Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯონ მაკკეინი: „ევროპელები არაფრის გაკეთებას არ აპირებენ“


ჯონ მაკკეინი
ჯონ მაკკეინი

კაპიტოლიუმში, რუსეთის მიმართ ამგვარი რიტორიკა, რომელსაც ორივე პარტია ერთნაირად იზიარებს, ცივი ომის შემდეგ, ალბათ, არავის გაუგონია. მალაიზიის ავიახაზების თვითმფრინავის უკრაინის ტერიტორიაზე ჩამოგდებამ ამერიკელი კანონმდებლების ტონი კიდევ უფრო გაამკაცრა და მათ გამონათქვამებს მეტი სიმწვავე და დრამატიზმი შესძინა.

რესპუბლიკელმა სენატორმა დენ კოუტსმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტს „პათოლოგიური აკვიატებები“ და „იმპერიული ამბიციები“ აქვს. სენატორის აზრით, პუტინი უნდა აიძულონ, რომ უკრაინაში ინტერვენციაზე ხელი აიღოს. „გთავაზობთ, ყველაფერი ვიღონოთ, რაც საჭიროა, რომ რუსეთის ეკონომიკა დავაჩოქოთ. საფონდო ბირჟები უნდა ჩავძიროთ. უნდა დავრწმუნდეთ იმაში, რომ სრული მხარდაჭერა გვაქვს რუსეთის ექსპორტის უარყოფაში“ - განაცხადა სენატში გამოსვლისას კოუტსმა.

დემოკრატი სენატორის ქრის მერფის აზრით, იმისათვის, რომ რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული სანქციები ეფექტიანი იყოს, აუცილებელია შეიქმნას შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ერთიანი ფრონტი. მერფის განცხადებით, ბრიუსელს შეუძლია „რუსეთს არაორაზროვანი მესიჯი გაუგზავნოს იმის თაობაზე, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე პროვოკაციები, რომელთაც ახლა უკვე ასობით ევროპელის დაღუპვა მოჰყვა, დაუსჯელი არ დარჩება... ძალიან ძნელი იქნება შეერთებულმა შტატებმა შედეგს მიაღწიოს, თუკი ის მარტო, ევროპის გარეშე იმოქმედებს“ - აცხადებს დემოკრატი სენატორი.

ევროკავშირმა გადაწყვიტა, კიდევ უფრო გაამკაცროს სანქციები. ხუთშაბათს ამ მიმართულებით ახალ ნაბიჯებს ელიან. აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, დემოკრატი სენატორი რობერტ მენენდესი თვლის, რომ ვაშინგტონმა და ბრიუსელმა კიდევ უფრო კატეგორიული ნაბიჯები უნდა გადადგან. საუბარია რუსეთის ეკონომიკის სასიცოცხლო სექტორებზე, მათ შორის ენერგოკომპანიებზე.

„მნიშვნელოვანი სექტორული სანქციებით ევროპელებმა და ამერიკელებმა (რუსეთს) კონკრეტული საფასური უნდა დაუწესონ. დასავლეთმა უფრო მტკიცე გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს. ასე ვთვლიდი მალაიზიური თვითმფრინავის ჩამოგდებამდე და ახლა, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მჯერა ამის“ - აღნიშნავს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე.

ამერიკელი კანონმდებლების დიდ ნაწილს არ სჯერა, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები რუსეთს იმ სანქციებს დაუწესებენ, რომელთაც მათივე ქვეყნების ეკონომიკისთვის ზიანის მიყენება შეუძლია. რესპუბლიკელი სენატორის ჯონ მაკკეინის აზრით, ევროკავშირის სანქციები სუსტი იქნება მანამ, სანამ მისი წევრი ქვეყნები რუსეთის ენერგორესურსებზე არიან დამოკიდებული. „ევროპელები არაფრის გაკეთებას არ აპირებენ. თუ ვინმეს ამის სჯერა, არიზონაში მათთვის ოკეანის სანაპიროზე აგარაკი მაქვს“ - განაცხადა მაკკეინმა. მის მშობლიურ შტატს, არიზონას ყველა მხრიდან ხმელეთი აკრავს.

შეერთებულმა შტატებმა რუსეთს სანქციები ბოლოს გასულ კვირას დაუწესა. 16 ივლისს გაკეთებულ საგანგებო მოხსენებაში პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ახალი სანქციებით მიზანში ამოიღო რუსეთის მსხვილი ბანკები, ენერგოსექტორი და სამხედრო-სამრეწველო კომპანიები. სენატორ ქრის მერფის თქმით, პრეზიდენტ ობამას სრული უფლებამოსილება და კანონმდებლებისგანაც "კარტ ბლანში" აქვს იმისთვის, რათა მიიღოს გადაწყვეტილება ახალი, კიდევ უფრო მკაცრი სანქციების დაწესების შესახებ.

XS
SM
MD
LG