Accessibility links

logo-print
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი, რომელიც ამ რანგში პირველ ოფიციალურ ვიზიტს მართავს რუსეთში, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდა და მოუწოდა მას შეიმუშაონ ერთიანი პოზიცია სირიის კონფლიქტის მოწესრიგების საკითხში. თუმცა ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ჯონ კერის რაიმე მნიშვნელოვანი გარღვევის იმედი არ უნდა ჰქონდეს.

მართალნი აღმოჩნდნენ ის ექსპერტები, რომლებიც ვარაუდობდნენ, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის რუსეთში ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი საკითხი სირიის კონფლიქტის მოწესრიგება იქნებოდა. ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკების დაწყების წინ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ განაცხადა, რომ სირიის პრობლემის მიმართ რუსეთსა და აშშ-ს მრავალი საერთო ინტერესი აქვთ:

„აშშ დარწმუნებულია, რომ ჩვენ სირიასთან მიმართებით ძალიან მნიშვნელოვანი საერთო ინტერესები გვაქვს. ეს არის რეგიონის სტაბილურობა; ის, რომ ექსტრემისტებმა ვერ მოახერხონ პრობლემების შექმნა რეგიონსა და მის ფარგლებს გარეთ. ვფიქრობ, ჟენევის კომუნიკეში ორივე მხარემ გამოვხატეთ საერთო პოზიცია. ასე რომ, მჯერა, დღეს შევძლებთ მცირე წინსვლას და დღესვე გამოჩნდება, შევძლებთ თუ არა საერთო ენის გამონახვას“.

მე მივიღე ბარაკ ობამას წერილი, რომელიც გადმომცა თეთრი სახლის მრჩეველმა თომას დონოვანმა. ამჟამად ჩვენ ვმუშაობთ საპასუხო წერილზე...
ვლადიმირ პუტინს ღიად სირიის საკითხებზე არ უსაუბრია. სახელმწიფო მდივანთან შეხვედრის გახსნის დროს, რაც პრესისათვის ღია იყო, თქვა, რომ მიიღო პრეზიდენტ ბარაკ ობამას წერილი და იმედი აქვს, რომ აშშ-ის ლიდერთან წლის განმავლობაში არაერთი შეხვედრა გაიმართება:

„მე მივიღე ბარაკ ობამას წერილი, რომელიც გადმომცა თეთრი სახლის მრჩეველმა თომას დონოვანმა. ამჟამად ჩვენ ვმუშაობთ საპასუხო წერილზე. იმედი მაქვს, პირადადაც შევხვდები ბარაკ ობამას. ამის შესაძლებლობა ამ წლის განმავლობაში არაერთხელ მოგვეცემა“.

თუმცა იმ უთანხმოებიდან გამომდინარე, რომელიც მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის მთელი რიგი საერთაშორისო პრობლემების, მათ შორის, სირიის სამოქალაქო ომის ირგვლივ არსებობს, ექსპერტები ჯონ კერის ვიზიტისგან დიდ გარღვევას არ ელოდებიან. სკეპტიკოსთა შორისაა მარკ კაცი, ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის ახლო აღმოსავლეთისა და რუსეთის პოლიტიკის ექსპერტი. ის ამბობს:

შესაძლოა რუსეთი აღარ იყოს ასეთი მკვეთრი ამერიკისა და მისი მოკავშირეების მიერ განხორციელებული მოქმედების მიმართ...
„ყველაზე მეტი, რასაც, ჩემი აზრით, კერის შეუძლია მიაღწიოს, არის ის, რომ შესაძლოა რუსეთი აღარ იყოს ასეთი მკვეთრი ამერიკისა და მისი მოკავშირეების მიერ განხორციელებული მოქმედების მიმართ. ყველაზე საუკეთესო, რასაც აშშ შეიძლება მოელოდეს, არის ის, რომ აშშ-ისა და დასავლეთის ქმედების საწინააღმდეგოდ რუსეთი არ მიმართავს არანაირ აქტიურ ღონისძიებას ასადის დასახმარებლად. რუსეთის ხელისუფლებას მაშინაც კი, როდესაც ასადის გადარჩენის იმედი არა აქვს, არ სურს გამოჩნდეს ისე, თითქოს ხელს უწყობდეს თავისი მოკავშირის განადგურებას. თუკი სირიაში ქაოსი დაიწყება, ეს პირდაპირ დასავლეთს დაბრალდება“.

მოსკოვში ყოფნისას კერი შეხვდება ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. ვიზიტის ფონია მთელი თვის განმავლობაში მიმდინარე დოკუმენტური რევიზია საერთაშორისო დაფინანსებაზე მყოფ არსამთავრობო ორგანიზაციებში, რომლებიც, რუსეთის ახალი კანონმდებლობით, დარეგისტრირდნენ როგორც „უცხოეთის აგენტები“. როგორც გაზეთი „იზვესტია“ წერს, რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ შემოწმების შედეგად მიიღო გადაწყვეტილება, რომ „უცხოურ აგენტად“ ჩათვალოს „იური ლევადას სახელობის ანალიტიკური ცენტრი“.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG