Accessibility links

ჯაშუშობის სკანდალის მიუხედავად, აშშ და ევროპა ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებას იწყებენ


ორშაბათს ევროკავშირი და აშშ ვაშინგტონში მოლაპარაკებას იწყებენ მსოფლიოში უდიდესი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შექმნის შესახებ. მოლაპარაკების დაწყების ფონია ორ ძველ მოკავშირეს შორის მომხდარი განხეთქილება, რაც დევნილობაში მყოფი აშშ-ის დაზვერვის თანამშრომლის ედვარდ სნოუდენის სკანდალურ აღიარებას მოჰყვა ევროკავშირის დიპლომატიურ ოფისებსა და საინტერნეტო ქსელებზე ამერიკის მიერ განხორციელებული თვალთვალის შესახებ.

განსაკუთრებით აღაშფოთა ევროკავშირის ქვეყნები პირად ცხოვრებაში ჩაურევლობისა და პირადი მონაცემების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევამ. სკანდალის მიზეზი გახდა აშშ-ის ეროვნული უშიშროების ყოფილ კონტრაქტორ ედვარდ სნოუდენის მიერ ივნისში გავრცელებული მონაცემები შეერთებული შტატების თვალთვალის შესახებ საიდუმლო პროგრამაზე. აშშ-ში ჯაშუშობაში ადანაშაულებენ სნოუდენს, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, ორი კვირაა მოსკოვის შერემეტიევოს საერთაშორისო აეროპორტის სატრანზიტო სივრცეს აფარებს თავს. კუბის პრეზიდენტმა რაულ კასტრომ კვირას განაცხადა, რომ იგი მხარს უჭერს ლათინური ამერიკის ქვეყნების შეთავაზებას სნოუდენისათვის თავშესაფრის მიცემის თაობაზე. თუმცა ეროვნული ასამბლეის წინაშე სიტყვით გამოსვლისას რაულ კასტროს არ უთქვამს, სნოუდენს თავშესაფარი შესთავაზა თუ უსაფრთხო გადაადგილება კომუნისტურ ქვეყანაში:

„ჩვენ მხარს ვუჭერთ ბოლივიის რესპუბლიკისა და ვენესუელის, ასევე რეგიონის სხვა სახელმწიფოების სუვერენულ უფლებას, ჩვენი ტრადიციების თანახმად, შესთავაზონ თავშესაფარი იმას, ვინც თავისი იდეალებისა თუ დემოკრატიის დაცვის გამო იდევნება“.

რუსეთის ავიაკომპანია „აეროფლოტი“ კვირაში რამდენიმე რეისს ასრულებს კუბის მიმართულებით. გავრცელებული ინფორმაციით, სნოუდენს შეეძლება ჩაფრინდეს კუბაში და იქიდან მიაღწიოს ლათინური ამერიკის რომელიმე პუნქტს. თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ თვითმფრინავი რომელიმე მესამე ქვეყანაშიც დაეშვას. ევროკავშირის რამდენიმე სახელმწიფომ, ასევე ინდოეთმა და ბრაზილიამ უარი თქვეს ედვარდ სნოუდენისათვის თავშესაფრის მიცემაზე.

როგორც ზემოთ ითქვა, მსოფლიოში უდიდესი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შექმნის თაობაზე აშშ-ისა და ევროკავშირის მოლაპარაკებაზე აშშ-ის მიერ განხორციელებული თვალთვალის შესახებაც იქნება საუბარი. მოლაპარაკებაში მონაწილეები შეეცდებიან შეთანხმება გააფორმონ არაუგვიანეს 2014 წლის ბოლომდე და მოხსნან ყველა ბარიერი, რაც ვაჭრობას და ინვესტირებას აფერხებს.

კერძოდ, ლაპარაკია იმ დაბრკოლებების გადალახვაზე, რომლებიც აშშ-სა და ევროკავშირში არსებობს, დაცული წარმოების, კონკრეტულად თავდაცვის კონტრაქტების ანდა გენმოდიფიცირებული სურსათის წარმოების შეზღუდვის სახით.

ევროკავშირსა და აშშ-ებს შორის ვაჭრობის მოცულობამ 2012 წელს დაახლოებით 650 მილიარდი დოლარი შეადგინა, საიდანაც რამდენიმე ასეული მილიარდი კაპიტალდაბანდებასა და მომსახურებაზე მოდის. მოელიან, რომ თავისუფალი ვაჭრობის ზონა, თუკი ის შეიქმნა, 800 მილიონი ადამიანით დასახლებულ ტერიტორიას მოიცავს.
XS
SM
MD
LG