Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ისა და რუსეთის ურთიერთობა


ვლადიმირ პუტინი, ბარაკ ობამა
ვლადიმირ პუტინი, ბარაკ ობამა
საპრეზიდენტო არჩევნებამდე აშშ-შიც და რუსეთშიც ბევრი ვარაუდი გამოითქვა იმაზე, თუ როგორი იქნება ობამასა და პუტინის შემდგომი ვადით მმართველობის წლებში ორი სუპერსახელმწიფოს ურთიერთობა. ახლა ცხადი ისაა, რომ ამჟამინდელი სტაგნაციის მსგავსი მდგომარეობიდან ამ ურთიერთობის გამოყვანა ობამას მოუწევს, პუტინთან ერთად. ექსპერტები იმასაც აცხადებდნენ, რომ მოსკოვთან ურთიერთობა თეთრი სახლის დღის წესრიგში მთავარ თემებს შორის არ არის. პრეზიდენტად ობამას არჩევის შემდეგ პირველი ვიზიტი მან მიანმარში, ყოფილ ბირმაში, გამართა და არა ევროპაში ან სხვაგან, სადაც მეტი მოკავშირე ჰყავს ან სადაც ბევრად უფრო ძლიერი ცეცხლი გიზგიზებს. ჩვენი რადიოს კორესპონდენტმა, რობერტ კოლსონმა, ინტერვიუ ჩამოართვა რუსეთის ორ ექსპერტს. ერთია არიელ კოენი, სტრატეგიული კვლევის ცენტრის „ჰერიტეჯ ფაუნდეიშნის“ წამყვანი თანამშრომელი, რომელიც კონსულტაციებს უწევდა აშშ-ის აღმასრულებელ ხელისუფლებას. ის თანაავტორია წიგნისა, რომელიც რუსეთის და საქართველოს 2008 წლის ომს ეხება; მანვე დაწერა გამოკვლევა „რუსეთის იმპერიალიზმი, განვითარება და კრიზისი“. კოენს ეკუთვნის ანგარიში, სათაურით „ხომ არ დადგა შესვენების დრო რუსეთთან გადატვირთვის სფეროში? აშშ-ის ინტერესების დაცვა რუსეთის აგრესიისგან“. კოენი ცნობილია როგორც პროგნოზების ავტორი: მან ორჯერ - ჯერ კიდევ 2006 წელს, შემდეგ კი 2008-ში - გამოთქვა რუსეთსა და საქართველოს შორის ომის შესაძლებლობის ვარაუდი. კოენმა 2011 წელს, ნიუ იორკის ტერაქტებამდე ორი თვით ადრე, მოუწოდა აშშ-ის კონგრესს წინ აღდგომოდნენ რადიკალურ ისლამისტურ ჯგუფებს, მათ შორის, თალიბანს და ოსამა ბინ ლადენს. კოენი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ არაერთი საკითხია, რომლებშიც რუსეთს და აშშ-ს უთანხმოება აქვთ. ის ასახელებს სირიის კრიზისს, რომლის მოგვარებაც აშშ-ს დიპლომატიური გზით სურს, მოსკოვი კი, მისი თქმით, სირიის რეჟიმს იარაღით ამარაგებს. ამას გარდა, კოენის დაკვირვებით, აშშ-ის გეგმა, ანტისარაკეტო ფარი განათავსოს ევროპაში (ის მიმართულია ირანის და სხვა ურჩი ქვეყნების და ამ ეტაპზე არა რუსეთის წინააღმდეგ), ასევე დაპირისპირებას იწვევს ორ ქვეყანას შორის. და მესამე, კოენის აზრით, არის ის, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციას მოუწევს დაძლიოს საშინაო პრობლემები, რის გამოც ობამას არ ექნება დრო რუსეთის საკითხებით დაკავდეს:

„რუსეთიდან ახალი დაბრუნებული ვარ და ასე ვიტყოდი: რუსეთის მმართველები არ წარმოადგენენ აშშ-თან თანამშრომლობის ფართო და თანმიმდევრულ პროგრამებს. ისინი ეხებიან ნაკლები მნიშვნელობის, მაგალითად, სავიზო რეჟიმის მსგავს თემებს, რომლებიც ვითარდება საგარეო საქმეთა უწყებების ხელმძღვანელების შეთანხმებით. მაგრამ მას მერე, რაც რუსეთმა მიიღო აშშ-ის თანხმობა გაწევრიანდეს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში, სხვა დადებითი სია პრიორიტეტებისა აღარ არსებობს. არის მხოლოდ კრიტიკა, მხოლოდ უარყოფითი. ეს იმედს გვიცრუებს. საბოლოო ჯამში, რუსეთს სჭირდება საკუთარი ეკონომიკის განვითარება, განსაკუთრებით გაზის და ნავთობის საშუალებით. და აშშ-მა რუსეთს მხარი უნდა დაუჭიროს ინვესტიციების გზით, სხვათა შორის, რუსეთის ჯანდაცვის ჩამორჩენილ სფეროს და სხვას. მე ასე ვიტყოდი: ორივე მხარემ უნდა იმუშაოს დღის წესრიგზე, რომელშიც დადებითი პრიორიტეტები შევა“.
საქმე გვაქვს რუსეთის მმართველებში - საბჭოთა დაზვერვის სამსახურებიდან მომავალ - ღრმად გამჯდარ უნდობლობასა და ანტიპათიასთან ამერიკის მიმართ. ისინი, სამწუხაროდ, მხოლოდ საკუთარ პროპაგანდას ენდობიან. ძალიან მცირეა კონკურენცია დღევანდელ რუსეთში სხვადასხვა მსოფლმხედველობის გარშემო...
არიელ კოენი


კოენის დაკვირვებით, ცხადია, რომ რუსეთში ძლიერია ანტიამერიკული, ანტილიბერალური პროპაგანდა, რის მიზეზიც, ამერიკელი სწავლულის თანახმად, ამ ქვეყნის ხელისუფალთა აუცილებლობაშია, შექმნან მტრის ხატი, რაც ყოველთვის ახასიათებდა რუსეთს. კოენი რუსეთის ხელისუფლებაზე ამბობს:

„... საქმე გვაქვს რუსეთის მმართველებში - საბჭოთა დაზვერვის სამსახურებიდან მომავალ - ღრმად გამჯდარ უნდობლობასა და ანტიპათიასთან ამერიკის მიმართ. ისინი, სამწუხაროდ, მხოლოდ საკუთარ პროპაგანდას ენდობიან. ძალიან მცირეა კონკურენცია დღევანდელ რუსეთში სხვადასხვა მსოფლმხედველობის გარშემო საინფორმაციო ალტერნატიულ საშუალებებს შორის, თვით 90-იან წლებთან შედარებით. იქ ერთ მსოფლმხედველობაზე ლაპარაკობენ, რომელსაც უკან უდგანან დაზვერვის სამსახურები. რუსეთში ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს ანტიდასავლური - ანტილიბერალური და ანტიამერიკული - ფასეულობები“.

რუსეთის ვითარებას რომ გვიხასიათებს, არიელ კოენი მომავალზეც ლაპარაკობს და მიიჩნევს, რომ რუსეთის ინტერესებს აშშ-თან კონფლიქტი არ უნდა ჰქონდეს. კოენი იმასაც ამბობს, რომ რუსეთის საჭიროებებს და რუსეთის სურვილებს აშშ წინ არ ეღობება. მისი თქმით:

„ტრაგედია, უბრალოდ, ისაა, რომ, ელიტის აზრით, საკუთარი ძალაუფლების განსამტკიცებლად მათ სჭირდებათ გარეშე მტერი და ასეთი მტერი შეიძლება იყოს მხოლოდ მსოფლიოს უდიდესი სუპერსახელმწიფო. ეს, მართლაც რომ, ცივი ომის პერიოდის გადმონაშთია. ეს არის ცნობიერება, რომელიც არ ითვალისწინებს 21-ე საუკუნის რეალობებს, უფრო სწორად, რუსეთისთვის რეალურ საფრთხეებს, როგორიცაა ეკონომიკური დაუკმაყოფილებლობა, კორუფცია, დანაშაული, რელიგიური ექსტრემიზმი ჩრდილოეთ კავკასიაში და რუსეთის ფედერაციის სხვა არეალებში“.
2011 წელს, ანუ ერთი წლის წინ, რუსი ოფიციალური პირებისგან მესმოდა, რომ არ სურთ ბირთვული იარაღის შემცირების საქმეში მეტის გაკეთება 2013 წლამდე, რადგან სურდათ დაეცადათ, ვინ გახდებოდა პრეზიდენტი. ახლა მათ იციან, ვინ გახდა პრეზიდენტი. საკითხავი კი შემდეგია: არიან თუ არა მზად უწინდელ ურთიერთობებს დაუბრუნდნენ და ეს საკითხები უფრო დადებითი გზებით მოაგვარონ...
სტივენ პაიფერი


წარსულ პერიოდს, ობამას მმართველოს პირველ ეტაპს, რუსეთთან ურთიერთობაში დადებითად მიიჩნევს სტივენ პაიფერი, ბრუკინგსის ინსტიტუტის წამყვანი მკვლევარი, ადრე აშშ-ის ელჩი უკრაინაში. პაიფერი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე იყო რუსეთის და უკრაინის საკითხებში 2001-2004 წლებში. ზოგადად, პაიფერი ფიქრობს, რომ ობამასეული პოლიტიკა რუსეთის მიმართ, „გადატვირთვის პოლიტიკა“, წარმატებული იყო. მისი თქმით, 2008 წელთან შედარებით, როცა რუსეთ-საქართველოს ომმა უკიდურესად გაართულა მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობა, ახლანდელი ვითარება უკეთესია, თუმცა არის პრობლემები. პაიფერი ფიქრობს, რომ გადატვირთვის პერიოდი დასრულდა. ყოფილი სახელმწიფო მოხელის აზრით, ორივე ქვეყანაში მიმდინარე არჩევნების დროს რუსეთის და აშშ-ის პოლიტიკოსები არ ცდილობდნენ ურთიერთობის კვლავ განვითარებას, ახლა კი საკითხავი, აი, ეს არის:

„მას მერე, რაც არჩევნები უკან მოიტოვეს, შეძლებენ თუ არა ისინი კვლავ დაუბრუნდნენ უწინდელ ურთიერთობებს და გამონახონ გზები იმისათვის, რომ იმოძრაონ - კერძოდ, სურს ობამას ადმინისტრაციას წინსვლა ბირთვული იარაღის შემცირების სფეროში? კარგი იქნებოდა, მას გამოენახა ანტისარაკეტო დაცვის სფეროში ისეთი გამოსავალი, რომელიც მათ თანამშრომლობის შესაძლებლობას მისცემდა და დაძაბულობას განმუხტავდა. ისეთი გრძნობა მაქვს, რომ რუსებს ბოლო 18 თვის განმავლობაში იარაღის კონტროლისა და ანტისარაკეტო ფარის საკითხებში ძლიერ უკან დახევა არ სურდათ, რადგან ობამას ადმინისტრაციისთვის დათმობას 2013 წლისთვის შეიძლებოდა მოჰყოლოდა რესპუბლიკელ პრეზიდენტთან საქმის დაჭერა. 2011 წელს, ანუ ერთი წლის წინ, რუსი ოფიციალური პირებისგან მესმოდა, რომ არ სურთ ბირთვული იარაღის შემცირების საქმეში მეტის გაკეთება 2013 წლამდე, რადგან სურდათ დაეცადათ, ვინ გახდებოდა პრეზიდენტი. ახლა მათ იციან, ვინ გახდა პრეზიდენტი. საკითხავი კი შემდეგია: არიან თუ არა მზად უწინდელ ურთიერთობებს დაუბრუნდნენ და ეს საკითხები უფრო დადებითი გზებით მოაგვარონ“.

პაიფერი ამბობს, რომ თუ რუსები შეწყვეტენ ანტისარაკეტო ფარის თაობაზე გარანტიის მოთხოვნას, რომ ეს სისტემები მათ არ შეეხება, ამით პრობლემის მოგვარების საფუძველიც გაჩნდება. პაიფერის თანახმად, აშშ-მა გამოთქვა მზადყოფნა ამის თაობაზე პოლიტიკური განცხადება გააკეთოს. პაიფერი მაგნიტსკის შესახებ კანონპროექტზეც იმასვე ამბობს, რომ ასეთი ურთიერთობისთვის საზიანო საკითხები უნდა დარბილდეს, რომ ასეთმა თემებმა არ უნდა მიიღოს კანონის სახე, ისინი ადმინისტრაციული წესით უნდა მოგვარდეს, რათა მომავალში ადვილი გასაუქმებელი იყოს. სხვათა შორის, რადიო თავისუფლებასთან
არიელ კოენი
არიელ კოენი
საუბარში მაგნიტსკის სიის საკითხს შეეხო არიელ კოენიც და განაცხადა, რომ კანონპროექტი, რომელიც სენატში დამტკიცებას ელის და რომელიც, შეგახსენებთ, მოსკოვის საპატიმროში ადვოკატ მაგნიტსკის გარდაცვალებასთან დაკაშირებული პირების მოგზაურობის შეზღუდვას ითვალისწინებს, სასარგებლოა რუსეთის მთავრობისა და ხალხისთვისაც, რამდენადაც მას რუსეთში კორუფციასთან ბრძოლის გაძლიერება მოჰყვა. პაიფერი მომავალთან დაკავშირებით ამბობს, რომ სირიის საკითხის გამო ამდენი ხნით ასეთი ინტენსიური კამათი არ უნდა დაეწყო ორ დიდ ქვეყანას; ორივესთვის უკეთესი იქნებოდა ეკონომიკის სფეროში მეტი თანამშრომლობა, რაც აშშ-ისა და რუსეთის ურთიერთობას დაამშვიდებდა, ფიქრობს პაიფერი, რომელიც მოსკოვისგან მოელის, რომ ის გააუმჯობესებს გარემოს უცხოეთის ბიზნესისა და ინვესტიციებისთვის.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG