Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთიდან ბავშვების აყვანის თემასთან დაკავშირებით ყურადღების ცენტრშია ტეხასი


3 წლის ბიჭუნა, მაქს შატო, რომელიც რუსეთიდან იყო შვილად აყვანილი, გასულ თვეში გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა ტეხასის შტატის პატარა ქალაქ გარდენდეილში. ბევრი რამ კვლავ ბუნდოვანი რჩება, თუმცა, ადგილობრივი ოფიციალური პირების თქმით, ვითარებაში სიცხადეს სიკვდილის მიზეზების დამდგენი კომისიის დასკვნა შეიტანს. გთავაზობთ ჩვენი ვაშინგტონელი კოლეგის, რიჩარდ სოლაშის მიერ ადგილზე მომზადებულ რეპორტაჟს.

ტეხასის შტატის პატარა ქალაქ გარდენდეილში, სადაც 1,600-ზე ნაკლები ადამიანი ცხოვრობს, ვალდროპის დრაივად წოდებული უსახური ქუჩის ბოლოს, დგას სახლი, რომელშიც ლორა და ალან შატოებს უდევთ ბინა.
მათი ტელეფონის ავტომოპასუხეზე ამ დღეებში ასეთ ჩანაწერს მოისმენთ: „თუ რეპორტიორი ან საინფორმაციო სააგენტო გვირეკავს, კომენტარს არ ვაკეთებთ“.

გასული თვის ბოლოს ამ სახლთან სასწრაფო დახმარების მანქანა მივიდა. სასწრაფოს დაურეკეს, რომ 3 წლის მაქსი - წყვილის მიერ რუსეთიდან შვილად აყვანილი ორი ბიჭიდან ერთი-ერთი - კოლაფსში იყო. ახლა ბიჭუნა გარდაცვლილი და დასაფლავებულია. მისი სიკვდილის საქმე კი საერთაშორისო მასშტაბის სკანდალშია გადაზრდილი.

გასულ კვირაში რუსეთის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ საქმის შესახებ ინფორმაცია აქვთ და ლორა შატოს „მკვლელობაში“ დასდეს ბრალი, რასაც მედიაში სკანდალური კამპანიის წამოწყება მოჰყვა. რუსეთის ოფიციალურ წარმომადგენლებს მაქს შატოს საქმე იმ პოლიტიკური შეფერილობის კანონის გასამართლებლად მოაქვთ, რომელიც კრძალავს აშშ-ის მოქალაქეებზე რუსი ბავშვების გაშვილებას.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი გამოვიდა მოწოდებით, არ იქნეს გამოტანილი ნაადრევი დასკვნები გამოძიების დასრულებამდე. ბავშვის სიკვდილის გარემოებები კვლავ ძალიან ბუნდოვანია, თუმცა უკვე მალე უნდა გამოქვეყნდეს ექიმების დასკვნა, რომელიც ვითარებაში სიცხადეს შეიტანს. ისე კი გარკვეული დეტალები სხვა წყაროებითაც ვრცელდება.
ჩვენ სხეულზე სისხლჩაქცევები ვიხილეთ. მას დალურჯებები ჰქონდა სხეულის დიდ ნაწილზე...
შირლი სტენდეფერი

რადიო თავისუფლება შირლი სტენდეფერს, ექტორის საგრაფოს სამედიცინო ექსპერტიზის სამსახურის მთავარ გამომძიებელს გაესაუბრა. ის ამბობს, რომ ბავშვის გვამი სიკვდილიდან მალევე ნახა, ჯერ კიდევ საავადმყოფოში, სანამ გაკვეთის მიზნით გაგზავნიდნენ:

„ჩვენ სხეულზე სისხლჩაქცევები ვიხილეთ. მას დალურჯებები ჰქონდა სხეულის დიდ ნაწილზე. თუმცა მე ექიმი არ ვარ და არ შემიძლია გითხრათ, ეს სილურჯე ბავშვური ცელქობის შედეგი იყო თუ რაიმე სახის ტრავმისა“.
არსებობს გაკვეთის შედეგების შემცველი წინასწარი დასკვნა, თუმცა ის საზოგადოებისთვის ჯერ ხელმისაწვდომი არ არის. ყველა ოფიციალური დასკვნის მოლოდინში რჩება.

სტენდეფერი იხსენებს, რომ მან, ერთ კოლეგასთან ერთად, ლორა და ალან შატოები საავადმყოფოში დაკითხა. მისი თქმით, ლორა შატო კანკალებდა და ტიროდა, თუმცა ექსპერტების კითხვებს სრულად სცემდა პასუხს.

სტენდეფერის თქმით, ლორა ჰყვებოდა, რომ მისი ორივე ბიჭი ეზოში თამაშობდა. თვითონ ცოტა ხნით აბაზანაში შევიდა და როცა ეზოში დაბრუნდა, მაქსი მიწაზე იწვა.

ექტორის საგრადოს შერიფი, მარკ დონალდსონი, სტანდეფერის მონაყოლს ადასტურებს. იხსენებს, რომ შატოების სახლში სასწრაფო დახმარება 21 იანვარს გამოიძახეს, „გულის შეტევის“ ეჭვის გამო.

დონალდსონი ამბობს, რომ მის ოფისს ამ დღეებში რუსეთის საელჩოს წარმომადგენელი ეწვია. ამასთან, რუსეთში ბავშვთა უფლებების კომისარმა მოითხოვა, რომ გამოძიების პროცესში რუსი სპეციალისტებიც ჩართონ. თუმცა, შერიფის თქმით, ეს არ მოხდება:

„ეს ბავშვი ტეხასელი ბავშვი იყო. ის ტეხასში ცხოვრობდა - ჩემს საგრაფოში ცხოვრობდა. ჩემს ინტერესშია ამ ბავშვის სიკვდილის გამოძიება და იმის დადგენა, თუ რა მოხდა. ჩემი ფუნქციაა მათი დაპატიმრება, ბრალის წაყენება, თუკი ჩავთვლით, რომ საამისო საფუძველი არსებობს. მაგრამ თუ ასეთ საფუძველს ვერ აღმოვაჩენთ, მაშინ იმაზეც ვიზრუნებ, რომ ეს გახდეს ყველასთვის ცნობილი. საერთოდ, სხვა ამბავია ის, თუ რუსეთი რას ამბობს მთელ ამ საქმეზე. მესმის, რომ მათი ეჭვით, რაღაცები იმალება, იჩქმალება, არავინ არაფერს იძიებს. მაგრამ ეს გამოძიება არ ეხება რუს ბავშვს. ჩვენ ვიძიებთ ტეხასელი ბავშვის ამბავს, რომელიც დაიღუპა. და ყველაფერს გავაკეთებთ საიმისოდ, რომ ამოცანას საუკეთესოდ გავართვათ თავი“.

საქმეში ჩართულია ტეხასის ბავშვთა დაცვის სამსახურიც. გავრცელებულ განცხადებაში სამსახური ამბობს, რომ შატოების ოჯახს წარსულში ამ ორგანიზაციასთან შეხება არ ჰქონია.
ამ ამბავს ბევრი შედეგი მოჰყვა. არ ვიცი, საქმე პროპაგანდასთან გვაქვს, ამას, უბრალოდ, თავისით იგონებენ თუ ჩვენს ქვეყნებს შორის უთანხმოების გაღრმავება სურთ...
ლორა შატომ მაქსი

თუმცა სააგენტოს პრესმდივნის, პოლ ციმერმანის თქმით, მაქს შატოს გარდაცვალების პერიოდში სააგენტოში შევიდა ცნობები ბავშვის მიმართ „ფიზიკური ძალადობისა და მისი უყურადღებოდ მიტოვების“ შესახებ. ციმერმანს არ დაუკონკრეტებია, ვინ იყო ამ ცნობების მიმწოდებელი.

საქმის გარშემო ფაქტები ბუნდოვანი რჩება, გამოძიება მხოლოდ ახლა შედის მთავარ ფაზაში. ასეთ ფონზე ადგილობრივი ოფიციალური პირები შეშფოთებას გამოთქვამენ მოსკოვის მიერ გავრცელებული ინფორმაციის გამო.

შირლი სტენდეფერს აინტერესებს კონკრეტულად რა წყაროებს ეყრდნობიან რუსი ოფიციალური პირები, რომლებიც მაქს შატოს გაკვეთის შედეგზე მის გამოქვეყნებამდე ლაპარაკობენ. მათ მიერ გაკეთებული განცხადებები ხშირად შემზარავია - რომ ბიჭუნას შინაგანი ორგანოები ჰქონდა დაზიანებული ან რომ ის ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იყო:

„ძალიან მინდა ამის ცოდნა, ვინაიდან ამ ამბავს ბევრი შედეგი მოჰყვა. არ ვიცი, საქმე პროპაგანდასთან გვაქვს, ამას, უბრალოდ, თავისით იგონებენ თუ ჩვენს ქვეყნებს შორის უთანხმოების გაღრმავება სურთ. ნამდვილად ვერ გეტყვით. როცა მთელი ამ რიტორიკის კითხვა დავიწყეთ, ვსვამდით შეკითხვას, საიდან მოაქვთ ეს ინფორმაციაო. ეს ნამდვილი სიგიჟეა. ძალიან სევდიანი და საშიში ამბავია“.

ლორა შატომ მაქსი - იგივე მაქსიმ კუზმინი - და მისი ბიოლოგიური ნახევარძმა, ორი წლის კრისტოფერი, იგივე კირილი, ფსკოვში მდებარე ბავშვთა სახლიდან იშვილა.

ლორა შატო 45 წელს მიტანებული ქალია. უწინ ის ეკონომიკას ასწავლიდა. სკოლაში, სადაც ის მუშაობდა, მას დადებითად იხსენებენ.

ტეხასის ბავშვთა დაცვის სამსახურის წარმომადგენლების ცნობით, მეორე ბიჭუნა, კრისტოფერ შატო, „უსაფრთხოდაა“. მის მდგომარეობას პერიოდულად სოციალური მუშაკები ამოწმებენ.

რუსეთის ოფიციალურმა პირებმა კრისტოფერ შატოს რუსეთში დაბრუნება მოითხოვეს. ბიჭების ბიოლოგიურმა დედამ, იულია კუზმინამ, რომელსაც თავის დროზე ალკოჰოლის ჭარბი მოხმარებისა და ბავშვების მიმართ უყურადღებობის გამო ჩამოერთვა დედობის უფლება, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს 21 თებერვალს ტელევიზიით მიმართა თხოვნით, კრისტოფერი დაუბრუნონ.

ამ გამოსვლიდან რამდენიმე საათში, რუსეთის მედიაში გავრცელებული ცნობებით, კუზმინა ერთ-ერთი მატარებლიდან ჩამოსვეს მთვრალ მდგომარეობაში დებოშის მოწყობის გამო.
XS
SM
MD
LG