Accessibility links

logo-print

რისთვის ემზადებიან ამერიკისა და ნატოს მაღალჩინოსანი სამხედროები საქართველოში


ბათუმი

ბათუმი

აშშ-ის ევროპული სარდლობისა და ნატოს სამხედრო მაღალჩინოსნები ბათუმის პორტის შესაძლებლობებს სწავლობენ და ერთ-ერთ ძირითად მიზნად სახელდება მზადება მაისში დაგეგმილი მასშტაბური სამხედრო წვრთნისთვის (ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ცენტრის ფარგლებში). საქართველოს გარდა, აშშ-ისა და ნატოს სამხედრო მაღალჩინოსნები, შავი ზღვის ტურნეს ფარგლებში, შავი ზღვის აუზის ქვეყნებსაც ესტუმრებიან. რამდენად უკავშირდება ეს პროცესები რუსეთისგან მომავალ საფრთხეებს?

მაისში საქართველო და, კერძოდ, ვაზიანის საწვრთნელი ბაზა 3 კვირის განმავლობაში უმასპინძლებს მრავალეროვან სამხედრო წვრთნას, სახელწოდებით„ღირსეული პარტნიორი“ (Noble Partner), რომელშიც, წინასწარი ინფორმაციით, ამერიკელ და ქართველ სამხედროებს ბრიტანელი ჯარისკაცებიც შეუერთდებიან. შარშანდელზე უფრო მასშტაბური სამხედრო წვრნის ჩატარების ძირითად მიზნადსახელდება ურთიერთთავსებადობის ამაღლება და შესაბამისი მომზადება ნატოს რეაგირების ძალების ფუნქციონირებისთვის.

თუკი საქართველოს სტუმარს –აშშ-ის არმიის სარდალს ევროპაში – გენერალ-ლეიტენანტ ფრედერიკ ბენ ჰოჯესს მოვუსმენთ, ბათუმის პორტის შესაძლებლობების შესწავლა პირდაპირ უკავშირდება მაისში დაგეგმილ წვრთნებსაც:

„ჩვენ აქ ბათუმის პორტის შესაძლებლობების შესასწავლად ჩამოვედით - თუ რა არის საჭირო და რამდენად სწრაფად არის შესაძლებელი სამხედრო ტექნიკის გადმოტანა. ჩვენ შორის არიან ლოგისტიკის სფეროს პროფესიონალი სამხედროები. ჩვენ, ასევე, ჩამოვედით საქართველოში, რათა ვაჩვენოთ საქართველოსა და ჩემს კარგ მეგობარს,კარგ სამხედროს - გენერალ (ვახტანგ) კაპანაძეს, რომ ჩვენ ვაგრძელებთ თანამშრომლობას საქართველოსთან, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ურთიერთთავსებადობის გაუმჯობესების კუთხით. მალე საქართველოში ერთობლივი სამხედრო წვრთნა – „ღირსეული პარტნიორი“ - ჩატარდება... და სწორედ ამ წვრთნისთვის შემოვა აქ ბულგარეთიდან ბორნით წამოსული აშშ-ის არმიის სატანკო ასეული... შესაბამისად, მსურდა წინასწარ მენახა, რა შესაძლებლობები არსებობს“.

ფრედერიკ ბენ ჰოჯესს ამჯერად არ დაუკონკრეტებია, თუ რა სახის ტექნიკის შემოტანა იგეგმება, თუმცა თებერვალში, როცა ამერიკელი გენერალი საქართველოს თავდაცვის მინისტრს თინა ხიდაშელს მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში შეხვდა, აღნიშნა, რომ „ღირსეული პარტნიორის“ წვრთნაში მონაწილეობისთვის საქართველოში ამერიკული წარმოების ჯავშანტექნიკა – „ბრედლი“ და „აბრამსი“ - შემოვა და ისიც შემოწმდება, თუ რა ვადაშია შესაძლებელი მძიმე ტექნიკისა და ცოცხალი ძალის გადმოსხმა საქართველოს ტერიტორიაზე. ნატო-საქართველოს ერთობლივი ცენტრის ფარგლებში, ასეთი მასშტაბური სამხედრო წვრთნის ჩატარებას ანალიტიკოსების ერთი ნაწილი მეტად მნიშვნელოვან მოვლენად მიიჩნევს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ვარშავის სამიტის წინ. ეს ღონისძიება აღიქმება ასევე ძლიერ სიგნალად მოსკოვის მისამართით, რომ საქართველო და ნატო პარტნიორობის კიდევ უფრო განმტკიცებას ცდილობენ.

შეერთებული შტატების სამხედრო ხომალდი ბათუმის პორტში

შეერთებული შტატების სამხედრო ხომალდი ბათუმის პორტში

სამხედრო მაღალჩინოსნების ვიზიტს მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, რომელიც სტუმრებს 28 აპრილს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დახვდა. ითქვა, რომ ვიზიტის ყურადღების ცენტრში სრულიად შავი ზღვის აკვატორია ექცევა:

„ჩამოსულია ძალიან მაღალი დონის დელეგაცია - გენერლები, პოლკოვნიკები, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები, როგორც ევროპაში ამერიკული სარდლობის, ასევე ნატოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლები. მათი ვიზიტის მიზანია ახლოს გაიცნონ ის შესაძლებლობები, რაც გააჩნია საზღვაო პორტებს, ზოგადად, შავი ზღვის აკვატორიაში და, მათ შორის, საქართველოშიც“.

თუკი შავ ზღვაში ბოლო პერიოდში (გასული საუკუნის 90-იან წლებში და ამ საუკუნის პირველ ათწლეულში) ყველაზე ძლიერი იყო ნატოს წევრი ქვეყნის, თურქეთის, ფლოტი, ახლა ახალი წყალქვეშა ნავების, ახალი კორვეტების (საგუშაგო გემების) პირობებში, რუსეთის შავი ზღვის ფლოტი, სავარაუდოდ, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გახდება...

აშშ–ისა და ნატოს სამხედრო მაღალჩინოსნების მხრიდან შავი ზღვის აკვატორიით ასეთ საფუძვლიან დაინტერესებას რუსეთის არმიისა და საზღვაო ფლოტის განახლებას უკავშირებს სამხედრო ანალიტიკური ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, ნატო საგონებელში ჩააგდო რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპირებამ და ამ ფონზე ხელახლა გაცოცხლდა შავი ზღვის აუზის სტრატეგიული მნიშვნელობა, რაცგანსაკუთრებით გამოიკვეთა ცივი ომის დროს. ექსპერტი ფიქრობს, რომ ამ ეტაპზე ამერიკა და ნატო სტრატეგიული თადარიგის დაჭერას ცდილობენ:

„თუკი შავ ზღვაში ბოლო პერიოდში (გასული საუკუნის 90-იან წლებში და ამ საუკუნის პირველ ათწლეულში) ყველაზე ძლიერი იყო ნატოს წევრი ქვეყნის, თურქეთის, ფლოტი, ახლა ახალი წყალქვეშა ნავების, ახალი კორვეტების (საგუშაგო გემების) პირობებში, რუსეთის შავი ზღვის ფლოტი, სავარაუდოდ, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გახდება... თუკი ნატოსა და აშშ-ს სურთ, რომ დაიბრუნონ თავიანთი პოზიციები შავი ზღვის აკვატორიაში, მათ დასჭირდებათიმ ქვეყნების პორტების, სანაპირო დაცვისა და, საერთოდ, იმ ქვეყნების საზღვაო ძალების გაძლიერება, რომლებიც ნატოს წევრები ან პარტნიორები არიან. ასეთი ქვეყნებია რუმინეთი, ბულგარეთი, თურქეთი, უკრაინა და საქართველო“.

ირაკლი ალადაშვილის თქმით, თუკი ნატო გააზრებულად გამოიყენებს შავი ზღვის აუზის ექვსი ქვეყნიდან ხუთის შესაძლებლობებს, რუსეთი ერთგვარ იზოლაციაში მოექცევა და ხელი შეეშლება მოსკოვის მიერ გარკვეული ტიპის გეგმების შესრულებას, რაც ამ რეგიონში ზეგავლენის გაძლიერებას ისახავს მიზნად.

შავი ზღვის ტურნეს ფარგლებში, საქართველოს შემდეგ აშშ-ის ევროპული სარდლობისა და ნატოს სამხედრო მაღალჩინოსნები, საზღვაო პორტების ინფრასტრუქტურის უკეთ შესწავლის მიზნით, შავი ზღვის აუზში ნატოს წევრ ქვეყნებსაც ესტუმრებიან.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG