვების მოსაპოვებლად.

დამანგრეველი გრიგალ „სენდის“ გამო აღებული პაუზის შემდეგ, 1 ნოემბერს, პრეზიდენტობის კანდიდატებმა კვლავ განაახლეს წინასაარჩევნო კამპანია. ხუთშაბათს ობამა ვისკონსინსა და ნევადაში ჩავიდა, რომნი კი ვირჯინიაში შეხვდა ამომრჩევლებს. ეს შტატები განეკუთვნებიან იმ „მოყოყმანე“ შტატების რიცხვს, სადაც ამომრჩეველი ხმას ხან რესპუბლიკელთა კანდიდატს აძლევს და ხანაც - დემოკრატთა რჩეულს. აშშ-ის პოლიტიკურ რუკაზე ასეთი „მერყევი“ შტატებია ოჰაიო, კოლორადო, ფლორიდა, ნიუ ჰემპშირი, ვისკონსინი, ვირჯინია და ნევადა.

ვირჯინიის ქალაქ დოსველში სიტყვით გამოსვლისას მიტ რომნიმ თავისი მეტოქე - პრეზიდენტი ბარაკ ობამა - კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და ამჯერად ის ფედერალური უწყებების გაფართოებასა და ბიუროკრატიული ხარჯების გაზრდის მცდელობაში დაადანაშაულა. რომნიმ მოუწოდა ამომრჩევლებს, რომ თუკი ცვლილებები სურთ, მხარი სწორედ მის კანდიდატურას დაუჭირონ:
„ახლა, ამ კამპანიის დასრულების ბოლო კვირებში, გუბერნატორი რომნი მთელ თავის ნიჭს იყენებს, როგორც ვაჭარი, იმისათვის რომ იმავე პოლიტიკით აღიჭურვოს, რომელმაც ჩვენი ქვეყანა ასეთ საშინელ დღეში ჩააგდო ...
ბარაკ ობამა

„ეს არის დიდი მნიშვნელობის არჩევნები და, ვფიქრობ, თქვენ ეს გაცნობიერებული გაქვთ. ვიცი, არიან ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ სწორედ იმ მიმართულებით უნდა ვიაროთ, საითაც ახლა მივდივართ და რომლებიც ფიქრობენ, რომ საქმეები ახლა მართლაც მშვენივრად მიდის. მე არ მჯერა, რომ სტატუს-კვო ამერიკისათვის სწორი მიმართულება იყოს. დარწმუნებული ვარ, რომ ამერიკას, ბოლოს და ბოლოს, რეალური ცვლილებები ესაჭიროება. ასეთი დაპირება იყო და ჩვენ ამ დაპირებას შევუსრულებთ ამერიკელ ხალხს.“

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი, მოქმედი პრეზიდენტი ბარაკ ობამა ვისკონსინში გამოვიდა სიტყვით და, თავისი მეტოქის მსგავსად, ისიც ცვლილების თემას დაუბრუნდა, რაც მისი 2008 წლის წარმატებული საპრეზიდენტო კამპანიის ლაიტმოტივი იყო. მიტ რომნის პოლიტიკასთან დაკავშირებით კი განაცხადა, მასაჩუსეტსის შტატის გუბერნატორის მიერ დაპირებული ცვლილებები სხვა არაფერია, თუ არა დაბრუნება ჯორჯ ბუშის დროინდელ წარუმატებელ პოლიტიკაშიო:

„ახლა, ამ კამპანიის დასრულების ბოლო კვირებში, გუბერნატორი რომნი მთელ თავის ნიჭს იყენებს, როგორც ვაჭარი, იმისათვის რომ იმავე პოლიტიკით აღიჭურვოს, რომელმაც ჩვენი ქვეყანა ასეთ საშინელ დღეში ჩააგდო და რომლისგანაც ბოლო ოთხი წელია გათავისუფლებას ვცდილობთ. და ის ამას გვთავაზობს, როგორც ცვლილებას. რომნი ამბობს, რომ ის ცვლილებებზე ორიენტირებული კანდიდატია, მაგრამ ნება მიბოძე გითხრა შენ, ვისკონსინო, რომ ჩვენ კარგად ვიცით, რასაც წარმოადგენს ეს ცვლილება, კარგად ვიცით, რომ ის, რასაც გუბერნატორი გვთავაზობს, რა თქმა უნდა, არ არის ცვლილება“.

6 ნოემბრამდე დარჩენილ დღეებში ბარაკ ობამას საარჩევნო კამპანიის მძლავრი ფუნდამენტი იქნება უმუშევრობის შემცირება. აშშ-ის ხელისუფლების ახალი ანგარიშის თანახმად, სექტემბერში 7.8 %-მდე შემცირდა უმუშევრობა, რაც ბარაკ ობამას პრეზიდენტობის 4 წლის განმავლობაში ყოველთვის აღემატებოდა 8 %-ს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოებაა ის, რომ ნიუ-იორკის მერმა მაიკლ ბლუმბერგმა ოფიციალურად დაუჭირა მხარი პრეზიდენტ ობამას მეორე ვადით არჩევას.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG