Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკის და ევროპის უსაფრთხოების გამოწვევები


აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი
აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი აცხადებს, რომ ბრიტანეთი ტერორისტული თავდასხმების საფრთხის წინაშე დგას. პარალელურად, ევროპელი სამართალდამცავები უსაფრთხოების მრხივ ვითარებას მძიმედ აფასებენ.

ტერორიზმის გაზრდილი საფრთხეების შესახებ კამერონმა ტელეკომპანია CBS-ის შოუში ‘Face the Nation’-ში გამოსვლისას ისაუბრა.​

„ეს საფრთხე ტრანსფორმირდება, რადგანაც ეს იგივე ფუნდამენტური პრობლემაა - ექტრემისტული ისლამური ტერორი. საფრთხეები იცვლება, მაგრამ ის ისევ ფუნდამენტურ პრობლემას - სიკვდილის კულტს ეფუძნება, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი რელიგიის დამახინჯებაა,“ თქვა პრემიერ-მინისტრმა.​

მისივე თქმით, ექსტრემისტებთან ბრძოლას დიდი დრო და საერთაშორისო თანამშრომლობა სჭირდება:​

„დიდი დრო დასჭირდება ერაყიდან და სირიიდან წარმოშობილი „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორიზმის დამარცხებას. ჩვენ უნდა გამოვავლინოთ დიდი შეუპოვრობა, მაგრამ ამას მარტო დასავლეთის ქვეყნები თავს ვერ გავართმევთ. ჩვენ გვჭირდება ეფექტური მთავრობა ერაყში, მოქმედი ხელისუფლება სირიაში, ლეგიტიმური მმართველები, ვინც დაგვეხმარებიან ჩავახშოთ ისლამის ეს დამახინჯება.​

ევროპის კავშირის სამართალდამცავი სააგენტოს - ევროპოლის დირექტორი რობ ვეინრაითი აცხადებს, რომ პარიზის ტერაქტებს პოლიცია მკაცრად პასუხობს. ​

“ჩვენ ვხედავთ რეაქციებს ბელგიაში, საბერძნეთში, ბერლინში და სხვა ადგილებში. ეს უჩვენებს, თუ რამდენად სერიოზულია საფრთხეები. ეს საფრთხე ევროპის ბევრ ქვეყანაშია გავრცელებული, ამის უკან ადამიანთა ჯგუფები დგანან. შესაძლოა ისინი ათასობითაც იყვნენ, ისინი რადიკალიზებული არიან, ბევრი მათგან სირიიდან და ერაყდან დაბრუნდა, ზოგის განზრახვა აფეთქებების და თავდასხმების მოწყობაა.”​

ტელეკომპანია ABC-ისთვის მიცემულ ინტევრიუში ვეინრაითმა განაცხადა, რომ 2001 წლის 9 სექტემბრის შემდეგ საფრთხეებმა ფორმა შეიცვალა.​

გადაცემა Face the Nation-ში გამოსვლისას სენატის დაზვერვის კომიტეტის წევრმა მარკო რუბიომ კი თქვა, რომ საგარეო საფრთხეებთან ერთად შეერთებული შტატებისთვის კიდევ ერთი გამოწვევა პოტენციური “შინაური ექსტრემისტები” არიან.​

“ამას კიდევ უფრო საშიშს ის ხდის, რომ ამ თავდასხმების დამგეგმავებს შესაძლოა არც არასდროს უმოგზაურიათ ახლო-აღმოსავლეთში. ისინი რადიკალებად ადგილობრივ მეჩეთებში ან ინტერნეტ სივრცეში ჩამოყალიბდნენ. მათ წააქეზებენ აფეთქებები დასავლეთში მოაწყონ. მიმაჩნია, რომ ევროპისთვის, რომელიც ახლო-აღმოსავლეთთან ტერიტორიულად უფრო ახლოსაა და დიდი მუსლიმი მოსახლეობა ჰყავს ეს დიდი საფრთხეა. რისკი დიდია შეერთებულ შტატებშიც, სადაც ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი ჩამოდის იმიგრანტად თუ ტურისტად,” განაცხადა ვეინრაითმა.​

NBC-ის არხზე გადაცემაში ‘Meet the Press’ სნეატორმა ლინდსი გრემი იწრმუნებოდა, რომ “ისლამური სახელმწიფო” და ალ-ნუსრა ერაყსა და სირიაში ამერიკის უმსხვილეს საფრთხეებად რჩებიან. მისი თქმით მათი დამარცხება მსოფლიოს უსაფრთხოებას შეცვლის.

მონაშის უნივერსიტეტის ისლამის და თანამედროვე სამყაროს ცენტრის დირექტორი გრეგ ბარტონი ამბობს, რომ ბევრგან ვითარება უარესდება:

“ავღანეთში, პაკისტანსა და ნიგერიაში ვითარება ცუდიდან უარესისკენ იცვლება. ამას ემატება სომალი, კენია, ალ-შაბაბი, ყველაფერი ეს კი ჩვენ საფრთხეებს და გამოწვევებს გვიზრდის. მათთან გამკლავებას საერთაშორისო რესურსები დასჭირდება,” ამბობს ბარტონი.

ბარტონი ეთანხმება პრემიერ-მინისტრ კამერონს იმაში, რომ ტერორიზმის პრობლემის გადაჭრისგან ათწლეულები გვაშორებს.

XS
SM
MD
LG