Accessibility links

logo-print

„მეტი საშუალებები გაგვაჩნია. დღეს არ ვაპირებ ყველაფრის ჩამოთვლას, მაგრამ მეტის გაკეთების საშუალება გვაქვს“ - ჯეკ ლიუ, ამერიკის ხაზინის მდივანი

უკრაინულ საპორტო ქალაქ მარიუპოლს წინა დღის დაბომბვის კვალი ეტყობა. დამწვარი შენობის ნარჩენებს ჯერ კიდევ კვამლი ასდის და ქუჩაში ბევრგან შუშის ნამსხვრევები ყრია. ძალადობის ესკალაციის მორიგი ტალღის გამო შეერთებული შტატების პრეზიდენტი და ევროკავშირის ლიდერები რუსეთს ახალი სანქციებით დაემუქრნენ.

პრეზიდენტი ობამა ამბობს, რომ ის ძალზე შეშფოთებულია „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ბოლო დარღვევით და იმ სეპარატისტების ქმედებით, რომლებიც რუსეთის მხარდაჭერით, რუსული მოწყობილობით, რუსული დაფინანსებით, რუსული წვრთნით და რუსეთის ჯარისკაცების დახმარებით იბრძვიან“. შეერთებული შტატების ლიდერის თქმით, ის მოსკოვზე ზეწოლას გააძლიერებს და საკითხის გადაწყვეტის მიზნით, შეიარაღებული დაპირისპირების გარდა, სხვა დამატებით ნაბიჯებსაც განიხილავს.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აღმოსავლეთ უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს დასავლეთს აბრალებს და თითს პირდაპირ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსისკენ იშვერს. ორშაბათს გაკეთებულ განცხადებაში პუტინი ამბობს, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში უცხოელები იბრძვიან, კერძოდ კი „ნატოს ლეგიონი“ ომობს. მისი აზრით, უცხოელებს რუსეთის შეკავება სურთ და უკრაინის ეროვნულ ინტერესებთან საერთო არაფერი აქვთ.

ნატოს გენერალური მდივანი რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას ბრიუსელიდან სასწრაფოდ გამოეხმაურა. „სისულელეა იმის განცხადება, რომ უკრაინაში ნატოს ლეგიონია. ნატოს ლეგიონი არ არსებობს. უცხოეთის ძალები, ვინც უკრაინაში იმყოფება, რუსულია“ - აცხადებს იენს სტოლტენბერგი.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს შეერთებულ შტატებში გულდასმით ადევნებენ თვალს. ოფიციალური პირები, განსაკუთრებით პენტაგონში, რუსეთის ქმედებას შემაშფოთებელს უწოდებენ და ამბობენ, რომ მოსკოვი სეპარატისტებს ცოცხალი ძალით, მოწინავე შეიარაღებით, სარაკეტო სისტემებით, ტანკებით, მძიმე არტილერიით, თუ ელექტრონული საომარი დანადგარებით ამარაგებს. ამერიკის მთავრობის ერთ-ერთი ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, მოსკოვი ამას „ურცხვად“ აკეთებს, თანაც ზუსტად იმ დოზით, რომ უკრაინაში დესტაბილიზაცია შეინარჩუნოს.

ამერიკის დახმარება აქამდე მხოლოდ ეკონომიკური სანქციების დაწესებით შემოიფარგლებოდა. თუმცა, ხაზინის მდივანი ჯეკ ლიუ ამბობს, რომ მათ გაცილებით მეტის გაკეთება შეუძლიათ. „მეტი საშუალებები გაგვაჩნია. დღეს არ ვაპირებ ყველაფრის ჩამოთვლას, მაგრამ მეტის გაკეთების უნარი გვაქვს“ - ამბობს ის. ჯეკ ლიუს თქმით, რუსეთმა უკვე მიიღო დარტყმა ერთ-ერთი ყველაზე გონივრულად მოწყობილი სანქციებით, რაც კი როდესმე დაწესებულა, რამაც რუსეთის ეკონომიკას დიდი ზარალი მიაყენა.

დემოკრატ სენატორს კრისტოფერ მერფის მიაჩნია, რომ სანქციები საკმარისი აღარ არის და ამერიკამ უკრაინის არმიისთვის თავდაცვითი შეიარაღების მიწოდება უნდა დაიწყოს. „ვფიქრობ, ისეთ დონეზე არიან, რომ ამ ტექნოლოგიების ამუშავებას და გამოყენებას შეძლებენ. იმედი მაქვს ეს მომავალი რამდენიმე კვირის და თვის მანძილზე ჩვენი დისკუსიების თემა გახდება“ - აცხადებს სენატორი მერფი.

შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში საწვრთნელად არმიის პერსონალი უკვე მიავლინა. თუმცა, კიევის მოთხოვნა ლეტალური იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით თეთრი სახლის მხრიდან ისევ უპასუხოდ რჩება.

XS
SM
MD
LG