Accessibility links

logo-print

მსჯელობა გუანტანამოს საპატიმროს გავლენასა და მომავალზე


ამერიკელი ოფიციალური პირები ამბობენ, რომისლამური სახელმწიფოს” შეიარაღებული დაჯგუფების მიერ სასტიკად მოკლულ ტყვეებს ნარინჯისფერი სამოსი, შესაძლებელია, გუანტანამოს ყურის საპატიმროში მოთავსებული ეჭვმიტანილების ჩვეული ტანსაცმლის მსგავსად აცვიათ და ეს ფაქტი შემთხვევითი არ არის.

აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილის თანაშემწის, ბრაიან მაკკიონის თანახმად, რომელმაც სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტს ჩვენება მისცა, იმის დამამტკიცებელი საბუთი, რომ გუანტანამო მსოფლიოს ყველაზე ველური ტერორისტების შთაგონების წყარო და გამაერთიანებელია, ბოლო კვირების განმავლობაში მთელი მსოფლიოს ტელეეკრანებზე ჩანდა.

„შემთხვევითი არ არის, რომ “ისლამური სახელმწიფოს” ვიდეო რგოლებში, სადაც იორდანიელი პილოტის ბარბაროსული მკვლელობა და იაპონელი მძევლის ველური მკვლელობა იყო ნაჩვენები, ყოველ მათგანში მსხვერპლს ნარინჯისფერი ტანსაცმელი ეცვა. ბევრს სჯერა, რომ ეს გუანტანამოს საპყრობილის სიმბოლო იყო.“

პრეზიდენტი ბარაკ ობამა დიდი ხანია გუანტანამოს დახურვის მხარდამჭერად გვევლინება და ამბობს, რომ ის ამერიკის რეპუტაციისთვის ისეთ ლაქას წარმოადგენს, რომელიც მოკავშირეებთან, ასევე პარტნიორებთან ურთიერთობებს ართულებს და ტერორისტულ ჯგუფებს კი ახალი მებრძოლების მიზიდვაში ეხმარება.

დამოუკიდებელ სენატორ ანგუს კინგისთვის ეს ხარჯის და სარგებლობის საკითხია.

„ეროვნული ინტერესებისთვის, მოქმედი გუანტანამო უფრო საშიშია, რადგან ამ საპატიმროს ახალი ტერორისტების მიზიდვის იარაღად იყენებენ. ახლა საკითხავი ის არის თუ რამდენად აჭარბებს ამ საფრთხეს საპატიმროდან გათავისუფლებული პირების ტერორისტულ საქმიანობაში ხელახლა ჩართვის რისკი?“

კინგი პენტაგონის ანგარიშებზე მიანიშნებდა, რომელთა მიხედვითაც გუანტანამოდან გათავისუფლებული 600-ზე მეტი პატიმრიდან, დაახლოებით 30 პროცენტმა საბრძოლო მოქმედებები ან განაახლა, ან ეჭვობენ, რომ ამ რაოდენობამ ასეთი ქმედება ჩაიდინა. ობამას ადმინისტრაცია ირწმუნება, რომ ბოლო წლების განმავლობაში რეციდივების დონე 10 პროცენტზე ქვემოთ დაეშვა, თუმცა ეს არგუმენტი ახალი რესპუბლიკელი სენატორის და ერაყის ომის ვეტერანის ტომ კოტონისთვის დიდი ვერაფერი ნუგეშია.

„ჩემის აზრით, გუანტანამოს ერთადერთი პრობლემა, იქ არსებული ბევრი თავისუფალი საწოლი და საკანია. იქ მეტი ტერორისტები უნდა გავგზავნოთ დაკითხვის გასაგრძელებლად, რათა ეს ქვეყანა უსაფრთხოდ იყოს.“

ათი წლის წინანდელ 800 პატიმართან შედარებით, საპყრობილეში, ამჟამად ასზე ოდნავ მეტი პატიმარია და მათგან დაახლოებით ნახევრის გათავისუფლება უკვე დაგეგმილია. ობამას ადმინისტრაცია ამბობს, რომ ახალ პატიმრებს იქ აღარ გაგზავნიან. ასე რომ, დგას საკითხი რა მოუხერხონ ბოლო რამდენიმე ათეულ პატიმარს. მოქმედი კანონმდებლობა გუანტანამოს პატიმრების შეერთებული შტატების ტერიტორიაზე გადაყვანას და მათ იქ გასამართლებას კრძალავს.

დემოკრატ სენატორ ჯო მანჩინის თანახმად, კონგრესმა, სულ ცოტა, ამ კანონის შეცვლაზე უნდა იფიქროს. ის აღნიშნავს, რომ გუანტანამოზე ყოველი პატიმრის წლიურად შენახვის ხარჯი 3 მილიონ დოლარს აჭარბებს. შეერთებული შტატების მაქსიმალურად დაცული ციხის პირობებში კი, ეს ხარჯი თითო პატიმარზე 100 ათას დოლარზე ნაკლებია.

„სამი მილიონი დოლარი გუანტანამოს ყოველ პატიმარზე და 80 ათასი დოლარი ჩვენს საშიშ კრიმინალებზე. მაქსიმალურად დაცული ციხეებიდან აშშ-ში გაქცეულები არ გვყოლია.“

სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტი ამერიკის ტერიტორიაზე გუანტანამოს პატიმრების დაშვებას არ აპირებს და გეგმავს კანონპროექტის შემუშავებას, რომელიც გუანტანამოდან პატიმრების გათავისუფლების პროცესს ორი წლით გაყინავს. მოსმენის შემდეგ, ადმინისტრაციის ოფიციალურმა პირებმა ამ წინადადების წინააღმდეგ გაილაშქრეს. კომიტეტის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა სენატორმა ჯონ მაკეინმა ადმინისტრაციის მიმართ იმედგაცრუება გამოთქვა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტ ობამას ექვსი წელი ჰქონდა იმისთვის, რომ კონგრესისთვის გუანტანამოს საპყრობილის მომავლის ყოვლისმომცველი გეგმა გაეგზავნა.

XS
SM
MD
LG