Accessibility links

ამერიკის ორივე ძირითადი პოლიტიკური პარტია, კონგრესის ამა წლის შუალედური არჩევნების შედეგების გულდასმით დამუშავებს იმ იმედით იწყებს, რომ ეს გაკვეთილი 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის გამოიყენოს.

იანვარში რესპუბლიკელები კონგრესის სრულ კონტროლს აიღებენ ხელში და მომავალი ორი წლისთვის ბევრი რამ ექნებათ დასაგეგმი. რესპუბლიკური პარტია შეეცდება წლევანდელი წარმატების საფუძველზე, ორ წელიწადში თეთრი სახლი კვლავ დაიკავოს.

დემოკრატებს სხვა პრობლემა აქვთ. ისინი ამა წლის შუალედურ არჩევნებში დამარცხებაში გარკვევას ცდილობენ და 2016 წელს, უკეთეს შედეგზე ფიქრობენ. ისინი იმედოვნებენ, რომ დაარღვევენ იმ ისტორიულ კანონზომიერებას, როცა პოლიტიკურ პარტიებს, სამ არჩევნებში ზედიზედ, პრეზიდენტის პოსტის მოპოვება უჭირთ.

საზოგადოებრივი აზრის რესპუბლიკელმა სოციოლოგმა ვიტ აირესმა თქვა, რომ ამ წლის შუალედურ არჩევნებში გამარჯვებამ, მის პარტიას თეთრი სახლის დაუფლების ნიადაგი შეუმზადა. „ჩვენ უკეთესი კანდიდატები გვყავდა და გვყავდა კანდიდატებიც, რომელთაც რესპუბლიკური კოალიციის გაერთიანება შეეძლოთ. რა თქმა უნდა, 2016-შიც იგივე მოხდება.“

ძალების განლაგება 2016 წლისთვის

რესპუბლიკელები შესაძლო საპრეზიდენტო კანდიდატების ნაკლებობას არ განიცდიან. მათ შორის არიან- ფლორიდის ყოფილი გუბერნატორი ჯეფ ბუში, ნიუ ჯერსის გუბერნატორი კრის კრისტი და ტეხასის სენატორი ტედ კრუზი.

მაგრამ აირესი აქვე აღიარებს, რომ ამჟამად პარტიას გამოკვეთილი კანდიდატი არ ჰყავს. „ვინც გაიმარჯვებს, იმის უნარს გამოაჩენს, რომ „ჩაის სმის“ მოძრაობის, ლიბერტარიანელი, სამთავრობო, სოციალ-კონსერვატორი და საერთაშორისო რესპუბლიკელები ერთ კოალიციაში გააერთიანოს, ყველა ამ ჯგუფიდან იმდენი მოიზიდოს, რომ უმრავლესობა შექმნას.“

„ნეშნლ ჯორნელის“ ანალიტიკოსი რონ ფურნიე ამბობს, რომ 2016 წელს, რესპუბლიკელებმა შესაძლოა კანდიდატი შტატების გუბერნატორებს შორის მოიძიონ, ისევე როგორც ადრე რონალდ რეიგანის და ჯორჯ ბუშის შემთხვევაში გააკეთეს. „ეს იქნება გუბერნატორი, რა თქმა უნდა არა ვაშინგტონიდან, რომელსაც სინამდვილეში სხვა პარტიასთან თანამშრომლობით რაღაცის გაკეთების ისტორია აქვს, იმიტომ, რომ ადამიანებს სწორედ ეს სურთ.“

დემოკრატები გზავნილის ძიებაში

რა თქმა უნდა, 2016-ში დემოკრატებს ბევრად განსხვავებული გამოწვევა ექნებათ. ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი 2016 წლის არჩევნებისთვის გამოკვეთილი ლიდერია, მაგრამ მის პარტიას მომგებიანი გზავნილი სჭირდება, ამბობს დემოკრატი სტრატეგი სელინდა ლეიკი. ‘ჩვენ ვერაფერს მოვიგებთ, თუ ეკონომიკის სფეროში უპირატესობა არ გვექნება. ამის გარეშე არასდროს მოგვიგია და ვერც ვერასდროს მოვიგებთ. ჩვენ, როგორც დემოკრატებს, პირველ რიგში მომავლის ისეთი ეკონომიკური გეგმის და მიზნის წარმოჩენა გვჭირდება, რომელიც ამ ქვეყნის ყველა მცხოვრებს კეთილდღეობის შანსს მისცემს.“

ანალიტიკოსები, ლეიკის ჩათვლით, წინასწარმეტყველებენ, რომ წარმატების მისაღწევად კლინტონმა, პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან, რომლის არაპოპულარულობაც შუალედურმა არჩევნებმა დაამტკიცა, გარკვეული დისტანცია უნდა დაიკავოს. ლეიკი ამბობს, „ვფიქრობ, სამართლიანად თუ უსამართლოდ, ბევრი ასკვნის, მიუხედავად იმისა, რომ ობამამ ცვლილებები შემოიტანა, მას საქმის კეთებისთვის საკმარისი გამოცდილება არ ჰქონდა. სახელმწიფო მდივან კლინტონის კვალიფიკაციის და გამოცდილების შესახებ კითხვები არავის აქვს.“

კლინტონი, უეჭველად, დემოკრატების საკანდიდატო ფავორიტია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პარტიის შიგნით მას არ ეყოლება მეტოქეები, რომლებიც მისი კარიერის შესახებ, განსაკუთრებით საგარეო პოლიტიკის სფეროში, კითხვებს წამოჭრიან. ვაშინგტონის ორპარტიული პოლიტიკის ცენტრის ექსპერტი ჯონ ფორტიე შეერთებული შტატების პოლიტიკას აკვირდება. „მისი დამარცხება ძნელი იქნება და ვფიქრობ, რომ მას ნამდვილად დააყენებენ გამოწვევების წინაშე. ისინი სავარაუდოდ, მემარცხენე პოზიციებიდან წამოაყენებენ არგუმენტებს იმის თაობაზე, რომ მისი საგარეო პოლიტიკა ზედმეტად „ქორისებურია“.

რესპუბლიკელები, როგორიცაა ვიტ აირესი, აღიარებენ, რომ არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში, კლინტონი ძლიერი მეტოქე იქნება, თუმცა მათ ასევე სჯერათ, რომ ისტორია მათ მხარეზეა. „გეტყვით, რომ ერთი პარტიისთვის მიყოლებით სამი საპრეზიდენტო არჩევნების მოგება უაღრესად ძნელია. ისტორია გვიჩვენებს, რომ ეს ძალიან უჩვეულო მოვლენაა.“

ბოლო შემთხვევა, როცა თეთრი სახლი, ერთმა პარტიამ ზედიზედ სამჯერ დაიკავა, 1988 წელს მოხდა, როცა ვიცე პრეზიდენტი ჯორჯ ბუში უფროსი, პრეზიდენტ რეიგანის ორი საპრეზიდენტო ვადის შემდეგ აირჩიეს.

XS
SM
MD
LG