Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა უნდა იცოდეთ რესპუბლიკური პარტიის ყრილობის შესახებ


აშშ-ის რესპუბლიკური პარტია ფლორიდაში, ტამპაში, ყრილობას მართავს, რომელზეც მიტ რომნის ოფიციალურად დაასახელებენ პრეზიდენტ ბარაკ ობამას მეტოქედ საპრეზიდენტო არჩევნებზე. ყრილობა ორშაბათს, 27 აგვისტოს, უნდა გამართულიყო, მაგრამ ქარიშხალ „აიზეკის“ მოახლოების გამო ის სამშაბათისთვის გადაიდო.

რა სიხშირით იმართება ყრილობა?

ყრილობა ყოველ ოთხ წელიწადში იმართება და საპრეზიდენტო არჩევნების კალენდართან არის დაკავშირებული. მასპინძელი ქალაქი იცვლება და დიდი ხნით ადრე არის ხოლმე შერჩეული.

ვინ ესწრება ყრილობას?

ყრილობას დაესწრება პარტიის 5,000-მდე დელეგატი და მათი ნდობით აღჭურვილი პირები, რომლებიც ქვეყნის ყველა შტატს წარმოადგენენ. ყრილობას ამაზე სამჯერ მეტი ჟურნალისტი გააშუქებს. ქალაქში ჩასულია ასევე ათასობით პოლიტიკოსი - კონგრესის რესპუბლიკელი წევრები, გუბერნატორები, ცალკეული შტატების კანონმდებლები, პარტიის დონორები. საბოლოო ანგარიშით, როგორც ვარაუდობენ, ყრილობას 50,000-მდე ადამიანი დაესწრება.

რა მოხდება ყრილობაზე?

ყრილობის მთავარი მოვლენა იქნება პრეზიდენტობის კანდიდატად მიტ რომნის ოფიციალურად დასახელება. ამასთან, დელეგატები ოფიციალურად შეათანხმებენ რესპუბლიკური პარტიის პლატფორმასაც - არასავალდებულო, სრულიად იდეოლოგიურ დოკუმენტს, რომელიც პარტიის პოზიციას აყალიბებს ყველა მნიშვნელოვან საკითხთან მიმართებით.

სამი საღამოს განმავლობაში სცენაზე გამოვლენ ცნობილი და არც ისე ცნობილი რესპუბლიკელები, რომლებიც აღმატებულად ისაუბრებენ რომნიზე, როგორც ბიზნესმენსა და ლიდერზე. ისინი მას დაახასიათებენ კარგ მეოჯახედ, მორწმუნე და ეკლესიურ კაცად და, რაც მთავარია, ბევრს ილაპარაკებენ იმაზე, თუ როგორი წარმატებული იქნება ის პრეზიდენტის რანგში. პარალელურად, ისინი ობამას გააკრიტიკებენ და ამერიკის ყველა პრობლემას მას და დემოკრატიულ პარტიას დააბრალებენ (ობამა და დემოკრატები, თავის მხრივ, რესპუბლიკელების მიმართ იმასვე გააკეთებენ ერთი კვირის შემდეგ - თავიანთ ყრილობაზე).
საინტერესოა, რომ ყრილობაზე სიტყვით გამომსვლელებს შორის არ იქნებიან არც ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში და არც მისი მამა, ასევე ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში უფროსი. ეს იქნება ტრადიციის დარღვევა, ვინაიდან, როგორც წესი, ყოფილი პრეზიდენტები ახალ კანდიდატს მხარდაჭერას ყრილობაზეც უცხადებენ ხოლმე. მამა-შვილმა რომნის კანდიდატურა საჯაროდ რამდენიმე თვის წინ მოიწონა - მას შემდეგ კი ბუშები საჯაროდ აღარ გამოჩენილან.

რომნი როდის წარმოთქვამს თანხმობის სიტყვას?

მიტ რომნი თავის თანხმობის სიტყვას ხუთშაბათ საღამოს წარმოთქვამს. რესპუბლიკური პარტიის ლიდერები აცხადებენ, რომ ამ სიტყვით, რომელიც ტელევიზიით მთელ ქვეყანაში გადაიცემა, რომნი თავის თავს ამერიკელ ამომრჩეველს ახლიდან გააცნობს და შეეცდება შეასუსტოს უარყოფითი იმიჯი - რომ ის ძალიან მდიდარი კაცია, რომელიც გადასახადებს თავს არიდებს და ჩვეულებრივი ადამიანების ყოფისგან მოწყვეტილია. სწორედ ასე ცდილობს რომნის წარმოჩენას ობამას საარჩევნო კამპანია.

ხალხს რამდენად აინტერესებს ყრილობა? ბევრი უყურებს ტელევიზიით?

ყრილობას უწინდელივით დიდი აუდიტორია აღარ ადევნებს თვალს. წელს სამმა წამყვანმა სატელევიზიო ქსელმა შეამცირა ორივე ყრილობიდან ცოცხალი ჩართვისთვის გამოყოფილი საეთერო დრო. ორივე პარტიის ყრილობა ყოველდღიურად თითო საათის განმავლობაში გაშუქდება მთელი ქვეყნის მასშტაბით.

რა მოხდება ყრილობის შემდეგ?

როცა რომნი უკვე ოფიციალურად დასახელდება კანდიდატად, რესპუბლიკური პარტია პარტიული სახსრებიდან 100 მილიონ დოლარზე მეტს გამოყოფს მისი საარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად. რომნი და მისი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი რაიანი შეეცდებიან თავიანთ სასარგებლოდ გამოიყენონ რეიტინგის ზრდა, რაც ყოველთვის მოსდევს ხოლმე პარტიის დიდ ყრილობას.

რაც შეეხება ჟურნალისტებს, რეპუბლიკელების ყრილობის შემდეგ მათ 800 კილომეტრის გავლა მოუწევთ ჩრდილოეთ კაროლინის ქალაქ შარლოტიმდე - ამჯერად უკვე დემოკრატიული პარტიის ყრილობის გასაშუქებლად.
XS
SM
MD
LG