Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკული პოლიტიკა არჩევნებიდან არჩევნებამდე


ამერიკის კაპიტოლიუმი
ამერიკის კაპიტოლიუმი

4 ნოემბრის შუალედური არჩევნების შედეგად რესპუბლიკელები იანვრიდან კონგრესს გააკონტროლებენ. დემოკრატებმა სენატში უმრავლესობა დაკარგეს და ახლა ორივე პალატაში უმცირესობაში ყოფნისთვის უნდა მოემზადონ. ორივე პარტია უკვე 2016 წლის არჩევნებისთვის ემზადება, როცა ამერიკელები არა მხოლოდ კონგრესს, არამედ პრეზიდენტსაც აირჩევენ.

საზოგადოებრივი აზრის რესპუბლიკელი მკვლევარი ვიტ აირესი მიიჩვენს,რომ ამ წლის შუალედურ არჩევნებში გამარჯვებამ, მის პარტიას თეთრი სახლის დაუფლებისთვის ნიადაგი შეუმზადა.

„ჩვენ უკეთესი კანდიდატები გვყავდა და გვყავდა კანდიდატები, რომელთაც რესპუბლიკური კოალიციის გაერთიანება შეეძლოთ. რა თქმა უნდა, 2016-შიც იგივე მოხდება,“ ამბობს აირესი.

ერთი პარტიისთვის მიყოლებით სამი საპრეზიდენტო არჩევნების მოგება უაღრესად ძნელია. ისტორია გვიჩვენებს, რომ ეს ძალიან უჩვეულო მოვლენაა

რესპუბლიკელები შესაძლო საპრეზიდენტო კანდიდატების ნაკლებობას არ განიცდიან. მათ შორის არიან ფლორიდის ყოფილი გუბერნატორი ჯეფ ბუში, ნიუ-ჯერსის გუბერნატორი კრის კრისტი და ტეხასის სენატორი ტედ კრუზი. მაგრამ აირესი აღიარებს, რომ ამჟამად პარტიას გამოკვეთილი კანდიდატი არ ჰყავს:

„ვინც გაიმარჯვებს, იმის უნარს გამოაჩენს, რომ „ჩაის სმის“ მოძრაობის, ლიბერტარიანელი, სამთავრობო, სოციალ-კონსერვატორი და საერთაშორისო რესპუბლიკელები ერთ კოალიციაში გააერთიანოს, ყველა ამ ჯგუფიდან იმდენი მოიზიდოს, რომ უმრავლესობა შექმნას.“

2016-ში დემოკრატებს ბევრად განსხვავებული გამოწვევა ექნებათ. არჩევნებში მონაწილეობის მიღებას თუ გადაწყვეტს, ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი 2016 წლის არჩევნებისთვის გამოკვეთილი ლიდერი იქნება. მაგრამ მის პარტიას მომგებიანი გზავნილი სჭირდება, ამბობს დემოკრატი სტრატეგი სელინდა ლეიკი:

“ჩვენ ვერაფერს მოვიგებთ თუ ეკონომიკის სფეროში უპირატესობა არ გვექნება, არასდროს მოგვიგია და ვერც ვერასდროს მოვიგებთ. ჩვენ, როგორც დემოკრატებს, პირველ რიგში მომავლის ისეთი ეკონომიკური გეგმის და მიზნის წარმოჩენა გვჭირდება, რომელიც ამ ქვეყნის ყველა მცხოვრებს და მათ შვილებს კეთილდღეობის შანსს მისცემს.“

ანალიტიკოსები, ლეიკის ჩათვლით, მიიჩნევენ, რომ წარმატების მისაღწევად კლინტონი, გარკვეულ წილად უნდა გაემიჯნოს პრეზიდენტ ობამას, რომლის არაპოპულარულობაც შუალედურმა არჩევნებმა დაამტკიცა.

იგივეს მოწმობს წამყვანი ამერიკული კვლევითი ორგანიზაციის - Pew Research-ის მონაცემები. 2014 წლის ბოლო მონაცემებით, ბარაკ ობამას საპრეზიდენტო საქმიანობა გამოკითხულთა მხოლოდ 43%-ს მოსწონს, მისი პრეზიდენტობის პირველ თვეებში, 2009 წლის თებერვალში მაჩვენებელი 20%-ით მაღალი იყო. ბოლო 13 თვის განმავლობაში ეს მაჩვენებელი სტაბილურად 41-45 პროცენტს შორის იყო.

„ვფიქრობ, სამართლიანად თუ უსამართლოდ ბევრი ასკვნის, მიუხედავად იმისა, რომ ობამამ ცვლილებები მოიტანა, მას საქმის კეთებისთვის საკმარისი გამოცდილება არ ჰქონდა. სახელმწიფო მდივან კლინტონის კვალიფიკაციის და გამოცდილების შესახებ კითხვები არავის აქვს.“

დემოკრატების ფავორიტობის მიუხედავად, კლინტონს გამოწვევების გადალახვა მოუწევს, ამბობს ანალიტიკოსი ჯონ ფორტიერი.

„მისი დამარცხება ძნელი იქნება და ვფიქრობ, რომ მას ნამდვილად დააყენებენ გამოწვევების წინაშე. ისინი სავარაუდოდ მემარცხენე პოზიციებიდან წამოაყენებენ არგუმენტებს იმის თაობაზე, რომ მისი საგარეო პოლიტიკა ზედმეტად „ქორისებურია“.

იგივეს ადასტურებს Pew Research-ის მონაცემებიც, კლინტონს ამერიკელთა დიდი მხარდაჭერა აქვს, 67% დადებითად აფასებს მის საქმიანობას სახელმწიფო მდივნის პოზიციაზე, 56% მას გულწრფელობას უფასებს, 69%-ისთვის კი ის ძლიერი პოლიტიკოსია.

რესპუბლიკელი ვიტ აირესი მიიჩნევს, რომ დემოკრატები სათანადოდ ვერ აფასებენ, თუ რამდენად რთული იქნება მათთვის თეთრი სახლის შენარჩუნება.

„გეტყვით, რომ ერთი პარტიისთვის მიყოლებით სამი საპრეზიდენტო არჩევნების მოგება უაღრესად ძნელია. ისტორია გვიჩვენებს, რომ ეს ძალიან უჩვეულო მოვლენაა,“ ამბობს აირესი.

ბოლო შემთხვევა, როცა თეთრი სახლი ერთმა პარტიამ ზედიზედ სამჯერ დაიკავა, 1988 წელს მოხდა, როცა ვიცე პრეზიდენტი ჯორჯ ბუში უფროსი, პრეზიდენტ რეიგანის ორი საპრეზიდენტო ვადის შემდეგ პეზიდენტად აირჩიეს.

XS
SM
MD
LG