Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ირანი: უხერხულობა საჩუქრის გამო


ირანის პრეზიდენტი
ირანის პრეზიდენტი
გასულ თვეში დიდი ყურადღება მიიპყრო გაეროს გენერალურ ასამბლეის სესიასთან დაკავშირებით ნიუ-იორკში ირანის ახალი პრეზიდენტის ჰასან როჰანის ვიზიტმა. ამ ვიზიტის დროს მას შეერთებულმა შტატებმა გადასცა საჩუქარი ირანელი ხალხისათვის - საჩუქარი, რომელიც, როგორც საჩუქრების შემთხვევაში ხდება, ყურადღებისა და კეთილი ნების ჟესტი უნდა ყოფილიყო. ამის ნაცვლად, საჩუქარმა უხერხულობა შექმნა...

შეერთებულ შტატებსა და ირანს მძიმე ურთიერთობა აქვთ - 30 წელიწადზე მეტი ხნის წინ გაწყვიტეს დიპლომატიური კავშირი. ირანში აშშ-ს წლების განმავლობაში ეძახდნენ „დიდ სატანას“, ხოლო აშშ ირანს აკრიტიკებს ბირთვული პროგრამისა და ტერორისტული ორგანიზაციების სავარაუდო მხარდაჭერის გამო. ამ ფონზე ლამის სენსაციად იქნა აღქმული აშშ-ისა და ირანის პრეზიდენტების სატელეფონო საუბარი, რომელიც წელს, 27 სექტემბერს შედგა ნიუ-იორკში ირანის პრეზიდენტის, ჰასან როჰანის ვიზიტისას. ამავე ვიზიტის დროს შეერთებულმა შტატებმა ჰასან როჰანის გადასცა საჩუქარი ირანელი ხალხისათვის - სავარაუდოდ, 2700 წლის წინ დამზადებული სპარსული არტეფაქტი: მითიური ფასკუნჯის გამოსახულების ვერცხლის სასმისი, რომელიც მილიონამდე დოლარად არის შეფასებული.

ამერიკელმა მებაჟეებმა ის 2003 წელს ჩამოართვეს ანტიკვარული ნივთებით მოვაჭრე ირანელს, რომელიც შეეცადა ვერცხლის სასმისის უკანონოდ შეტანას შეერთებული შტატების ტერიტორიაზე. ამის შემდეგ ფასკუნჯმა 10 წელიწადზე მეტი დაყო საწყობში, ვიდრე შეერთებული შტატების მთავრობა ირანის პრეზიდენტის ჰასან როჰანის ნიუ-იორკში ვიზიტს ჩათვლიდა ხელსაყრელ მომენტად სპარსული კულტურის ძველთაძველი ნიმუშის დასაბრუნებლად.

მართლაც, ფასკუნჯი პრეზიდენტ როჰანის გადასცეს, მან ის ირანში ჩაიტანა. იქ კი გაირკვა, რომ არტეფაქტი ყალბია...

„ჯერ ერთი, ის, თუ როგორ არის გაკეთებული და სტილი, რომლითაც არის შესრულებული, ცხადყოფს, რომ ყალბია. ამ ნივთს არა აქვს ფესვები ანტიკურ ირანში. და მეორე: ტექნიკური თვალსაზრისით, მის დასამზადებლად გამოყენებული მასალებიც ცხადყოფს, რომ ის ორიგინალი არ არის“, - განმარტავს ირანის კულტურული მემკვიდრეობის ორგანიზაციის ყოფილი ხელმძღვანელი ჰამიდ ბაქაიე.

მის აზრს იზიარებს ნიუ-იორკის „მეტროპოლიტენ მუზეუმის“ ყოფილი კურატორიც, არქეოლოგი ოსკარ უაიტ მუსკარელა. მან ჯერ კიდევ შარშან გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც აღნიშნავს, რომ ფოტოსურათის ნახვაც კი საკმარისი იყო იმაში დასარწმუნებლად, რომ სპარსული ვერცხლის სასმისი არა ათასობით წლის წინ, არამედ თანამედროვე ეპოქაში არის დამზადებული - მუსკარელას ვარაუდით, არაუმეტეს 14 წლის წინ.

მისი ირანელი კოლეგა ჰამიდ ბაქაიე აღნიშნავს, რომ შავი ბაზარი სავსეა სპარსული ხელოვნების ყალბი ნიმუშებით, რომელთაგან ზოგი მუზეუმებშიც კი ინახება. ვერცხლის ფასკუნჯს რაც შეეხება, ბაქაიე ამბობს, რომ შეერთებულ შტატებში უნდა სცოდნოდათ, რომ ის ნაღდი არ არის.

ასეა თუ ისე, ირანში უაღრესად დადებითი გამოხმაურება მოჰყვა შეერთებული შტატების ჟესტს - ირანისთვის მისი კულტურის ნიმუშის დაბრუნებას. იმედი გვაქვს, რომ ეს არის დასაწყისი ჩვენი სხვა არტეფაქტების დაბრუნების პროცესისო, განაცხადა მოჰამად ალი ნაჯაფიმ, ირანის კულტურული მემკვიდრეობის ორგანიზაციის ამჟამინდელმა ხელმძღვანელმა 28 სექტემბერს, როცა პრეზიდენტ ჰასან როჰანისთან ერთად დაბრუნდა ნიუ-იორკიდან თეირანში და საზოგადოებას წარუდგინა ვერცხლის სასმისი - როგორც მაშინ ფიქრობდნენ, 2700 წლის წინ დამზადებული ნივთი.

ირანის მთავრობას ჯერ არ გაუკეთებია საჯარო განცხადება არტეფაქტის სადავოდ ქცეულ ავთენტიკურობაზე.
XS
SM
MD
LG