Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამამ ერის „სიყვარული და ლოცვა“ გადასცა მსხვერპლთა ოჯახებს


ბარაკ ობამა
ბარაკ ობამა
აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, როგორც თავად თქვა, ამერიკის „სიყვარული და ლოცვა“ გადასცა იმ 26 ადამიანის ოჯახებს, რომლებიც პარასკევს სკოლაში სროლის შედეგად დაიხოცნენ. მათ შორის 20 ექვსი და შვილი წლის ბავშვები არიან. ობამამ დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე, ნიუტაუნში, კონექტიკუტიში სიტყვა წარმოთქვა. ის პირადად შეხვდა დაღუპულთა ოჯახის წევრებს. როცა დამსწრეთ მიმართავდა, ობამამ განაცხადა, აშშ-მა საკმარისი არ გააკეთა თავისი ბავშვების დასაცავადო. პოლიციამ დაადასტურა, რომ მკვლელობა ჩაიდინა 20 წლის ადამ ლანზამ. ლანზა ორი პისტოლეტითა და თოფით იყო შეიარაღებული და ასობით ტყვია გაისროლა. პოლიციამ დაადასტურა ასევე, რომ ლანზამ, სანამ სკოლაში ხოცვა-ჟლეტას მოაწყობდა, სიცოცხლეს გამოასალმა საკუთარი დედა და შემდეგ თავი მოიკლა სკოლაშივე. ბარაკ ობამამ სენდი ჰუკის დაწყებით სკოლაში დახოცილებისადმი მიძღვნილი ლოცვის შემდეგ ნიუტაუნის საშუალო სკოლაში შემდეგი განაცხადა:

,აქ, ნიუტაუნში, ჩამოვედი იმისთვის, რომ გადმოგცეთ მთელი ერის სიყვარული და ლოცვა. კარგად მესმის, რომ სიტყვები თქვენს მწუხარებას ვერ ასახავს და ისიც მესმის, რომ ვერც თქვენს გულისტკივილს უშველის“.
ამის შეწყნარება აღარ შეიძლება. ეს ტრაგედიები უნდა დასრულდეს. მათი დასრულებისთვის საჭიროა, რომ შევიცვალოთ ...

ობამამ განაცხადა, ეს უკვე მეოთხედ ხდება, რომ მე, პრეზიდენტის რანგში, ჩასვლა მიწევს იქ, სადაც ხოცვა-ჟლეტის შედეგად დახოცილთა ოჯახის წევრებს ვხვდებიო. მეოთხედ მიწევს, მოვეხვიო გადარჩენილებს, მეოთხედ ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებს და ამას ბოლო უნდა მოეღოსო, თქვა პრეზიდენტმა ობამამ, რომელიც მიიჩნევს, რომ ამერიკამ უნდა შეიცვალოს იარაღით ძალადობის ეს თავისი კულტურა:

„ამის შეწყნარება აღარ შეიძლება. ეს ტრაგედიები უნდა დასრულდეს. მათი დასრულებისთვის საჭიროა, რომ შევიცვალოთ. გვეუბნებიან, ასეთი ძალადობის მიზეზი ბევრად უფრო კომპლექსურიაო და ეს მართალია. მხოლოდ ერთი კანონი, კანონის შემოღება, ბოროტს ვერ მოერევა და თავიდან ვერ აგვაცილებს ძალადობას ჩვენს საზოგადოებაში. მაგრამ ამის გამო უმოქმედობა არ გვეპატიება“.

ბარაკ ობამა აცხადებს, რომ აპირებს მომავალში ამგვარი ხოცვა-ჟლეტის წინააღმდეგ იმოქმედოს, მაგრამ კონკრეტულად არაფერი უთქვამს. მან დასვა შეკითხვა, რა არჩევანი გვაქვს, რა შეგვიძლია ვიღონოთ იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ასეთი ტრაგედიებიო?.. ასეთი მოვლენები არ შეიძლება რუტინად იქცესო, თქვა ობამამ. ვართ განა მართლაც მზად იმის სათქმელად, რომ ძალა არ გაგვაჩნია წინ აღვუდგეთ ასეთ სისხლის ღვრასო? ამ გამოსვლის შემდეგ ობამამ დახოცილთა გვარები წაიკითხა. მათ შორის იყო 12 გოგო, რვა ბიჭი და სკოლის ექვსი თანამშრომელი ქალი. დემოკრატიული პარტიის წევრმა, სენატორმა დაიან ფაინშტაინმა განაცხადა, რომ კონგრესში შეიტანს კანონპროექტს შეტევითი იარაღის აკრძალვის თაობაზე. რესპუბლიკური პარტიის ბევრი წევრი წინააღმდეგია ასეთი აკრძალვისა, რადგან ფიქრობენ, რომ მხოლოდ აკრძალვა ხელს ვერ შეუშლის მკვლელებს ხოცვა-ჟლეტის მოწყობაში და, ამასთან, ამერიკაში იარაღის ფლობის თავისუფლება დაირღვევა.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG