Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ოფიციალური პირები: უცხოელი მებრძოლები უდიდეს შეშფოთებას იწვევს


უცხოელი მებრძოლების ერაყში და სირიაში შედინების შეზღუდვის მცდელობების მიუხედავად მათი რიცხვი იზრდება. შეერთებული შტატების დაზვერვის ოფიციალური პირები ახლა ამბობენ, რომ იქ 20 ათასზე მეტი უცხოელი მებრძოლი იმყოფება და მათზე თვალყურის მიდევნება რთული აღმოჩნდა.

კაპიტოლიუმში ჩატარებულ დახურულ მოსმენაზე, ქვეყნის ანტი-ტერორიზმის ოფიციალურმა პირებმა თქვეს, რომ ისეთი დაჯგუფებების შესაძლებლობები, როგორიცაა „ისლამური სახელმწიფო“, საგანგაშო ტემპით იზრდება, რასაც ახალი მებრძოლების მუდმივი და მზარდი შედინება უწყობს ხელს.

გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის მოადგილემ, მაიკლ სტაინბახმა კანონმდებლებს უთხრა, რომ მებრძოლების კვალზე გასვლა, ამერიკაშიც კი, ძნელი იყო.

„მე არ ვიცნობ იქ მყოფ ყველა პირს, ან აქ ვინც ბრუნდება. ასე რომ, სიტუაციის კონტროლზე საუბარი არც შეგვიძლია.“

შეერთებული შტატების ოფიციალური პირები ამბობენ, რომ სირიაში შესულ 20 ათას უცხოელ მებრძოლთაგან, 3400 დასავლეთის ქვეყნებიდანაა და მათ შორის სულ ცოტა 150 ამერიკელია.

კონტრ-ტერორიზმის ეროვნული ცენტრის დირექტორ ნიკოლას რასმუსენისთვის ამ ორგანიზაციის მიმზიდველობა ნათელია.

„“ისლამური სახელმწიფოს“ მედია შესაძლებლობები ძლიერი და ეფექტურია. უფრო მეტიც, დროული პროპაგანდის წარმოების შესაძლებლობა მათ ისევ ეზრდებათ... კონფლიქტის ზონაში ამჟამად შესული პირები საბრძოლველად მზად არიან ან „ისლამური სახელმწიფო“-სთვის ბრძოლის ველზე გასვლას ცდილობენ.“

რასმუსენი ამბობს, რომ უცხოელი მებრძოლები კონფლიქტის ზონაში სხვადასხვა გზებით ხვდებიან და თუმცა ევროპის ქვეყნები ამერიკასთან უფრო მჭიდროდ თანამშრომლობენ, კიდევ უფრო მეტი დახმარებაა საჭირო.

„“ისლამური სახელმწიფო“-ს წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას ან ჩვენს ნებისმიერ მცდელობას, შევზღუდოთ კონფლიქტის ზონაში უცხოელი მებრძოლების შესვლა-გამოსვლა, თურქებთან ქმედითი და ეფექტური პარტნიორობა სჭირდება.“

რესპუბლიკელი კონგრესმენი ფლორიდიდან კერტის კლოუსონი ამბობს:

„მე როგორც ვგრძნობ, ჩვენ ამ პრობლემის იქ გადაჭრას და შესაბამისად აქ მოგვარებას ვერ შევძლეთ, თუ არ გავარკვიეთ თურქეთი სინამდვილეში რა პოზიციაზე დგას.“

კანონმდებლებმა და ოფიციალურმა პირებმა ინტერნეტის და სოციალური მედიის კომპანიების საკითხიც გააჟღერეს, რომლებიც ტერორისტულ ჯგუფებს იმით იცავენ, რომ სამართალდამცავებს კრიტიკულად მნიშვნელოვან მონაცემებთან გაცნობის უფლებას არ აძლევენ.

წარმომადგენელთა პალატის სამამულო უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე მაიკ მაკაულმა, საკითხი ტერორისტების შეერთებულ შტატებში ფარულად შემოღწევის პოტენციური მცდელობის შესახებ წამოჭრა.

„ვფიქრობ, დიდი შეცდომა იქნება შეერთებულ შტატებში იმ ლტოლვილების შემოყვანა, რომლებიც პოტენციურად შესაძლოა რადიკალურები გახდნენ.“

შეერთებული შტატების დაზვერვის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ შეიძლება „ისლამური სახელმწიფო“ ყველაზე აშკარა საფრთხეა, მაგრამ გაფრთხილებას გამოთქვამენ, რომ არაბეთის ნახევარკუნძულის ალ-ყაიდა ისევ გეგმავს ამერიკულ ინტერესებზე თავდასხმას შეერთებულ შტატებშიც და საზღვარგარეთაც.

XS
SM
MD
LG