Accessibility links

რეაქციები სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ლოგო

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ლოგო

ადამიანის უფლებათა დამცველების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში, რომელიც ყველა პრობლემურ საკითხს მოიცავს, წელს უფრო მწვავე და კრიტიკულია, ვიდრე ეს გასულ წლებში შეინიშნებოდა. თუმცა ხელისუფლება არც ამ აზრს ეთანხმება და არც თავად ადამიანის უფლებათა დაცვის 2011 წლის ანგარიშში ასახულ ზოგიერთ შეფასებას.

ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელის უჩა ნანუაშვილის შთაბეჭდილებით, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში, გასულ წლებთან შედარებით, ტონიც გამკაცრებულია და მასში გაცილებით მეტი პრობლემა იყრის თავს:

”ძალიან გრძელია, სამწუხაროდ, იმ სფეროების ჩამონათვალი, სადაც ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი. ვფიქრობ, რომ მესიჯებიც ძალიან მარტივი და გასაგებია - აშშ-ის ხელისუფლება ელოდება, რომ პრობლემები აღმოიფხვრას და ეს უნდა მოხდეს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების პარალელურ რეჟიმში.თუ არ გაუმჯობესდა იგივე მედიაგარემო, თუ არ გაუმჯობესდა სასამართლო სისტემის მუშაობა, რა თქმა უნდა, შეუძლებელი იქნება სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარება.”
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები დამოკიდებულია არა მხოლოდ იმაზე, თუ რა ხდება არჩევნების დღეს, არამედ ასევე წინა თვეებში არსებულ პოლიტიკურ კლიმატზე ...

ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული პრობლემების აღმოფხვრა რომ ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის მნიშვნელოვან აუცილებლობას წარმოადგენს, ეს საქართველოში შეერთებული შტატების ელჩის 24 მაისის ვიდეომიმართვაშიც კარგად ჩანს. სწორედ ამ ერთიან კონტექსტში მოიხსენიებს ჯონ ბასი საქართველოში მოახლოებულ არჩევნებსაც და ამბობს, რომ ”უფრო მტკიცე ქართული დემოკრატია საჭიროებს მაქსიმალურად შესაძლებელ კონკურენტულ გარემოს მომდევნო საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებისთვის“.

”თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები დამოკიდებულია არა მხოლოდ იმაზე, თუ რა ხდება არჩევნების დღეს, არამედ ასევე წინა თვეებში არსებულ პოლიტიკურ კლიმატზე. ჩვენს წუხილს იწვევს მიღებული ცნობები პოლიტიკური ოპოზიციის შევიწროებასთან დაკავშირებით. ჩვენ ასევე გვჯერა, რომ ძალადობა - იქნება ეს მუქარა თუ მისი ფაქტობრივი გამოხატულება ნებისმიერი პირის მხრიდან - არ უნდა იყოს ამ კამპანიასა თუ საარჩევნო გარემოში, ისევე როგორც შეუწყნარებლობის ხელშემწყობი განცხადებები თუ წინადადებები - ქართულ საზოგადოებაში”, - განაცხადა ჯონ ბასმა ხუთშაბათს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში, რომლითაც მან საზოგადოებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2011 წლის ანგარიში წარუდგინა.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით გამოვლენილ უმთავრეს პრობლემებად სახელდება: 1. სახელმწიფო მოხელეების მიერ პატიმართა და დროებით დაკავებულთა უფლებების დარღვევა და სტანდარტებთან სახიფათოდ შეუსაბამო პირობები საპატიმროებში; 2. ხარვეზები კანონის უზენაესობის კუთხით, მაგალითად, პრობლემები სასამართლოს მიერ კანონის ობიექტურ და თანაბარ გამოყენებასთან დაკავშირებით და 3. მთავრობის ჩარევა პროფკავშირებში გაერთიანებულ მოქალაქეთა ფუნდამენტურ უფლებებში, მათ შორის - ჩარევა გაფიცვის უფლებაში.

რაც შეეხება სხვა მნიშვნელოვან პრობლემებს, ანგარიშში საუბარია, მაგალითად: უშიშროების ძალების მიერ დემონსტრანტთა წინააღმდეგ გადამეტებული ძალის გამოყენებაზე, რასაც არ მოჰყოლია დამნაშავეთა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემა, განსაკუთრებით კი - 26 მაისს საპროტესტო აქციის დაშლასთან მიმართებით; დაუსჯელობის სინდრომზე, რასაც იწვევდა ადამიანის უფლებათა დამრღვევი ოფიციალური პირების საქმეების გამოძიების გაჩერება თუ გაჭიანურება; გამჭვირვალობის ნაკლებობაზე ბიზნესის საკუთრებისა და სამთავრობო ტენდერების ჩატარების კუთხით. ანგარიშის თანახმად, მაშინ როდესაც დამოუკიდებელი მედია აქტიურობით და გამოხატულ აზრთა მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა, გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის სამი უმსხვილესი სატელევიზიო მაუწყებელი მჭიდროდ იყო დაკავშირებული მთავრობასთან.

აქვეა საუბარი პოლიტიკური ოპოზიციის წევრთა დაშინებასთან დაკავშირებულ ცნობებზე, ხოლო პოლიტიკური უფლებების მიმოხილვის ნაწილში აქცენტი კეთდება „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე. მაგალითად, აქ ნათქვამია, რომ მას შემდეგ, რაც მილიარდელმა პოლიტიკაში ჩართვის და მომავალ არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განაცხადა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხელისუფლება ამოქმედდა ივანიშვილთან ასოცირებული პირებისა და ბიზნესსექტორის წინააღმდეგ - ”პოლიტიკური მოტივით შევიწროების მიზნით”. ერთ-ერთ ასეთ მაგალითად დასახელებულია ის ფაქტი, რომ საბაჟოდან გამოტანის შემდეგ დაზიანებული აღმოჩნდა ივანიშვილის მიერ ბიზნესისა და პოლიტიკური მიზნებისთვის შემოტანილი საქონელი.

ანგარიშში გამოვლენილ კრიტიკულ მოსაზრებებში ახალს ვერაფერს ხედავს საპარლამენტო უმრავლესობა. მაგალითად, როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლაშა თორდიამ უთხრა ჟურნალისტებს, ამ პრობლემებთან დაკავშირებით დისკუსია ქვეყნის შიგნითაც მიმდინარეობს და მათთან ბრძოლა შემდგომშიც გაგრძელდება:

ჩემი აზრით, წარმატების ნაწილში მოხსენიებული რეფორმები გაცილებით, შეუდარებლად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის სფეროები, რომლებშიც პრობლემებია აღწერილი ...

”ამ საკითხებზე კიდევ უფრო დეტალურად საუბრობს სახალხო დამცველი თავის ყოველწლიურ ანგარიშებში. არის საკითხები, რომლებზეც ჩვენ გვაქვს კონკრეტული პასუხები და რომლებზეც არის კონკრეტული რეაგირება განხორციელებული. თუმცა არის საკითხები, რომლებზეც ჩვენ შეიძლება გვქონდეს განსხვავებული პოზიცია.”

ძირითად საკითხებად, რასაც ხელისუფლება არ ეთანხმება სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში, პოლიტპატიმრების არსებობასა და ოპოზიციის შევიწროებასთან დაკავშირებული ეჭვები სახელდება.

კოალიცია ”ევროპული საქართველოსთვის“ წარმომადგენელი მიხეილ თავხელიძე კი ანგარიშიდან ყველაზე მეტად არ იზიარებს შეფასებებს, რომლებიც ნაციონალურ მაუწყებლებზე სამთავრობო ზეგავლენების არსებობასა და პროფკავშირებში გაწევრიანებულ მოქალაქეთა უფლებების შეზღუდვას უკავშირდება. ზოგადად კი, თავხელიძე მიიჩნევს, რომ საქართველოში არსებული მდგომარეობის თაობაზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან ცუდზე მეტი კარგი ითქვა:

”ჩემი აზრით, წარმატების ნაწილში მოხსენიებული რეფორმები გაცილებით, შეუდარებლად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის სფეროები, რომლებშიც პრობლემებია აღწერილი.”

მნიშვნელოვან წარმატებებში მიხეილ თავხელიძე გულისხმობს მიმართულებებს, რომლებზეც 24 მაისის ვიდეომიმართვაში შეერთებული შტატების ელჩმა ილაპარაკა. მას შემდეგ, რაც განმარტა, რომ, წლევანდელი შემჭიდროებული ფორმატიდან გამომდინარე, ანგარიშში ყურადღება ძირითადად პრობლემებზე მახვილდება, ჯონ ბასმა თქვა, რომ შეინიშნება პროგრესიც და ამ კონტექსტში დაასახელა სამი კონკრეტული მიმართულება. ესენია: საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ახალი ციხეების აგება; ზოგიერთი დანაშაულისთვის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემოღება; რელიგიური უმცირესობებისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით დარეგისტრირების შესაძლებლობის მიცემა.

ამ ბოლო მიმართულების მნიშვნელობას ეჭვქვეშ არ აყენებს ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელი უჩა ნანუაშვილი, თუმცა პირველი ორი წარმატებული მიმართულების მასშტაბებს ზღვაში წვეთად მიიჩნევს იმ პრობლემებთან მიმართებით, რასაც სახელმწიფო დეპარტამენტის 2011 წლის ანგარიში ასახავს. რადიო თავისუფლებასთან საუბარში ანგარიშს ”მწვავე და ობიქტური უწოდა” „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ თავმჯდომარემ თამარ გაბისონიამ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG