Accessibility links

logo-print
აშშ-საქართველოს საზღვაო წვრთნებში, რომელიც შავი ზღვის ბათუმის აკვატორიაში 13 აგვისტოს დილიდან დაიწყო, სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდი ”ბალკლიც” მონაწილეობდა. სანაპირო დაცვის თანამშრომელთა პროფესიული წვრთნის გარდა, რაც ამერიკული სამხედრო ხომალდის 4-დღიანი ვიზიტის ფარგლებში რამდენჯერმე განხორციელდა, ექსპერტები საგანგებოდ გამოყოფენ ვიზიტის უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ შემადგენელსაც.

სხვადასხვა წყაროს ცნობით, 13 აგვისტოს წვრთნები ერთობლივ მოქმედებებზე იყო ორიენტირებული. მხარეებმა მიზნად დაისახეს შეემუშავებინათ ერთობლივ მოქმედებათა მეთოდიკა - მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვისა და კანონდამრღვევი ხომალდების დაკავებისთვის. ამერიკული სამხედრო ხომალდ ”ბალკლის” („BULKELEY“) ვიზიტის ფარგლებში ერთობლივი წვრთნა 11 აგვისტოსაც განხორციელდა, რომელშიც ასევე მონაწილეობდა საქართველოს სანაპირო დაცვის ორი კატარღა. საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, აშშ-ის საზღვაო ძალების პერსონალთან ერთად, მცირეძრავიანი ნავის ტექმომსახურებასა და ხომალდზე განსახორციელებელი ოპერაციების წვრთნებში მონაწილეობა მიიღო საქართველოს სანაპირო დაცვის 30-მდე წევრმა. ”სასარგებლო გამოცდილებისა და უნარების მიღებასთან ერთად, ერთობლივი წვრთნები აშშ-საქართველოს კავშირის გაძლიერებასაც დაეხმარა” - ვკითხულობთ ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალები არ ჰყავს, შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაში შემავალი სტრუქტურის - სანაპირო დაცვის დეპარტამენტის - თანამშრომელთა წვრთნას მეტად მნიშვნელოვნად მიიჩნევს სამხედრო ჟურნალისტთა ასოციაციის თავმჯდომარე გიორგი ცხვიტავა, თუმცა, როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, არანაკლებ მნიშვნელოვანია თავად ამერიკული სამხედრო ხომალდის ვიზიტის ფაქტი, როგორც კიდევ ერთი დასტური ამერიკა-საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური ურთიერთობების სიმტკიცისა. მანამდე ანალოგიური მიზნებით შემოსული არაერთი სხვა ხომალდის მსგავსად, ორი ქვეყნის მტკიცე მეგობრობის დადასტურება ამჯერად წილად ხვდა სამხედრო-საზღვაო ძალების კუთვნილ ხომალდ ”ბალკლის”, სარაკეტო-საესკადრო ნაღმოსანს, რომელიც შავი ზღვის ბათუმის აკვატორიაში, 4 დღით, 10 აგვისტოს შემოვიდა. გიორგი ცხვიტავა ხომალდის ტექნიკურ მახასიათებლებზე ლაპარაკობს:

ამით აშშ-მა ხაზი გაუსვა, რომ ის ინარჩუნებს სტრატეგიულ პარტნიორობას საქართველოსთან და საქართველოს ახალ მთავრობასთან. ცხადია, აინტერესებს ამერიკის მხარეს, თუ რა ხდება საქართველოში და კავკასიის რეგიონში და სურთ, რომ ამ პულსზე მათ ჰქონდეთ მეტ-ნაკლებად ხელი დაჭერილი...
”სხვადასხვა კომბინაციაში ეს ხომალდი შესაძლოა აღჭურვილი იყოს რაკეტებით, აქვს საზენიტო დანადგარები, ასევე საარტილერიო საშუალებები და, გარდა ამისა, მის ბორტზე არის 2 ვერტმფრენი. დაახლოებით არის 7 ათასი ტონა წყალწვის, სიგრძეშია დაახლოებით 155 მეტრი, სიგანეში კი - 20,4. სიძლიერით ის არის 108 ათასი ცხენისძალის, ხოლო მისი მაქსიმალური სიჩქარეა 32 კვანძი. გარდა ამისა, ეკიპაჟი არის 380 კაცი, მათ შორის, 32 ოფიცერი”.

თუკი გიორგი ცხვიტავა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამერიკულ ხომალდ ”ბალკლის” მონაწილეობით შავ ზღვაში განხორციელებულ წვრთნებს პროფესიული თვალსაზრისითაც მნიშვნელოვნად მიიჩნევს, მსგავს წვრთნებს, კულტურული თუ სპორტული ღონისძიებების მსგავსად, ოფიციალური ვიზიტების ჩვეულებრივ შემადგენელ ნაწილად თვლის სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალის - ”არსენალის” - მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი. ამერიკული ხომალდის ვიზიტს ის, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას, წმინდა პოლიტიკურ ჭრილში განიხილავს და მისთვის ცხადია, რომ ეს ყველაფერი რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის მეხუთე წლისთავს უკავშირდება:

”ამით აშშ-მა ხაზი გაუსვა, რომ ის ინარჩუნებს სტრატეგიულ პარტნიორობას საქართველოსთან და საქართველოს ახალ მთავრობასთან. ცხადია, აინტერესებს ამერიკის მხარეს, თუ რა ხდება საქართველოში და კავკასიის რეგიონში და სურთ, რომ ამ პულსზე მათ ჰქონდეთ მეტ-ნაკლებად ხელი დაჭერილი. ბევრს გაახსენდებოდა ამ ვიზიტთან დაკავშირებით, თუ როგორ შემოვიდა აგვისტოს ომის დღეებში საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ამერიკული ხომალდები. ზოგი ამბობდა, რომ მათ წყალი ჩამოიტანეს, მაგრამ მაშინაც მთავარი იყო პოლიტიკური მხარდაჭერა, ანუ ის, რომ ამერიკის დროშა გამოჩნდა უშუალოდ საქართველოს სანაპიროზე”.

ირაკლი ალადაშვილის თქმით, ხომალდ ”ბალკლის” ვიზიტით შეერთებული შტატები მნიშვნელოვან მესიჯებს უგზავნის მოსკოვს. საკითხს ამავე ჭრილში განიხილავს გიორგი ცხვიტავაც. მისთვის ამერიკული ხომალდის ბათუმის აკვატორიაში ვიზიტი უფრო საინტერესოდ გამოიყურება რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ბაქოში ვიზიტის ფონზე.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG